ია აბულაშვილი
30.08.2020

„წუნდასა ზეით ჯავახეთის მტკუარს მიერთვის ჩრდილოეთიდამ ბარალეთის მდინარე... ამ წყალზედ მტკურის შესართავის ზეით, არ ბარალეთი, მცირე ქალაქი და იქ ეკლესია დიდად ნაშენი“, - ასე აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი ნაშრომში - „აღწერაი სამეფოსა საქართველოისა“ ბარალეთის ეკლესიას.

ჯავახეთის ამ ულამაზეს ადგილს ადრე „საყარაულოს“ ეძახდნენ, რადგან მე-11 საუკუნეში გზა ჯავახეთიდან შიდა ქართლში ბარალეთის გავლით გადიოდა. ეს ადგილი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრიც იყო.

ბარალეთის შესახებ ცნობებს გვაწვდის პაპუნა ორბელიანის „ამბავი ქართლისანი“, ასევე გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი „გურჯისტანის ვილაიეთი“.

სწორედ ამ ადგილას თამარ მეფის შვილ ლაშა გიორგის ეკლესია აუგია. ამის დასტურია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წერწერა - „აღაშენა ეკლესია ესე მათ ჟამთა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა, ადიდონ ღმერთმან ორთავე ცხოვრებათა შინა.“

ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი, ორნავიანი ბაზილიკა, ნაგები იყო თლილი ქვის კვადრებით, დახურული ლორფინით. ყველა ფასადზე თითო სამრეკლო იყო გაჭრილი.

ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში სამხრეთ კედელზე გამოსახული იყო დანიელი ლომების ხროვაში, დასავლეთ ნაწილში კი - ბოლონური მედალიონები. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელთან იყო საფლავის ქვა მხედრული წარწერით.

აყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ეკლესიის ნანგრევებს შემორჩა, არის კვარცხლბეკზე მდგარი ჯვარი, რომლის მსგავსიც მე-10-11 საუკუნეების შემდეგ აღარ გვხვდება.

მე-18 საუკუნეში ლეკებმა ბარალეთი მთლიანად დაანგრიეს და დიდძალი განძიც წაიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×