რეზონანსი
26.07.2022

სავსებით ადეკვატური იყო კობახიძის პასუხი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ რეპლიკებს გამოეხმაურა.

ოხანაშვილი განმარტავს, რომ კობახიძესთან მიმართებით პასუხის მოსმენის ობიექტური ინტერესი არ არსებობდა და არც ისეთი შეკითხვა დასმულა, რომელზეც ვინმეს პასუხი აინტერესებდა.

"იქ შეკითხვა არ დასმულა კლასიკური გაგებით ჟურნალისტის მიერ და კლასიკური გაგებით დამოუკიდებელი თუნდაც, კრიტიკული მედიასაშუალების მიმართ. ეს იყო პარტიული ხაზით დასმული შეკითხვა, არა შეკითხვა, არამედ უკვე წინასწარ ცნობილი პოზიცია, ეს იყო რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის მიერ დასმული შეკითხვა, პარტიულ ინტერესში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასწარ დაგეგმილი სქემით გაჟღერებული, რაზეც პასუხი არავის აინტერესებდა. ადეკვატური იყო სავსებით პასუხი და შესაბამისად, როცა ამ ტონალობაში, ასე უმძიმესი შეურაცხყოფით გესაუბრებიან , რასაც სავსებით სწორი შეფასება მოჰყვა ფაქტებზე დაყრდნობით,”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილს ასევე ჰკითხეს რატომ აქვს პერმანენტული ხასიათი ჟურნალისტების შეურაცხყოფას, რაზეც "ფორმულას" ჟურნალისტმა მას კონკრეტული შემთხვევა გაახსენა, როცა ოხანაშვილმა მის ჩასაწერად კორტების ტერიტორიაზე მისულს უზრდელი უწოდა.

ამასთან დაკავშირებით, ოხანაშვილის პასუხია, რომ უზრდელი "მას შემდეგ უწოდა, რაც ეს დაიმსახურა" და ჟურნალისტი "კორტებზე შეიჭრა", ხოლო რესპონდენტის ჩაწერაზე წინასწარ შეთანხმებული არ იყო.

"იმედია, არაფერია დასაძრახი, რომ როცა გაქვს საშუალება ერთი საათი გამოიყენო, საკუთარი სახსრებით სპორტული აქტივობის უფლება მგონი მაქვს, თქვენ ის კი არ გაინტერესებდათ შეკითხვა დაგესვათ, გინდოდათ სიუჟეტი გაკეთებინათ - ნახეთ, "ქართული ოცნების" დეპუტატი ჩოგბურთს როგორ თამაშობს. თქვენ არ წარმოადგენთ ობიექტურ ჟურნალისტიკას. განგიმარტეთ როცა ოპერატორით თავზე დამადექით ... უზრდელი მას შემდგომ გიწოდეთ, რაც დაიმსახურეთ. გითხარით, რომ კომენტარს გავაკეთებდი პარლამენტში, 2 საათში ამოვედი, დავდექი კომენტარზე. თქვენი ინტერესი არ არის შეკითხვის მართლაც შეკითხვისთვის დასმა და პასუხის მოსმენა, ამის კულტურა როგორც ჟურნალისტს არ გაგაჩნიათ. თქვენ შემოიჭერით კორტებზე ჩართული კამერით, არაფერი ნებართვა არ აგიღიათ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×