რეზონანსი
21.07.2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში, 25 წლის ლ.ხ როგორც თვითმხილველები გვიყვებიან საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

როგორც მეზობელმა გვითხრა გარდაცვლილი პირველად ბიძამ ნახა.

„არ ვიცით რა მოხდა, საღამოს აგერ, „ბირჟაზე" იყო ბიჭებთან გამოსული, ერთობოდნენ, ხან დომინო ითამაშეს, ხან ნარდი. მშვიდად წავიდა, დაწვა დაიძინა. შემდეგ ბიძამ ნახა გარდაცვლილი, ატყდა ყვირილი და ერთ-ერთი ჩემი ბიჭიც შევიდა", - გვითხრა მეზობელმა.

როგორც სოფელ დიდი სმადის მოსახლეობა და გარდაცვლილის ახლობლები გვიყვებიან ლ.ხ წლების განმავლობაში საქართველოშიც და ასევე მის ფარგლებს გარეთაც მუშაობდა.

„უნიჭიერესი ბიჭი იყო, განათლებული, ჯერ კიდევ მე -10 კლასში „ეტალონის" გამარჯვებული გახდა. მერე „თავისუფალ უნივერსიტეტში" ჩააბარა. მეორე კურსიდან სამსახურიც დაიწყო. იყო უძლიერესი პროგრამისტი, ჯერ თბილისში, მერე დუბაიში მუშაობდა. დუბაიდან რამდენიმე თვეა რაც დაბრუნდა",- გვესაუბრებიან მეზობლები.

როგორც ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან" ჰყვებიან დაბრუნების სავარაუდო ვერსია გარდაცვლილის ცუდად ყოფნა იყო.

„როგორც ვიცით იქ ცუდად გამხდარა, მგონი კოვიდის მერე ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა სერიოზული და მარტში ჩამოიყვანეს",- გვითხრეს მათ.

თანასოფლელები ბევრს საუბრობენ გარდაცვლილის პროფესიონალიზმზე, მიღწევებზე.

„ისეთი ჭკვიანი იყო მსოფლიოს ათეულში იყო პროგრამების ამბებში. მუშაობდა დუბაიში ბოლოს, როგორც ვიცით აქ რამდენიმე ეტაპი გაიარა და გაიმარჯვა ამ პროგრამისტების ამბებში და გააგზავნეს დუბაიში როგორც ჯგუფის წამყვანი და იქ კიდევ ცალკე 150 კაცში გაიმარჯვა. მე არ ვიცი კონკრეტულად რას აკეთებდა გულჩათხრობილი ბიჭი იყო და არ ლაპარაკობდა სამსახურზე, დედამისმაც კი არ იცოდა სად მუშაობდა",- გვითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მათივე თქმით პოლიციამ ოჯახიდან გარდაცვლილის პირადი ტექნიკა წაიღო.

„პოლიცია, რომ მოვიდა სახლიდან წაიღო ტელეფონი და თავის კომპიუტერი. ალბათ ნახავენ ვინმე რამეს ხომ არ წერდა, ან ემუქრებოდა, არ ვიცით, ამ დროს ხომ ხვდებით ბევრი ვერსიებია",- აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

„არ გამიკვეთავს, წინააღმდეგი წავიდა გარდაცვლილის ახლობლები და გვამი არ გადმოაყვანინეს ექსპერტიზაში, მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერე. დათვალიერების შედეგად არ აღენიშნებოდა დაზიანებები, გარდა სტრანგულაციური ღარისა, მაგრამ როცა გვამი არ გამიკვეთავს ვერ ვიტყვი რომ ჩამოხრჩობილი იყო, ამას ასე ვერ დავადგენ",- ამბობს დავით მერაბიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: „sknews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×