"ამასობაში ლიკვიდაციის ზღვარზეა მთელი სექტორი, ეს შეიძლება პირდაპირ ითქვას"
თამარ მუკბანიანი
19.05.2020

22 მაისიდან შესაძლოა, სავალუტო ჯიხურები გაიხსნას. თვენახევრიანი სრული გაჩერების შემდეგ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნისთანავე გადამცვლელი პუნქტები ამუშავდება, თუმცა ეს დაზუსტებით ჯერ არ იციან ეროვნულ ბანკში. გვენეტაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით კვლავ არაფერია ახალი და ჯიხურების გახსნა 8 ივნისიდან იგეგმება.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან 10 დღეში სავალუტო ჯიხურებიც დიახურა. ეს, ერთი მხრივ, ჯანდაცვის რეკომენდაციებით იყო განპირობებული, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ფულითაც გადადის. მეორე მიზეზი იყო ეკონომიკური საფუძველი, ლარზე წნეხის შემცირება. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში უამრავ შეზღუდვა-აკრძალვას სავალუტო ჯიხურების მუშაობის დროებით შეჩერებაც დაემატა. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ხალხი ვალუტის გადაცვლას დღემდე მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ახერხებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაიხსნება.

„კონკრეტული დღე შეიძლება, ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. ახლა ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ჯიხურები გაიხსნება, ვფიქრობ, ძალიან მალე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 ამ შეზღუდვის შემოღებით ხალხი კიდევ უფრო მეტად დაზარალდა, რადგან ბანკების კურსთან შედარებით სავალუტო ჯიხურებში გაცილებით ხელსაყრელი იყო ვალუტის გადაცვლა. როგორია დღეს ვითარება სავალუტო ბაზარზე, რომელიც უკვე თვე-ნახევარია ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობს?

,,რეზონანსი“ ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ჯერ ახალი არაფერია ცნობილი და კვლავ ეკონომიკის ამუშავების 6-ეტაპიანი გეგმით გათვალისწინებულ დროს ელოდებიან ჯიხურების გასახსნელად. 

,,თუ შევა ცვლილებები, ბუნებრივია, ჯიხურების გახსნის დროც გადმოიწევს. ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რომ ეკონომიკის ამუშავების 6-ეტაპიანი გეგმის მიხედვით 8 ივნისიდან იგეგმება გახსნა“, - აღნიშნეს სებ-ში. 

ჯიხურების გახსნას ითხოვენ ოპოზიციაშიც. დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ შეზღუდვა კომერციული ბანკების სასარგებლოდ შეგნებულად კეთდება.

ვალუტის გაადამცვლელთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ბიზნესომბუდსმენსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრას 20 მაისს გამართავენ და ამის შემდეგ ეცოდინებათ მეტი დეტალი. ასოციაციის დირექტორი ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ სექტორი ლიკვიდაციის ზღვარზეა და საქმიანობის უფლების სასწრაფოდ დაბრუნებაა

,,31 მარტიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით შეგვიწყდა საქმიანობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გაგებით მოვეკიდეთ. უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მხოლოდ მეოთხე ეტაპზე არის გათვალისწინებული ჩვენთვის ეკონომიკური საქმიანობის უფლების აღდგენა. 

სხვა სექტორებისაგან განსვავებით, ჩვენი სფერო ძალიან კარგად არის დაცული. გაუგებარია რატომ შეიძლება სალონების და ღია ბაზრობების გახსნა, სადაც მეტია კონტაქტი და არ შეიძლება გადამცვლელი პუნქტების ამოქმედება.

ამ ეტაპზე ყველა ხერხით ვცდილობთ მოვიძიოთ ინფორმაცია და ვიყოთ კომუნიკაციაში ყველასთან, მათ შორის მარეგულირებელთან. მიუხედავად ამისა, გვაქვს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა ეროვნული ბანკისაგან. ჩვენ მათ არაერთხელ ვთხოვეთ გაეწიათ შუამდგომლობა მთავრობასთან, რათა გადახედილიყო გადაწყვეტილება, მაგრამ შედეგი ნულოვანია. შესაბამისად, გვაქვს უსამართლობის და დაუცველობის შეგრძნება.

20 მაისს ვხვდებით ბიზნეს ომბუდსმენს, სადაც მონაწილობას მიიღებს სებ-ის წარმომადგენელიც. დიდ იმედს ვამყარებთ, რომ სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პანდემიის შედეგად ლიკვიდაციის ზღვარზეა სექტორი, ეს შეიძლება პირდაპირ ითქვას", - განუცხადეს "რეზონანსს" ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×