რეზონანსი
08.07.2022

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, უმიო კიშიდამ გააკეთა.

კიშიდას განცხადებით, ის მთელი გულით ლოცულობს, რომ შინძო აბე გადარჩეს თავდასხმის შედეგად. მან უმკაცრესად დაგმო ყოფილ პრემიერზე თავდასხმა.

ფუმიო კიშიდას განცხადებით, მან მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ტოკიოში იხმო, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნების ვადებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიღებულა.

სიტყვით გამოსვლისას იაპონიის პრემიერმა მომხდარს „საზიზღარი აქტი“ უწოდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა.

„არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.

შინძო აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×