რეზონანსი
18.09.2020

„ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ქუთაისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„ყველაზე აუცილებელი სასიკეთო პირობები ბავშვებისთვის უნდა შევქმნათ, ამას ვაკეთებთ ბაღიდან დაწყებული, სკოლით გაგრძელებული. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლების პენსიის გაზრდა-არგაზრდა ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო. ჩვენ ბოლოსდაბოლოს შევძელით, რომ განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხანდაზმულებს აძლევს გარანტიას, რომ მათ პენსია ყოველწლიურად გაიზრდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მასწავლებლები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ექიმები, ეს ის საბაზისო ინფრასტრუქტურაა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება, ემსახურება თავის მოქალაქეებს და ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის გვერდით ვედექით და დავუდგებით. ეს გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც. ყველას გვესმის, რომ სახელმწიფოს აქვს შეზღუდული რესურსები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო, რომ შეგვეძლოს ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც გვინდა. როდესაც გაქვს უაღრესად მძიმე არჩევანი, სოციალურად დაეხმარო შენს მოქალაქეს პანდემიის დროს თუ ააშენო გზა, ან დაეხმარო გლეხს, გახდეს ფერმერი, ან - მევენახეს, მოიყვანოს ყურძენი და ა.შ, რა თქმა უნდა ეს არის რთული არჩევანი და ეს ის არჩევანია, რომელსაც ყველანი ერთად ვაკეთებთ, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, თითოეული გეგმა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - ჩვენ საბოლოოდ უნდა გავხდეთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ვუპასუხებთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ამ მიზანს, მივაკაკუნებთ და შევაბიჯებთ იმ დიდ ევროპულ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ისტორიულად. არა ცალკეული პარტიის ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, სამართლიან ბრძოლაშიც და მინდა, თითოეულ თქვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქუთაისელს, გამარჯვება გისურვოთ, გამარჯვება არა თითოეული ჩვენგანის, არამედ ქვეყნის გამო. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×