ია აბულაშვილი
04.03.2020

პალიასატომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქუთაისის მფარველად ითვლება, საუკუნეების წინ ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დავანებული. ლეგენდის თანახმად, ტაძრის წინამღძვარს ზეგარდმო ეუწყა, რომ შესულიყო ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აეღო და ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ქალაქი ჩაიძირებოდა.

მოძღვარმა სიზმარი არ ირწმუნა. ამის შემდეგ ღვთისმშობელი ორჯერ გამოეცხადა და იგივე გაუმეორა. არც ახლა დაიჯერა მოძღვარმა, ქალაქი წყალში ჩაიძირა და ხალხიც ჩაიტანა, ხატი კი უვნებელი გადარჩა; ჩაძირული ციხე-ქალაქიდან უხილავად ჰაერზე მოდიოდა. ნახა რა თავისი თვალით ეს სასწაული მოძღვარმა, მუხლებზე დაეცა, ღვთისმშობელს შენდობა სთხოვა, ხატი მის ხელებში ჩაესვენა. ღვისმშობელმა უბრძანა ხატი ქუთაისის სიონში, ბაგრატის ტაძარში გადაესვენებინა.

ერთ-ერთი ვერსიით, პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომი იზეიმა. პალიასტომის შემდეგ ღვთისმშობლის ხატი დავით აღმაშენებლის შვილიშვილის მეფე გიორგი მესამის მეფობის დროს ქუთაისში გადმოაბრძანეს. ისტორიული წყაროების მიხედვთი, ხატი 900 წლის წინ შეიქმნა, როცა ქუთაისი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო, მე-16 საუკუნეში კი განაახლეს. ხატი შეჭედილია ვერცხლით, შემკულია 123 თვალ- მარგალიტით. აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. არშიაზე, მედალიონებს შორის დატანებული აქვს შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. „შენ ღრუბელსა მსგავსა ნათლისასა ქვეყანასა ზედა. მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისასა. ამინ. შეიქმნა ეს ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა".

1923 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან კომკავშირლებმა ეკლესიის სიწმინდეები გარეთ გამოყარეს და ფეხებით თელავდნენ, მათ შორის ღვთისმშობლის ხატს. ამ ვანდალიზმის მომსწრე ქუთათურებს, ხატი სასწაულად გადაურჩენიათ. დღეს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×