რეზონანსი
21.10.2021

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას დედა, მონაზონი ნატო შენგელია შიმშილობის დაწყებას აპირებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბექა ლატარია მკვლელი არ არის და ის ვერავის მოკლავდა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული შატალოვას არ იცნობდა.

„ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ეს რომ გავიგე, იმ წუთას მოვკვდი, ეს დაუჯერებელია ჩემთვის. ის მკვლელი არ არის, ის ვერავის მოკლავდა. რატომ მიაკერეს ეს, რატომ გამიკეთეს, არ ვიცი. სხვა რამ რომ ეთქვათ ყველაფერს დავიჯერებ, გარდა ამ მკვლელობისა",- აღნიშნავს ნატო შენგელია და დასძენს, რომ შვილთან დიდი ხანია, რაც კავშირი არ ჰქონია.

მისივე ინფორმაციით, მისი შვილი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

„რაც არის ვერ დავმალავ, პრობლემური პატიმარი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ამ მკვლელობას ვერავინ დამარწმუნებს, პატარა გამოძიებული საქმით ვერ დავრწმუნდები, ნამდვილად არ გამოვჩნდებოდი მის დასაცავად. ჩემ შვილს მე ხომ ვიცნობ, იმას ჩემი გული აქვს, როგორც მე ვერავის ვერ მოვკლავ, ისე ვერავის მოკლავდა ", - აღნიშნავს შენგელია.

ბექა ლატარიას დედის თქმით, მის შვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკიც არ ექნებოდა, მოხმარებაზე კი მას ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ ვცხოვრობდი მასთან. ის ჩემთან რომ ცხოვრობდა ნარკოტიკს არ ღებულობდა. ამის შემდგომ რა მოხდა, როგორ დაგიდასტუროთ", - აღნიშნავს ის.

ამასთან, ნატა შენგელია განმარტავს, მისი შვილი ფულის გამო ვერავის მოკლავდა.

კითხვაზე, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ და რატომ აბრალებენ მის შვილს დანაშაულს, შენგელიამ ასე უპასუხა: „შეიძლება საქმის გახსნასთან დაკავშირებით დააბრალეს".

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი„

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×