
მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შეფერხებული იყო კახეთის რეგიონშიც. მოქალაქე დავით მოსიაშვილი თელავიდან თბილისში მგზავრობდა და ის საპატრულო პოლიციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
"ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ასე საშინლად არასდროს მიმგზავრია, დაახლოვებით 3.5 საათი ვიყავი გზაში, დაძაბულობისგან 5 კგ-ც დავიკელი - მჭირდებოდა. თოვლი, ნისლი, ყინული, პიკი იყო საგარეჯოსთან შემოსავლელ გზაზე, ისიც კი გამეფიქრა რომ დავმთავრდი. აღმართზე მანქანები აქეთ იქეთ სრიალებდნენ. ზოგი იქეთ, ზოგიც აქეთ - ნუ მძღოლს ამას არავინ ეკითხებოდა, იდგა კოლონა, იძულებით გავჩერდი მეც და დაძვრისას ორი სრული "კრუგიც" გავაკეთე ღერძულა ხაზზე , სრიალ-სრიალით .
ამდენ მანქანებს ორი ეკიპაჟი პატრული გვპატრონობდა, არ ვიცი რომელი განყოფილების ბიჭები იყვნენ, მაგრამ მათმა მოქმედებამ გულიც კი ამიჩუყა. საშინელ ამინდში მანქანიდან გადმოსულები ისე ზრუნავდნენ თითოეულ ავტომობილზე: მძღოლებს აძლევდნენ რჩევებს, ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ხელის მიწოლით ეხმარებოდნენ... სულ 4 ადამიანი და უამრავი მოცურებული მანქანა...
ჩამოთვლითაგან არც ერთი არ მგონია მათი სამსახურეობრივი მოვალეობა. ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი მაქსიმალურად გააქტიურებული იყო გამეფიქრა, რამხელა შეცდომაა ხოლმე ერთი არასწორის გამო, მთელი მუნდირის ლანძღვა-გინება. არ ვიცი ვინ იყვნენ მაგრამ ჩემგან უდიდესი მადლობა ამ ოთხეულს", - წერს მოსიაშვილი.