რეზონანსი
08.07.2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისა, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტური მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. სოფო გორგოძე ამბობს, რომ გამოცდიდან 4 აბიტურიენტი მოხსნენ.

„სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები - ამ დრომდე გვაქვს სულ 19 დაგვიანება. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

ასევე გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთილია და ორივე დარეგისტრირებული.

ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს, თუმცა ის აბიტურიენტები, რომელთაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის განმავლობაში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს.

წელს დარეგისტრირებულია 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სხვა აპლიკანტებს - მასწავლებლობის მსურველებს, მასწავლებლებს, მაგისტრანტებს და ა.შ., ჯამში წელს 90 000 აპლიკანტი გვყავს", - განაცხადა გორგოძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ აბიტურიენტებზე, რომელთაც გამოცდის დღეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურათ.

„სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას მოვიწვევთ დამატებით სესიაზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ის ჯერ არ არის განსაზღვრული", - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×