ია აბულაშვილი
03.04.2020

ათონის მთაზე, რომელსაც ბერების რესპულიკასაც უწოდებენ, მდებარეობს 21 დიდი მონასტერი, 11 სავანე, 250 სენაკი, სადაც 8 ათასი ბერი მოღვაწეობს. ქართველები ათონზე 787 წელს მოვიდნენ კონსტანტინესა და ირინეს მეფობის დროს და ქართველთა სავანე ააშენეს.

ათონის ივერთა მონასტერი აგებულია 980-983 წლებში და სიდიდით მესამეა ათონის მთაზე. მისი კედლები მარმარილოთი არის ნაგები. კანკელი და საკურთხეველი მოოქროვილია. მოოქროვილია ასევე წინამძღვრის დასაჯდომი ადგილიც. სამონასტრო კომპლექსში შედის მიძინების, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძრები და 16 პატარა ეკლესია. ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთს არ ექვემდებარებოდა, იგი ქართველი მეფეების საკუთრება იყო და მათი შემოწირულობით არსებობდა. ათნის მთაზე არსებული უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც 13 ათას ხელნაწერს ინახავს, ერთ-ერთი გამორჩეული ივერიის მონასტრის წიგნსაცავია, სადაც უნიკალური ქართული ხელნაწერებია დაცული.

ათონის ივერთა მონასტრის აშენება დიდი ქართველი მხედართმთავრის, დავით მესამე კურაპალატის სარდალს, თორნიკე ერისთავის სახელს უკავშირდება, რომელიც ათონს მთაზე ბერად აღიკვეცა, ბერად აღკვეცის შემდეგ მას იოანე ეწოდა და ათანასე დიდის ლავრაში მოღვაწეობდა. მაგრამ საეკლესიო მოღვაწეობა დიდხანს არ დასცალდა. 979 წელს საბერძნეთის საიმპერატორო ოჯახმა შუამავლობა სთხოვა თორნიკე ერისთავს დავით კურაპალატთან, რათა იგი დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. დავით კურაპალატმა 12-ათასიანი ქართული ლაშქარი გამოაგზავნა ბიზანტიაში თორნიკე ერისთავის სარდლობით.

ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. იმპერატორმა დავით კურაპალატის სარდალს დიდძალი განძი უბოძა, მან კი მთელი ეს ქონება ათონზე წაიღო და ივერიის მონასტრის აშენებას მოახმარა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით 978 წელს გადაიწერა ოშკის ბიბლია და კირილე ალექსანდრიელის თხზულება "განძი". 980 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერის) წოდება უბოძა. ბერად აღკვეცილი ყოფილი სარდალი, 985 წელს გარდაიცვალა, მისი აბჯარი კი დღესაც ათონის მთაზე ივერთა მონასტერში ინახება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×