რეზონანსი
05.07.2022

ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.

ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის.

ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში წარიმართება.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×