რეზონანსი
22.07.2022

ხომ შეიძლება რაციონალური აზროვნება მოვიხმოთ, თუ არ იქნება უმრავლესობასთან ერთად ჩართულობა და მუშაობა, რა მნიშვნელობა აქვს, შენ ცალკე სადღაც რას ილაპარაკებ - რევოლუციურ სცენარს ვერ ელევიან , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე პარალელური პროცესი დაიწყოს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატები შექმნას.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს საშუალებას არ აძლევენ მათ მიერ შექმნილ სამუშაო ფორმატებში ჩაერთონ, რადგან ეს "რევოლუციური სცენარის დასამარებას ნიშნავს."

"პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას, რომ ამ ფორმატში მუშაობაში უნდა ჩაერთონ, სხვანაირად გადაწყვეტილება არ მიიღება. ხომ შეიძლება რაციონალური აზროვნება მოვიხმოთ, ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა გავიდეს პარლამენტში, სესიაზე. თუ არ იქნება უმრავლესობასთან ერთად ჩართულობა და მუშაობა, რა მნიშვნელობა აქვს, შენ ცალკე სადღაც რას ილაპარაკებ, როცა კავშირი არ აქვს ამას ამ პროცესთან, ეს მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა დაჟინებით ოპოზიციას. წინასწარ არის ჩემთვის ცნობილი, რომ ოპოზიციის, მათ შორის, რადიკალური ნაწილის ნაწილში არის სურვილი იმისა, რომ ამ მუშაობაში ჩაერთონ, ვისთვისაც კარგად არის ცნობილი, შედეგი როგორ დგება, მაგრამ არიან გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, რომლებიც ამას არ დაუშვებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესში ჩაერთოს, რაც მოხდა შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც - არ მოაწერინეს "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი, რადგან ყველა ასეთი პროცესი ნიშნავს იმას, რომ რევოლუციური სცენარი უნდა დასამარდეს და ვერ ელევიან ამ რევოლუციურ სცენარს. ევროკავშირის თემაც სპეკულაციურად აქვთ გამოყენებულო სხვადასხვა დროს რევოლუციური სცენარების შესაქმნელად, არ გამოუვიდათ, მაგრამ ვერც ელევიან. "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, ვისაც ევროპარლამენტის მოწოდებამდეც და მის შემდეგაც, ვფიქრობ, ეს აზრი ჰქონდა - ხომ არ ვიმსჯელოთ ამ ფორმატში მუშაობაზეც, ამიტომ ვამბობ, არის მეორე ნაწილი, უფრო მეტად ძლიერი, გადაწყვეტილების მიმღები, ვინც კატეგორიულად უკრძალავს მათ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×