სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ქართულ ბიზნესს დღეს აღებული ფული ურჩევნია, მომავალში კლიენტის შენარჩუნებას"
    თეო გუდავაძე
    17.06.2019

     კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რის გამოც იგი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი მიმართულებაა. საქართველოში, დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობა ვერ ახერხებს, შიდა ტერიტორიებზე გადაადგილებას და დასვენებას. ხშირ შემთხვევაში საქართველოში კარგად დასვენება იმდენად ძვირი ჯდება, რომ იმ თანხით, საზღვარგარეთაც თავისუფლად დაისვენებს.

    მოქალაქეებს ხშირად მოუწოდებენ, ტელევიზიებით, რომ სჯობს საკუთარ ქვეყანაში დახარჯონ თანხა, რათა ისევ ქვეყნის შიგნით ჩაბრუნდეს თანხა, თუმცა მოქალაქეების უმეტესობა, ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ დასვენება გაცილებით მისაღებია მათთვის, ვიდრე საქართველოში და მის მიზეზი სიძვირეა. 

    ნინი სოსელია ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მიაჩნია, რომ ტარიფები აუცილებლად დასარეგულირებელია და შიდა ტურიზმი კი - მისახედი.

    "საშინელი ფასებია საქართველოში. მაღალი დონის სასტუმროს მომსახურება იმდენად ძვირი ჯდება, რომ ვერც კი იფიქრებ იქ დასვენებას. ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით, რომ მოგვმართავენ ტელევიზიებიდან და მოგვიწოდებენ, რომ სჯობს ის თანხა, რაც სხვა ქვეყნის ბიუჯეტში შეგვაქვს, შიდა ტურიზმს მოვახმაროთო, უკვე უაზრობა გახდა. იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ჩემს ქვეყანაში დასვენება გაცილებით იაფი უნდა მიჯდებოდეს უცხოურ კურორტებთან შედარებით და არა უფრო ძვირი. 

    მესმის რამდენად მნიშვნელოვნია შიდა ტურიზმი და ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი, თუმცა ორმხრივი უნდა იყოს სახელმწიფოს და ხალხის გაგება. მე შევიტან ბიუჯეტში თანხას, როდესაც ფასები იქნება ადეკვატური და არ მექნება შეგრძნება, რომ მძარცვავენ საკუთარ ქვეყანაში", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ნინი სოსელიამ.

    მაღალი კლასის სასტუმროების გარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროებიც არ ღირს იაფი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახი მიდის დასასვენებლად. საშუალოდ ერთ ადამიანს ერთი კვირით დასვენება საქართველოში 500-700 ლარი უჯდება. ეს კი ძალიან დიდი გადასახდელი თანხაა, იმის ფონზე, როცა შემოსავალი ძალიან მცირეა. ამ დროს შიდა ტურიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებისთვის. ის ეხმარება მაღალმთიან რეგიონებს, რომ იქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მთაში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ტურისტები უნარჩუნებენ სიცოცხლეს მაღალმთიან რეგიონებს.

    ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მარინა მეტრეველი ამბობს, რომ ფასწარმოქმნასა და რეგულირებაში ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიით უნდა ხელმძღვანელობდნენ. პრობლემა ბიზნესის წინდაუხედაობაა, რომელსაც კლიენტის შენარჩუნებას, მყისიერი მოგება ურჩევნია. 

    "ტურისტული თუ მომსახურების სხვა ობიექტები სეზონზე გათვლას აკეთებენ იმაზე, რომ დასასვენებლად ჩამოსული ადამიანი ფასს მნიშვნელობას არ მიანიჭებს და მომსახურება მუდმივად ძვირდება. არადა, მარტო ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ მოხიბლავს ტურისტს, თუკი  მომსახურება და ფასი ძალიან მაღალი იქნება. ეს საკითხი არ რეგულირდება, არავინ ამას არ იკვლევს და არანაირი რეკომენდაცია არ გაიცემა. 

    არანაირი საგადასახადო მექანიზმი დაკავშირებით არ მუშაობს. ქართულ ბიზნესს დღეს აღებული ფული ურჩევნია, მომავალში კლიენტის შენარჩუნებას. ამიტომ, როცა სეზონია, ისინი მაქსიმალურად ყველაფერს აძვირებენ.

    საქართველოში ტურიზმი ვითარდება ისე, რომ კლიენტზე ორიენტირს არც სახელმწიფო აკეთებს და არც ტურისტული პროდუქტის მწარმოებელი. ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არა ტურისტზე. ეს კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ტურისტების, (განსაკუთრებით უცხოელების) შემცირებას.

    როდესაც კეთდებოდა ტრიზმის სტრატეგია, ზუსტად ეს მომენტები უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციას, რათა მთავრობასთან ერთად, იმგვარი საგადასახდო რეჟიმი დაეწესებინა, როდესაც ტურისტული პროდუქტის მწარმოებელი არ იქნებოდა იძულებული, ერთჯერად მოგებაზე ეფიქრა. მათ გადასახადები მაღალი აქვთ და ამიტომაც ფიქრობენ მხოლოდ დღევანდელ დღეზე", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" მეტრეველმა.

    საქართველოში მომსახურების ფასების მიხედვით ყველაზე ძვირი კურორტი ბათუმია, მას ქობულეთი და ბორჯომი მოსდევს. პროდუქტი, რომელიც ამ ქალაქებში არასაკურორტო სეზონზე შედარებით იაფია, ტურისტების მოზღვავების შემდგომ მნიშვნელოვნად ძვირდება. ფასი იმატებს გასართობ ცენტრებიც და ატრაქციონებზეც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×