რეზონანსი
05.07.2022

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ვიწყებთ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისში იქმნება თანამედროვე საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მოემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. 2016 წელს ჩვენ დავიწყეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, 2018 წელს ამ ადგილას, სადაც მაშინ გაუვალი ჭაობი იყო, ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი მშენებლობა. 2020 წელს უნივერსიტეტმა უკვე მიიღო პირველი სტუდენტები, ხოლო დღეს ჩვენ ვიწყებთ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას.

ფონდი „ქართუ“ ასრულებს თავის დანაპირებს. უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში, ერთი მილიარდი ევრო, რის შესახებაც გაცხადდა რამდენიმე წლის წინ, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ხორციელდება. ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე ორი ამაჩქარებლით, აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებას გაუკეთებს არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ ჩვენს ქვეყანას და აიყვანს სხვა დონეზე როგორც მედიცინაში, ისე ფუნდამენტალურ მეცნიერებაში. გაიხსნება ახალი პერსპექტივები როგორც ქუთაისისთვის, ისე მთელი გარშემო რეგიონისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში და ყოველდღიური დაუღალავი შრომით ხორცს ასხამს უნივერსიტეტის იდეას. ჩვენ თვალწინ აქ, ქუთაისში იქმნება თანამედროვე საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მოემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს. ჩვენ თამამად ვიმეორებთ ყველგან ჩვენი უნივერსიტეტის დევიზს, ქუთაისი არის ადგილი, სადაც განათლება ქმნის მომავალს. ჩვენი პროექტი აფართოებს ჰორიზონტს, ჩვენი პროექტი ქმნის ახალ რეალობას და ცვლის მას. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ჩვენ სიამაყით ვეტყვით ჩვენს შვილებს, რომ ჩვენ ამ დიდი პროექტის ნაწილი ვიყავით“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×