
როგორც ვიცით საქართველოში „ომიკრონის" შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ „ქრონიკას" ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ახალი შტამი „ომიკრონი" ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება
„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მკურნალობის მიდგომასთან მიმართებაში არ გვაქვს. რაც გვაქვს მონაცემები ამ ახლა შტამზე ეს არის, რომ ის განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება. ასევე ვიცით, რომ მისი გავრცელება ძირითადად აუცრელ ადამიანებშია", - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი" არ დაფიქსირებულა.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.