რეზონანსი
06.07.2022

რაც შეეხება ომისა და კანდიდატის სტატუსის კავშირს, ეს საკითხი პირდაპირ იყო აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც არა მისი, არამედ ევროკავშირის განცხადებაა.

„სწორედ ამის გამო შეგვიძლია გამოვიტანოთ ძალიან ლოგიკური დასკვნა - საქართველო რომ ყოფილიყო ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ეს არის მარტივი ლოგიკა.

ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ ითხოვს და ვინ არა ჩვენი ომში ჩართვას. შეგახსენებთ, რომ სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს. მეორე - ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას უკრაინაში, რაც ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას.

საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით - იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×