რეზონანსი
22.07.2022

საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება" „რუსეთს უფრთხილდება".

იონათამიშვილის თქმით, პრეზიდენტის შეფასებები საკითხზე უსაფუძვლოა.

„ძალიან უხერხულია, როცა იმ გუნდის მიმართ ასეთ შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთს მოუგო სასამართლო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასევე წარმატებას მივაღწიეთ ჰააგის სასამართლოში ანუ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ," - განაცხადა იონათამიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „უხერხულია, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია".

„გამოჩნდა, რომ ვერ ერკვევა ამ საკითხებში და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმ გაურკვეველი ქმედებების, რომელიც ამ მხრივ აქვს. ასევე მიუღებელია ჩვენი ელჩის რეპუტაციაზე ამ მხრივ საუბარი, რომელიც არის ძალიან პროფესიონალი, ძლიერი საქმის მცოდნე ადამიანი და ამ ქვეყნის პატრიოტი," - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება "ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ" და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა, გაეროში დავით ბაქრაძის კანდიდატურა კი მთავრობამ მას 15 ივლისს წარუდგინა. მისივე განმარტებით, ერთი ნაწილია კონსულტაციები, კონფიდენციალური ნაწილი, სადაც ხდება შეთანხმება და მეორე ნაწილია ოფიციალური წარდგენა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროცესი ბაქრაძეზე გაიჭედა. "ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×