რეზონანსი
24.01.2021

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქის მოსაყდრემ სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხშირად, არასწორად და ბოლომდე არ გვესმის, რა არის სინანული. გვგონია ხოლმე, რომ სინანული არის ჩვენი წუხილი ჩვენი წარსული ცოდვების გამო, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამ ცოდვებს, როდესაც ღმერთს ვევედრებით პატიებას. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სინანული. რა თქმა უნდა, ესეც სინანულის ნაწილია, მაგრამ, სახარებისეული გაგებით, ეს სრულყოფილი სინანული არ არის, ეს მხოლოდ ერთი ნაწილი, ერთი მხარეა სინანულისა. ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ, მუდმივი მოქცევა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოძრაობა ღმერთისკენ და არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების დაფიქსირება. მსგავსად იმისა, როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი და დიაგნოზს იღებს. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ მკურნალობა თუ არ დაიწყო, ეს დიაგნოზი ამაოდ, უშედეგოდ რჩება. ასევეა აქაც, მკურნალობის დაწყება არის სინანული. სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას, სრულ გადატრიალებას, შემობრუნებას ადამიანის ცხოვრებისა. აი, ასეთი რამ არის სინანული - როდესაც ვხვდებით, რომ ვცხოვრობდით უღმერთოდ ან შორს ვიყავით ღვთისგან, როდესაც ადამიანი სიმართლეს ხედავს საკუთარი თავის შესახებ, აცნობიერებს, რომ ერთადერთი გამოსავალი - ეს არის ღმერთი, ღმერთთან დაბრუნება და მისი მცნებების აღსრულება, როგორც ეს მოთხრობილია უძღები შვილის იგავში. გახსოვთ, უძღებმა შვილმა არა მხოლოდ შეინანა თავისი ცოდვები, არამედ ადგა, დაანება თავი ძველ ცოდვილ ცხოვრებას და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნება. მართლაც, ადგა და წავიდა მამასთან, მაგრამ რა უთხრა მამას მან: „მე უღირსი ვარ, რომ შენი შვილი მეწოდოს“. ესეც აუცილებელია, აუცილებელია შეგრძნება ამ უღირსებისა. მაშასადამე, მოკლედ რომ ვთქვათ, აი, ეს არის სინანული. ეს სინანული ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ რწმენა მიიღოს, მორწმუნე გახდეს; ასევე იმისთვის, რომ ეს რწმენა შეინარჩუნოს, ამ რწმენაში წარემატოს და სასუფეველი დაიმკვიდროს. ამისთვის სჭირდება. ანუ, ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება“ - აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )