როგორ მოხვდა რუსეთში იმერეთის პატრიარქის შესამოსელი, რომელიც კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული
ია აბულაშვილი
06.07.2020

 პირველი ცნობა საქართველოდან ქართული განძისა და ხელნაწერების გატანის შესახებ გვხვდება იოანე ბატონიშვილის "ალმასობაში", საიდანაც ვიგებთ, რომ თემურ ლენგმა ორი ურემი ხელნაწერი გაიტანა საქართველოდან.

"მეისტორიენი და მოგზაურნი კაცნი იტყვიან და მსმენიეს მე თვით, რომელ ლანგთემურმა, რაიცა საღმრთო და სხვანი წერილნი წაიღო საქართველოდან თურქისტანსა შინა, გააკეთებინა ქვიტკირისა დიდი სახლი და რკინისა ფანჯრიანი და კარნი შეასხა, და მას შინა დასდო ყოველივე წერილნი და შიგნნი და დასდო წყევა, რომელ არავინ გაიღოს მუნიდგან იგი წერილნი და არც აწცა ისევ ისე დაკრძალული"- წერდა იოანე ბატონიშვილი თავის "კალმაშობაში".

შაჰ- აბასმა საქართველოში პირველი ლაშქრობის დროს 1616 წელს ეკლესია- მონასტერები ერთიანად ააოხრა და გაძარცვა. სპარსეთში გატანილი იქნა საეკლესიო განძი და უნიკალური ხელნაწერები, მათ შორის უძვირფასესი სახარებები, რომლებიც მდიდრულად იყო შემკობილი ძვირფასი თვლებით, მოჭედილი ოქროსა და ვერცხლის ფურცლებით.

მეფის რუსეთის რეჟიმის დროს კი საქართველოს ეკლესია- მონასტრების გაძარცვამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი თედო ჟდორდანია წერდა, რომ 1882 წელს მცხეთაში გაუგზავნიათ ნამესტნიკის ბრძანებით რუსი ოფიცრები და ორ ურმით წაუღიათ უნიკალური ხატები, კვერთხები, თვალ-მარგალიტი და წიგნები.

"ეს ნივთები ახლა ყველა გამქრალია და არ მოიპოვება. თურმე რადეს გაუყიდია. საბინინს უნახავს ბრილიანტის ჯვარი ქართული წარწერით ლაიპციგის მუზეუმში. მიუნხენში, პარიზსა და ვენის მუზეუმებშიც ბევრი ნივთი უნახავს, რაც თბილისის მუზეუმში ყოფილა წინათ შენახული. ქართული წიგნები უმეტესად გაყიდულია შვეიცარიაში, ინგლისში, ლონდონში და პარიზში. პარიზის სამეფო მუზეუმში უნახავს ნიქოზის ეკლესიის კუთვნილი ოქროთი ნაწერი ძველი წირვა წმინდის იაკობის"- წერდა თედო ჟორდანია 1884 წელს.

რუსი მეცნიერი ნიკოლოზ დურნოვი კი თავის ცნობილ ნაშრომში "ქართული ეკლესიის ბედი" აღწერს როგორ მიზანმიმართულად იძარცვებოდა ქართული ეკლესია- მონასტრები რუსი ეგზარქოსების ხელში.

"1818 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. ამას ემატება ქართული ეკლესია მონასტრების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონ მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება. გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა, მათ შორის იყო ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანაქრით გაწყობილი მე-11 საუკუნის უძვირფასესი სახარება, რომელიც გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა ეგზარქოს ევსევის ნებართვით. ოქროს მოჭედილობა ინახება პეტერბურგში სტროგანოვის მუზეუმში, სადაც გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები ოქროთი მოჭედილ სახარებაში ასი ათას ფუნტ სტერლინგს იძლეოდნენ.

გატანილია ოქრომკერდით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისგან შეკერილი იმერეთის პატრიარქის შესამოსელი. ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული, მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადინეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად...

ზუსტად ასე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა, ოქროს ჯვრები, ოქროს ჭურჭელი და სხვა განძეულობა მცხეთის, ალავერდის, ბოდბის ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მოჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შეიმოქმედის და სხვა მონასტრებიდან" - წერდა ნიკოლოზ დურნოვი თავის ნაშრომში "ქართული ეკლესიის ბედი".

ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა შალვა ამირანაშვილმა მოსკოვში, ცნობილი რუსი კოლექციონერის ბოტკინის კოლექციაში, რომელიც მას ბოლშევიკებმა 1917 წელს ჩამოართვეს, მიაგნო ქართული მინანქრის ბრწყინვალე ნიმუშებს, რომლებიც გატაცებული იყო საქართველოს ეკლესიებიდან. კოლექციაში აღმოჩნდა გელათიდან წაღებული ღვთისმშობლის ხატი მინანქრისა, რომელიც ამშვენებდა ხახულის კრედი ხატს. ასევე ჯუმათის და შემოქმედის ტაძრებიდან მინანქრის ხატები, ჯვრები და ხვა განძეულობა. შალვა ამრნაშავილმა ეს განძი საქართველოსში ჩამოიტანა და ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (06.07.2020)
Цаакитхет винмем ес квелафери набичвар Бондо Мдзинарашвилс.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )