რეზონანსი
05.07.2022

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამეგრელოში მედდა დააკავეს. უწყების განცხადებით, ის მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა  იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირებს, რის სანაცვლოდაც თანხას იღებდა.

უკვე მხილებულია 15 მოქალაქე, რომლებმაც 300 ლარამდე გადაიხადეს აცრილთა ბაზაში მოხვედრის სანაცვლოდ.

"სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას.

დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", - წერია განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×