სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უახლოეს მომავალში ფასების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის"
    ქეთი თოდუა
    26.09.2009

    ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში, საცხოვრებელ ბინებზე ფასები ინტენსიურად მცირდებოდა. უცხოელი ექსპერტების გათვლებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში უძრავი ქონება ყველაზე მეტად ლატვიის, უკრაინისა და საქართველოს დედაქალაქებში გაიაფდა. ეს მონაცემები უცხოურმა კვლევითმა ცენტრმა გაავრცელა.
    რიგაში ბინებზე ფასები, დაახლოებით, 53%-ით შემცირდა. კიევში კი ამ მაჩვენებლემა 39% შეადგინა. ცენტრის ანალიტიკოსების თქმით, ამ ქვეყნებში ბინების ფასების ცვლილების ტენდენცია მხოლოდ გლობალური კრიზისით არ არის გამოწვეული. საცხოვრებელი ფართების გაიაფებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებიც განაპირობებდა.
    სპეციალისტების შეფასებით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე ფასის კლება რუსეთ-საქართვერლოს ომმა და რუსეთის ეკონომიკურმა ბლოკადამაც გამოიწვია. უკრაინაში კი ბინებზე ფასების დაწევაში დიდი როლი ქვეყნის ეკონომკურ არასტაბილურობას მიუძღვის.
    პოსტსაბჭოთა სივრცეში ბინებზე ფასები ყველაზე ნაკლებად ყირგიზეთის, სომხეთის და მოლდოვას დედაქალაქებში შემცირდა. გაიფების მაჩვენებელმა ამ ქვეყნებში 16-დან 21 პროცენტამდე შეადგინა. ექსპერტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ აღნიშნულ ბაზრებზე კრიზისამდე ფასები ხელოვნურად გაბერილი არ იყო.
    ბოლო წლების განმავლობაში თბილისში, საცხოვრებელ ბინებზე ფასი მართლაც, ხშირად იცვლებოდა. გაიაფებამდე კი უძრავი ქონება კატასტროფულად გაძვირდა. ამ პროცესის მიმდინარეობას ექსპერტები ხელოვნურად აფასებდნენ.
    რამდენიმე წლის წინ, როდესაც თბილისში მასიურად დაიწყო მშენებლობები, ბინების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ იმდროისთვის ბანკი იპოთეკურ სესხებს ადვილად გასცემდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბანკმა სესხების გაცემა შეაჩერა, ბინებმა გაიაფება დაიწყო.
    ექსპერტების შეფასებით, იპოთეკური კრედიტებით ბანკები საკმაოდ სერიოზულად ზარალდებოდნენ. კრედიტს საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებდა, ბანკისთვის კი ფულის დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
    უკვე, კარგა ხანია, თბილისში ბინების ფასები ერთ ადგილას გაიყინა. მათი ღირებულება არც იმატებს და არც იკლებს. უახლოეს მომავალში, ექსპერტთა ნაწილი, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრ ზრდას არ ელოდება. მათი განცხადებით, ფასები ჯერ-ჯერობით ერთ დონეზე შენარჩუნდება.
    უძრავი ქონების ექსპერტის, გიორგი ბარვენაშვილის განცხადებით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასების კლების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.
    "2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, თბილისში, ბინებზე ფასები ვერ გეტყვით, რომ 42%-ით, მაგრამ, დაახლოებით, 30-32%-ით გაიაფდა. ამ მონაცემებში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ თბილისზე. ბათუმში მშენებლობა არ გაჩერებულა, ყოველთვის ერთი და იმავე ტემპით მიმდინარეობდა და ფასებიც არ შემცირებულა. თბილისში, ამ ეტაპზე, ფასების კლების ტენდენცია აღარ არის. ბინების ფასებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს მერიის ახალი პროექტიც. ორი დღის წინ დასრულდა მერიის პროექტში - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება. რამდენიმე ბანკმა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ბანკები ძველი თბილისის მოსახლეობას იმ კორპუსებში გადაიყვანს, რომელთა მშენებლობა შეჩერებულია. ამ კორპუსების მშენებლობას კი ბანკები დაასრულებენ", - ამბობს ბარვენაშვილი.
    იგი ფასების ზრდას უახლოეს მომავალში არ ვარაუდობს. "უახლოეს მომავალში ფასების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც კლებადობას უნდა ველოდეთ. რამდენიმე წლის წინ იყო პრეცენდენტი, როცა ნახევარ ფასში იყიდებოდა ბინები. თბილისში ეს პერიოდი დამთავრდა. თუმცა, მაშინ მოსახლეობაც ერიდებოდა ბინების გაყიდვას და ფასების აწევას ელოდებოდა," - აღნიშნა ექსპერტმა "რეზონანსთან" საუბარში.
    ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი ბინებზე ფასების ზრდის ტენდენციაზე საუბრობს. მისი განცხადებით, უახლოეს რამდენიმე თვეში თბილისში საცხოვრებელ ფართებზე ფასების 20%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ანალიტიკური ცენტრის ფტფდშეშსთ-ის მონაცემებს ფალავანდიშვილიც არ ეთანხმება.
    "2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები, დაახლოებით, 30%-ით შემცირდა. ზოგიერთ ადგილას შეიძლება ცვლილება 42%-იანიც იყო, მაგრამ არა მთელ თბილისში. თუმცა, ბინებზე ბოლო ხნის ტენდენციის მიხედვით, ფასები ნელ-ნელა იზრდება. აგვისტოდან სექტემბრამდე ფასები უკვე 5%-ით გაიზარდა. ყოველთვიურად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები. ჩემი ვარაუდით, უახლოეს 2-3 თვეში ბინები 20%-ით გაძვირდება. ამის თქმის საფუძველს სხვადასხვა ფაქტორი მაძლევს: ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობაა, საკმაოდ მაღალია ბინებზე მოთხოვნა, მნიშვნელოვანია მერიის ინიციატივაც, გარდა ამისა, მოსახლეობას უკვე აქვს საშუალება ბანკებიდან სესხი გამოიტანოს", - ამბობს ფალავანდიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter