რეზონანსი
27.05.2022

ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე წარსული აქვს - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის მოუსმინეს.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ინტერპელაციის კითხვებიდან ერთ-ერთია თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

„ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი შეიძლება იყოს ერთი - თუ ქვეყნის შიგნით არ შეგვიშლიან ხელს, შიდა რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ეკონომიკის დაზიანებაზე მიმართულ პოლიტიკას დავაზღვევთ, ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ დავიცავთ ეკონომიკა ამ უდიდესი გამოწვევებისგანაც", - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოწვევები დიდია, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ფონზე.

„ამ რთულ დროს კი არ უნდა დაგვავიწყდეს - რუსეთი და უკრაინა ერთად ხორბლის 30% და მზესუმზირის 80%-ის ექსპორტიორებს წარმოადგენენ მსოფლიოში. ამასთან, რუსეთი სასუქის უდიდესი ექსპორტიორია. შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა ამ ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში მძიმე შედეგების პროგნოზის საფუძველს იძლევა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სოციალური მხარდაჭერის პროგრამების აუცილებლობაზე, ქვეყნების მიხედვით სასუქების მიწოდების საჭიროებების განსაზღვრაზე, ალტერნატიული ბაზრების მოძიებასა და მსოფლიო ვაჭრობის ღიაობის შენარჩუნებაზე განუწყვეტლივ საუბრობს. ამ გლობალური პროცესების ნაწილი ჩვენც ვართ და, ერთი მხრივ, სურსათის უსაფრთხოება, შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა, ფასების ზრდის შეჩერება, სწორედ რომ ჩვენი დარგობრივი სამინისტროების ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილია", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, სასურსათო საფრთხეების გადაზღვევის მიზნით, სამინისტროები და შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ იშურებენ, ამასთანავე მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება, რომ გამშვებ პუნქტებზე სანქცირებული ტვირთები არ მოხდეს.

დეპუტატის თქმით ამ ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია ხორბლის საკითხი, რომლის გადასაჭრელად ხორბლის პროგრამაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში ამ სტრატეგიული პროდუქტის წარმოების ზრდას ხელს შეუწყობს.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ გამოწვევის პარალელურად არანაკლებ დიდ გამოწვევას შიდა წინაღობები წარმოადგენს.

„მაგალითად, ხორბალთან დაკავშირებული საკითხის არასწორად წარმოჩენა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებული იყო პანიკის შესაქმნელად, რადგან ხორბლის შემოტანაზე გაკეთებული განცხადება პრესაში პურის დეფიციტის შექმნის სათაურებით მყისიერად გაჩნდა და ეს მაშინ, როცა სექტორიც და სამინისტროც მკაფიო განმარტებებს აკეთებდა. ამის მიუხედავად კი, მედია მაინც ამ ხაზს მიყვებოდა და, ფაქტობრივად, ამ გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. იყო მომხმარებელში პანიკის დათესვის მცდელობა.

განუწყვეტელი პოლიტიკური რყევების ორგანიზება, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ოკუპანტის მხარდაჭერის ძახილი, არარსებული „შავი ხვრელების" თემატიკა, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრებაზე კითხვის ნიშნების დასმა და სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება საკუთარი ქვეყნის მიმართ - დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკას აზიანებს.

ხელისუფლება კი დღეს, როგორც არასდროს, ბიზნესის დაცვაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული. ვალუტის კურსის სტაბილურობა, ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი და სტაბილურობასთან დაკავშირებით ბიზნეს მოლოდინები, ქვეყნის ომის რისკებისგან დაზღვევა და სხვა ნაბიჯები ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ეკონომიკა, ჩვენი ხალხი და, ზოგადად, ქვეყანა დავიცვათ ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×