რეზონანსი
16.08.2022

დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი.

მისივე თქმით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

უფლებადამცველი სასამართლო პროცესზე, დედის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

"სავსებით შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი. გასაგებია, რომ ბრალდება არის ყველაზე მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი სიმძიმის ბრალდება არ არის, მაგრამ ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს ის გარემოება, რომ ბრალდებული თავისი ფეხით, ნებაყოფლობით გამოცხადდა გარდაბნის პოლიციაში და ჩაბარდა. ერთის მხრივ, ეს გარკვეულწილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებული ჩადენილს აღიარებს, მაგრამ მეორეს მხრივ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნებაყოფლობით გამოცხადებით ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა საფრთხეს, მისი თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში მიმალვის თაობაზე," - განაცხადა ზაზა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ბრალდებულს კომპლექსური ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, საქმეში ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ დევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×