რეზონანსი
27.10.2020

ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა დაცვის მხარეს საქმეში არსებულ სხვადასხვა უწყებებიდან ამოღებულ კარტოგრაფიულ მასალას არ აძლევს. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებით, პროკურატურა არღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და დაცვის მხარის უფლებას.

,,დღეს განხორციელდა მორიგი ვიზიტი ივერი მელაშვილთან. ეს არის მიმდინარე პროცესი, რა დროსაც მას საქმის ახალ დოკუმენტებს ვაცნობთ. ძირითადი მასალა უკვე დამუშავებული აქვს ივერი მელაშვილს და მოსაზრებები გაგვიზიარა. საქართველოს გენერალური პროკურატურა დაცვის მხარეს და ივერი მელაშვილს არ გვაძლევს პროკურატურაში შენახულ და სხვადასხვა უწყებებიდან ამოღებულ კარტოგრაფიულ მასალას. ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბრალდებულს აქვს უფლება უშუალოდ იყოს ჩართული მტკიცებულებების გაანალიზებაში. ამიტომ, პროკურატურა არღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და დაცვის უფლებას", - აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ივერი მელაშვილი ამ საქმეს აღიქვამს როგორც პოლიტიკური შინაარსის საქმეს.

,,რუკები საქმეში არის, თუმცა არც ჩვეულებრივი ქსეროასლები და არც ფერადი ვერსიები ამ რუკების ჩვენ არ გადმოგვცემია, ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას განცხადებით და შევეცადეთ ეს რუკები კონსტრუქციულად მოგვეპოვებინა, თუმცა ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მან შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც ასე არ არის. ეს შემდგომ სასამართლო სხდომებზეც გახდება დავის საკითხი. ივერი მელაშვილი ამ საქმეს აღიქვამს როგორც პოლიტიკური შინაარსის საქმეს, რაც უფრო მეტად ვეცნობით მას და ვაანალიზებთ, ვხვდებით რა აბსურდთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი საქმიანობისთვის წარმოუდგენილი იქნებოდა ვინმესთვის ბრალის წარდგენა", - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×