რეზონანსი
26.07.2022

თბილისის მერი კახა კალაძე, მედიასთან საუბრისას, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

კახა კალაძის შეფასებით, დროა მედიამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და პიროვნული შეურაცხყოფის ნაცვლად, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რაც გინდა მიუღებელი იყოს მისთვის, პატივისცემით მოეკიდოს.

„ვგმობ დამოკიდებულებას, რასაც ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის ნაბიჯებს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ხარ ჟურნალისტი და რესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებ, რაც გინდა არ მოგწონდეს ის, ეს არ არის მისაღები, არ არის სწორი და ძალიან ცუდია.

ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა პირველ რიგში. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემა და სიყვარული. დროა, ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს, რადგან არავისთვის არ არის მისასალმებელი ოჯახის შეურაცხყოფა. თუ ფიქრობთ იმას, რომ მედიამ შეურაცხყოფა გვაყენოს და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?“ -განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×