რეზონანსი
16.08.2022

ამერიკის საელჩოს მიზანია ქართულ მართლმსაჯულებაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" მათგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს და ეს გასაკვირი არ არის.

რაც შეეხება ოპოზიციას, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ არც ოპოზიციის შეფასებაა გასაკვირი, რომ თითქოს მათი განცხადებები არის თავდასხმა, რადგან ოპოზიციას განცხადებებში აღნიშნული ფაქტების საპირწონე არგუმენტები არ აქვს.

„ის, რომ „ქართულ ოცნებას" შესაძლოა, ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, გასაკვირი არ არის. ჩვენ ამიტომ დავტოვეთ "ქართული ოცნება", რომ გვქონოდა იმის საშუალება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, ის, რაც ხდება სამწუხაროდ კულისებში და მე მგონი, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე კულისებშიც აღარ ხდება. პრაქტიკულად საჯაროდ ხდება იმის დემონსტრირება, რომ რეალურად საელჩოს სურს, რომ ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე. საელჩო იუსტიციის საბჭოს იგნორირებით ახდენს ვიზიტებს სასამართლოში, მოსამართლეებთან ერთად დადის რეგიონებში მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის საქმის კურსში. სამწუხაროდ, რაც ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობებით ხდებოდა ჩვენი დახმარება მათ შორის, მართლმსაჯულებაში, მხოლოდ უანგაროდ ხდებოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ დაეხმაროს წარმატებული ქვეყანა საქართველოს, რომ განვითარდეს და მართლმსაჯულება განვითარდეს და მხოლოდ ამ მიზნით ხდებოდა, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ელჩისგან მოვისმინეთ სიტყვები, რომ - რატომ გიკვირთ, რომ დავიბარეთ მოსამართლე, რატომ გიკვირთ, რომ პარლამენტს ვავალდებულებთ, რომ რაღაც კანონები მიიღოს, მაშინ, როდესაც ჩვენ გეხმარებით, ანუ ჩვენ ვიხდით და რატომ გიკვირთ, რომ თამაშის წესებს ჩვენ დავაწესებთ?!

არ არის გასაკვირი, რომ ერთადერთი სიტყვა გესმით რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ეს არის თავდასხმა, რადგან ვერც წინა წერილში გამოქვეყნებულ ფაქტებთან და ვერც დღევანდელ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ისინი საპირწონე არგუმენტებს ვერ ამბობენ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×