სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, რაც 1 წლის წინ იყო"
    მარი ჩიტაია
    07.06.2019

     უკვე გადაჭრით შეილება ითქვას, რომ სამშენებლო კომპანია "სვეტმა" საბოლოოდ "ცენტრ-პოინტის"ბედი გაიზიარა. 1 წელი გადის, რაც უნებართვო მშენებლობების გამო მერიამ კომპანიას საქმიანობა შეუჩერა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა, მაგრამ არანაირი სიახლე არ არის და ვერავინ იძლევა იმედს, რომ დაკარგული თანხა აუნაზღაურდებათ. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიდის და პრობლემა მოგვარდება, თუმცა რა გზა შეიძლება გამოინახოს და რა ბედი ელით დაზარალებულებს, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

    თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მერია აქტიურად მუშაობს, რათა გამოსავალი მოიძებნოს და პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

    "ამ ეტაპზე კონკრეტული შედეგი არ მიღწეულა. მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები ყველაფერს აკეთებენ, რომ პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა და არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესი. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით სასამართლო პროცესთან დაკავშირებითაც. ჩვენი მიზანია მალე დასრულდეს მოლაპარაკებები და ხალხი არ დაზარალდეს. 

    როგორც ცნობილია, "სვეტს" ბევრი დარღვევა აღმოაჩნდა. კომპანია ვერ პასუხობს ახალ რეგულაციებს, რის გამოც მშენებლობის ნებართვა შეუჩერდა. ამ ეტაპზეც  სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მერია ჩართულია პროცესში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ შედეგი იყოს, მაგრამ როდის დასრულდება მოლაპარაკებები, უცნობია", - განუცხადეს "რეზონანსს" ზედამხედველობის სამსახურში.

    როგორ განვითარდება "სვეტის" ირგვლივ მოვლენები სრულიად გაურკვეველია. ამ ყველაფერს კარგად ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც თანხა გადახდილი აქვთ დაუსრულებელ კორპუსებში. ამიტომ უკან დახევას არ აპირებენ.

    "დრო გადის და არანაირი სიახლე არ გვაქვს. ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, რაც 1 წლის წინ იყო. მიდის სასამართლოები და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. არანაირი იმედის მომცემი ინფორმაცია ამ ხნის განმავლობაში არ მიგვიღია, თუმცა ეს არ მოგვადუნებს, ჩვენს გავაგრძელებთ ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად, ვერაფერი შეგვაჩერებს", - განუცხადა "რეზონანსს" დაზარალებულმა სალომე გელანტიამ. 

    უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტის გურამ ფალავანდიშვილის ვარაუდით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია, რომ დაზარალებულთა პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე და მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოსთხოვოს კომპანიას გარკვეული ვალდებულების შესრულება.

    "არარსებული ქონების რეალიზაცია წარმოუდგენელია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რომ "სვეტი" რომელიმე მსხვილმა, კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიამ შეიძინოს ან სახელმწიფომ ძალიან დიდი შეღავათი გაუწიოს მას, რაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება. რისკი ყოველთვის იარსებებს, როდესაც ადამიანი "ჰაერზე" ყიდულობს ბინას. ყოველთვის შეიძლება შეექმნას საფრთხე, რაც წინასწარ უნდა გააცნობიეროს. 

    მიმაჩნია, რომ მთავრობა როგორმე უნდა დაეხმაროს ხალხს და მერე გარკვეული ვალდებულებების შესრულება უკვე კომპანიას მოსთხოვოს. შეიძლება ისიც, რომ გრძელვადიან პირობებში დაადონ ვალი სამშენებლო ფირმას, ჩამოართვან ლიცენზია ან სხვა ზომები მიიღონ, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში გარკვეული შეღავათია გასაწევი, რათა მშენებლობა გაგრძელდეს. "სვეტი" დღეს საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშეა, რაც ადვილად მოგვარებადი არაა. უნებართვო მშენებლობებას ეწეოდა, რასაც, პირველ რიგში, სამართლებრივი საკითხის მოგვარება სჭირდება, კომპანიისთვის ეს ადვილი არ არის", - აცხადებს "რეზონანსთან" ფალავანდიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×