რეზონანსი
16.08.2022

საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, „ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ამავდროულად, „ენგურჰესს" საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან" და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს.

გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია „ენგურჰესის" პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ამჟამად პროექტს „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია" ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია „ენგური ატრაქცია" ახორციელებს.

„ენგური ატრაქციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს „ენგურჰესზე" უმასპინძლა აცხადებს, რომ,,ენგურჰესს", როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს პოპულარიზაცია სჭირდება და პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა „ენგურჰესზე", კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ „ენგურჰესის" იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის.

ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხორციელდება დიდი პროექტი, რომელსაც თავისი ეტაპები გააჩნია და დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის კაშხალი, წელს უკვე ვიზიტორებისათვის გაიხსნა და მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი გვყავდა", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

„ენგურჰესს" საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და მრჩევლებთან ერთად სტუმრობდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ და კაშხლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონი ჭანიამ უმასპინძლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×