"ჯერჯერობით არასახარბიელო მდგომარეობაა, მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან არის ჯავშნები"
თამარ მუკბანიანი
18.06.2020

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ, მაგრამ მათი სრულფასოვანი ტესტირება აუცილებელი იქნება. ჯერ მხოლოდ ეს არის, რაც პირველ ივლისს ნამდვილად ამოქმედდება საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრების გახსნასთან ერთად. დანარჩენი საკითხები ზუსტდება, მაგრამ მაინცდამაინც საჩქარო არც კია, რადგან 1-ლი ივლისიდან რომ უცხოელი სტუმრების მიღება შესაძლებელი არ იქნება, უკვე პრაქტიკულად დადასტურებულია. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ იმ ტურისტებს, რომლებსაც "პისიარ ტესტის" ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ასეთი ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ. 1-ელი ივლისიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორებისთვის საზღვრები იხსნება, არავითარ შემთხვევაში არ უქმდება საკარანტინო სივრცეები.

„ყველა წესი შემუშავებულია. გვაქვს მრავალი პუნქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ტურისტების ტესტირება. ასევე ვინარჩუნებთ ყველა დღემდე არსებულ საკარანტინო სივრცეს, უბრალოდ, რაოდენობრივი ცვლილება გვექნება. ზოგიერთ სასტუმროს ვაძლევთ ტურისტების მიღების საშუალებას, თუმცა ყველა მათგანი ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები. გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, კოორდინაცია და დალაგებული ლოგისტიკა ყველა ლაბორატორიასთან, რომელიც ქვეყანაში ფუნქციობს. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დღიურად 3000, 4000 და უკვე შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარება შეგვეძლება, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრმა. 

იქამდე, სანამ პანდემია კვლავ მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა და ყველა სფეროში მთავარი ჯანდაცვის რეკომენცდაციებია, სწორედ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული როდიდან და რა წესების დაცვიტ მივიღებთ სტუმრებს. 

„ტურისტები აქ, კარანტინში სამყოფად არ ჩამოდიან“ - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ქვეყანა ტურისტებს და გადაიყვანენ თუ არა მათ კარანტინში.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გავდივართ ბოლოში ამ რეგულაციების შემუშავების კუთხით. ვსაუბრობთ სხვადასხვა ე.წ. „მწვანე ქვეყნებთან“, რომ იქაც გაიხსნას ტურიზმი. ჯერ ვერ გეტყვით რა იქნება, ვიდრე ბოლომდე არ დასრულდება მოლაპარაკება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ არ შეცვლილა და საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრები პირველი ივლისიდან გაიხსნება, თუმცა სინამდვილეში ეს რომ ვერ მოხდება, უკვე პირდაპირ თქვა პრემიერმა და სავარაუდოდ, უცხოელი მოგზაურების მიღება მხოლოდ აგვისტოდან შეგვეძლება. 

სასტურმეობისა და რესტორნების ასოციაციის ხელმლძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი გმირობის ტოლფასად მიიჩნევს მათ სექტორში ასეთ რთულ ვითარებაში სატუმროების მუშაობის განახლებას. იგი ადასტურებს, რომ საერთაშორისო მოგზაურთა ჯავშნები მხოლოდ აგვისტოს ბოლოდანაა. 

,,ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია ეს ბიზნესი შიდა ტურიზმის ამოქმედებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ. მაგალითად, თბილისში სასტურმოების  აბსოლუტური უმრავლესობა დაკეტილია და არავინ ფიქრობს გახსნას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ ფასები განახევრებულია და მხოლოდ ნაწილია გახსნილი. სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი ძალიან დაბალია. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ვითარების მიუხედავად გაბედა და გახსნა  სასტუმრო, ეს ამ ბიზნესში ამ წუთში გმირობის ტოლფასია. 

თუ ქვეყანაში გვექნება "პისიარ" ტესტირების საშუალება, ეს ძალიან კარგი მესიჯია და სანდოობის კოეფიციენტს მაღლა ასწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან არის ჯავშნები. მანამდე ყველა დაკვირვების ეტაპზეა“, - განაცხადა ალავერდაშვილმა. 

სანამ დეტალები ჯერ ისევ ბუნდოვანია, არაოფიციალუად, თუმცა უკვე ვიცით ის, რომ ავიამიმოსვლა 1-ელ აგვისტომდე გადაიდო. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, ნიკა კავარაცხელია, ტესტირების ინიციატივას, საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, შემცირება სექტორში დაახლოებით 60% იქნება.

,,მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ტურისტების მოზიდვას და აქტიურ კამპანიას ეწევა, მაგრამ ჩვენს აქცენტებზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული. ტურიზმი ორმხრივი პროცესია, დამსვენებელს უნდა სურდეს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ მათი მიღება და მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილება შეგვეძლოს. ვხედავთ, რომ ვისზეც აქცენტი გვქონდა, იქ ეპიდემიური ვითარება გართულდა. ისრაელი არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ერთ ტურისტს შეუძლია უამრავი მასპინძელი დააინფიციროს, ამიტომ ტესტის მოთხოვნა ძალიან ბუნებრივია და არაფერია ამაში გასაკვირი. ეს იქნება ჯანმოს რეკომენდაცია ყველასათვის ვინც ტურისტების გაგზავნა-მიღებას შეძლებს. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ განახევრდება შემოსავლებიო, მაგრამ სინამდვილეში უფრო ნაკლები იქნება, მინიმუმ, 60%-იან კლებას ველოდები. თუკი ევროპა არ ამოძრავდება, ტურისტულ სეზონს ვერც საქართველოში გავააქტიურებთ", - აღნიშნა "რეზონანსთან“ კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან გერმანიაში ჩასული ვიზიტორები კარანტინს არ გაივლიან. 2020 წლის 15 ივნისს, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ აამოქმედა ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გავლას. ამ სიაში კი საქართველო არ მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×