ია აბულაშვილი
26.02.2020

"ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებულ ლომისა უგუმბათო, არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქროვეცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრეთით ქსანსა, ჩრდილოეთით-მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ ყვავილოვანი. კალთათა ტყიანი" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას.

ლიმისის ტაძრის აგება სპარსეთში ტყვედ წაყვანილი 7 ათასი ქართველის ისტორიას უკავშირდება. თქმულების თანახმად, მე-13 საუკუნეში ჯალალ-ედ-დინი ურიცხვი ლაშქრით ორჯერ შემოესია საქართველოს და ააოხრა; მტერს არაგვის ხეობაც დაურბევია და 7 ათასი ქართველი ქრისტიანი ტყვედ წაიყვანია. განძეულობასთან ერთად წმინდა გიორგის ხატიც წაუღია. სპარსეთში წმინდა გიორგის ხატს სასწაული მოუხდენია, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა, საქონელი გაბერწებულა, შობადობა შეწყდა. თავზარდაცემულმა სულთანმა მისნები იხმო. უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო, უთქვამთ. სულთანის ბრძანებით ხატი საკირეში ჩააგდეს, მაგრამ უვნებელი ამოფრენილა და იქვე მოვლენილ წითელ ხარზე დაბრძანებულა.

ხარი და ხატი მანამდე არ იძროდა ადგილიდან, სანამ სულთანს ტყვეები არ გაუთავისუფლებია. ხატი სპარსეთიდან წითელ ხარზე, რომელსაც რქებზე მტრედები ეჯდა, დაბრძანებული წამოუღიათ. შინ დაბრუნებული ხარი გზოვანის მთაზე არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შეუყვა, ქსნისა და არაგვის ხეობის გამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქვე უსულოდ დაცემულა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. სალოცავსაც, ხარის საპატივცემლოდ ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს.

ლომისის საეკლესიო სამფეროვანი დროშა და ალამი წვერზე შუბიაინი თითბრის ბურთით დღესაც ეკლესიაში ინახება. ლომისის ეკლესიის რკინის კარზე კი ასეთი ლეგენდა არსებობს. ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია, მოშიებიათ და კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვნიათ. ჩამოუხსნიათ ლომისის კარი და იმით დაანთეს ცეცხლი. როგორც კი ივახშმეს, ყველა დაბრმავებულა. მეთაურმა ლომისას შეავედრა, ჯარს თუ თვალს აუხელ, რკინის კარებს შევაბამო.

ლომისის ეკლესიაში დღესაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი, რომელიც თავიდან 80 კგ ყოფილა. მლოცველები, რომლესაც აღთქმა აქვთ დადებული, ან წმინდანს რაიმეს ავედრებენ, ჯაჭვს კისერზე იდებენ და ტაძარს გარს სამჯერ შემოუვლიან. ეს ჯაჭვი, ტყვეობაში მყოფ კაცს, რომელსაც კისერზე ედო წმინდა გიორგის ხატისთაის შეუწირავს. მომლოცველები, ლომისის წმინდა გიორგის შესთხოვენ გამრავლებას, უშვილოები შვილიანობას. ამბობენ, ძველად დედებს, რომლებსაც რძე უშრებოდათ, დეკანოზი ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მეძუძურ დედებს შეასმევდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×