რეზონანსი
26.07.2022

"ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელს" და დანარჩენ პარტიებს პარლამენტში სხვადასხვა მიზანი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ფაქტებზე, არგუმენტებზე დაფუძნებული საგნობრივი დისკუსია, რომლის საფუძველზეც იქნება მოძებნილი გადაწყვეტის გზები. 

"ყველაზე მნიშვნელოვანია, დავუბრუნდეთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მუშაობს პარლამენტი. ეს გახლავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, სადაც სასამართლოსთან დაკავშირებით ორი მომენტია მნიშვნელოვანი. პირველი, რეკომენდაციაა, რომ ჯერ შემუშავებული იქნას სასამართლო რეფორმის სტრატეგია და შემდეგ ამ სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებულ იქნას შესაბამისი პროექტები და განხორციელდეს საკანონმდებლო რეფორმა. იცით, რომ ჩვენი გრაფიკის მიხედვით სტრატეგია შემუშავებული იქნება პირველ ოქტომბრამდე, ხოლო პირველ ნოემბრამდე შესაბამისი ცვლილებები დაინიცირდება. ჩვენ პროცესი ჯერ კიდევ თებერვალში დავიწყეთ, ამიტომ გარკვეულწილად წინ წასული იყო ეს საქმიანობა.

ამ სამუშაო ჯგუფში მოხვდა უკვე საპარლამენტო ჯგუფების მხრიდან საკუთარი წერილობითი ანალიზის, შეფასების წარმოდგენა. დღეს, ორ საათზე იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ამ მოსაზრებების გაცნობის შედეგად იქნება აზრთა გაცვლა, რაზე არის თანხმობა, რაზე არ არის თანხმობა და რა არგუმენტები არსებობს. ეს არის სწორედ პროცესი, რომელსაც ჩვენგან მოელის ევროკავშირი. ეს იქნება ფაქტებზე, არგუმენტებზე დაფუძნებული საგნობრივი დისკუსია, რომლის საფუძველზეც იქნება მოძებნილი გადაწყვეტის გზები.

თუკი ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარი თავისა და პროცესების მიმართ, ვნახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სამეულს, "ნაციონალურ მოძრაობას, "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს" და დანარჩენ პარტიებს პარლამენტში სხვადასხვა მიზანი გვაქვს. იმ ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიზანი, რომელიც ჩართულია საპარლამენტო პროცესში, არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" სამეულის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა.

ეს არის ფუნდამენტური სხვაობა მიზნებში და თუკი საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობის" სამეულის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ყველანაირად ხდება პროცესის ტორპედირება, რათა რამენაირად შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოში არის უთანხმოება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ამით საბოლოო ჯამში, დააზიანონ კანდიდატობის პერსპექტივა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×