სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვერაფრით დავუშვებთ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით ქვეყნებს შორის პრობლემა გაჩნდეს"
    მარი გოცირიძე
    05.06.2019

     საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა. გარდა იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა და საქართველოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს. ორ ქვეყანას აკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, როგორიცაა ბაქო თბილისი-ყარსის და სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი, რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. 

    ექსპერტებს და ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი მომავალშიც დარჩება ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და ამის პირობას იძლევა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკმაოდ ხანგძლივი პერიოდი, რომელიც ემყარება მყარ და ნაყოფიერ კომუნიკაციას და ნდობას, რაც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს. თამამად შეიძლება თქმა, რომ ის წარმოადგენდა საქართველოსთვის საიმედო პარტნიორს უმძიმეს პერიოდშიც - 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და შემდეგშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ენერგორესურსებით თითქმის სრულად აზერბაიჯანიდან მარაგდება, რის ალტერნატივაც ქართულ ბაზარს, ფაქტობრივად არ გააჩნია. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების იმპორტშიც საკმაოდ დიდია აზერბაიჯანული საწვავის წილიც და საწვავის ბიზნესშიც ის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა სოციალურ მედიაში გავრცელებულ კამპანიას, რომელიც მიმართულია საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული კომპანიების საწინააღმდეგოდ. ორგანზიაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს საზღვარზე განვითარებული მოვლენები ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით გადაწყდება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად მტკიცდება.

    "აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც ყველა ოფიციალურ შეხვედაზე არის აღიარებული და დეკლარირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ მეგობრული ურთიერთობის შედეგია ის, რომ საქართველოს ენერგო-უსაფრთხოება დივერსიფიცირებულია. ჩვენ უკვე წლებია არ ვართ დამოკიდებულნი რუსეთის ფედერაციაზე ბუნებრივი აირის მოწოდებაზე. აქვე უნდა გავიხსენოთ 2006 წლის მოვლენები, როდესაც საქართველოს საზღვარზე რუსეთის მხარეს მოხდა გაზსადენის აფეთქება, რის შედეგადაც საქართველო სუსხიანი ზამთრის პირობებში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა და ქვეყნის დედაქალაქს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრებოდა. ამ დროს სწორედ აზერბაიჯანის დამსახურება იყო, რომ მან თავისი პირადი მოხმარებიდან მოიკლო ბუნებრივი აირი და ჩვენს ქვეყანას მოაწოდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ამ მხრივ აღარანაირი პრობლემა აღარ ემუქრება,  ბუნებრივი აირის მოწოდება და მასზე არსებული ფასი აბსოლუტურად მისაღებია ჩვენი ქვეყნისათვის. ეს ყველაფერი კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის დამსახურებაა", - ამბობს მთვრალაშვილი და დასძენს ასევე ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზეც, როდესაც შავი ზღვის აკვატორია ოკუპირებული იყო რუსეთის მხრიდან და ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ხდებოდა საქართველოში საწვავის მოწოდება, იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ისიც იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მოითხოვდა აზერბაიჯანისგან, რომ არ განეხორციელებინა ჩვენთვის საწვავის მოწოდება.

    "მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რასაც ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოში. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროცესი, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია "სოკარი" ახორციელებს. შეიძლება ითქვას, ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოა.

    იგივე კომპანია საქართველოში ავითარებს ავროპული ტიპის ავტო და გაზგასამართი სადგურების ქსელს, რომლის ინფრასტრუქტურაც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში. 

    აღნიშნული კომპანია ბოლო წლების განმავლობაში უცვლელად  გახლავთ  ყველაზე დიდი ინვესტორი, დამსაქმებელი, სახელმწიფო ბიუჯეტში გადამხდელი, სოციალური და კულტურული პროექტების მხარდამჭერი.

    პარალელურად ამისა, ბევრი აზერბაიჯანული კომპანია წარმატებით ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. მათ შორის გამოყოფის ღირსია ყულევში მდებარე სანავთობო ტერმინალი, რომელიც ასევე აზერბაიჯანული ინვესტიციებითაა განხორციელებული და ის გახლავთ შავი ზღვის აუზში ერთ-ერთი საუკეთესო სანავთობო ტერმინალი.

    მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის თვით სახელმწიფოსი და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების როლი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში შეუფასებელია", - აცხადებს მთვრალაშვილი. 

     საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშორის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილიც.

    "აზერბაიჯანთან მეგობრობას ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს. გარკვეულ გაუგებრობების მიუხედავად, შემიძლია თამამად თქმა, რომ ჩვენ მსგავსი მეგობარი არ გვყოლია. ეს გამოჩნდა ომის პერიოდშიც, როცა რუსეთმა გაზის მილი გადაგვიკეტა და ბუნებრივი აირის გარეშე დავრჩით, მაშინ აზერბაიჯანმა თავისი მოხმარება შეამცირა და გაზით მოგვამარაგა. 

    მთავარია, ბიზნესი არ დავაზარალოთ, ის თვითონ მოაწესრიგებს ქვეყნის ეკონომისკასაც და ადამიანების ურთიერთობაც კალაპოტში ჩადგება. პოლიტიკას ეკონომიკაში ნუ გავრევთ. ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და ეკონომიკა გაძლიერდება. აზერბაიჯანსაც ვჭირდებით ჩვენ, ისე როგორც ჩვენ გვჭირდება ისინი", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი. 

    აზერბაიჯანის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლი, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია ანალიტიკოს გია ხუხაშვილს, რომლის შეფასებითაც, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არის ორმხრივად მნიშვნელოვანი და საჭირო, რის შესანარჩუნებლადაც სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. 

    "საქართველო წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელ კვანძის, რაც ჩვენი ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქციაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ერთიანი კვანძი, აზერბაიჯანის გარეშე ფუნქციას ვკარგავთ და ასეა პირიქითაც, ეს განუყოფელია და ქვეყნებს შორის ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

    რაც შეეხება აზერბაიჯანის ინვესტიციებს, ძირითადად მსხვილ სეგმენტებშია განაწილებული. ეს არის გაზის სფერო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, ნავთობპროდუქტები და სხვა. განსაკუთრებით გაზთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს სხვა ალტერნატივა, რუსეთის გარდა, არ გვაქვს, ხოლო ამ ქვეყნისთვის გაზი წმინდა პოლიტიკური ინსტრუმენტია და არა ეკონომიკური. 

    აზერბაიჯანი ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი მსოფლიოში, ამაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენ არ გვყავს, ეს რეალობაა და ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა იღონონ", - აცხადებს ხუხაშვილი. 

    ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები, რომელთაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორი აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე ვერც წარმოუიდგენიათ.

    რევაზ არველაძე, ენერგეტიკოსი, "ქართული ოცნების" დეპუტატი: "ჩვენ ერთმანეთთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული. ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანი და ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენც ვჭირდებით მას, ეს აპრიორია. ცნობილი ფაქტია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიის საშუალებით აწვდის ნავთობსა და გაზს თურქეთში და იქიდან ევროპაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა არ შეიცვლება და ამაში დარწმუნებული ვარ. 

    დღეს ჩვენ ბუნებრივი გაზის თითქმის 100%-ს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ცხადია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ზამთარში იგი შემოდის აზერბაიჯანიდან. ამ თვალსაზრისითაც მჭიდროდ ვართ დაკავშირებული და არ მგონია, რომ ჩვენს პარტნიორობაზე რაიმე უარყოფითად იმოქმედებს".

    გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "ელექტროენერგიის იმპორტის 80% და მეტიც ჩვენ შემოგვაქვს აზერაბაიჯანიდან და ამ სეგმენტში ის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია. სტაბილური ფასითაც შემოდის, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის მისაღებია. ღმერთმა არ ქნას, რომ ურთიერთობები გაუარესდეს, ეს სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის ეკონომიკაში. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანულ პროდუქტსაც დიდი წილი უკავია. ცხადია, მეზობელი ქვეყანა წარმოადგენს მრავალმხრივ პარტნიორს საქართველოსთვის და ვერაფრით დავუშვებთ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით ქვეყნებს შორის პრობლემა გაჩნდეს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (06.06.2019)
    აზერბაიჯანი ბოლო დროს აგდებულად გვექცევა.თუ ასე გააგრძელეს,გაზიდა ნავთობი ჩემთვის საძულველი რუსეთიდან უნდა შემოვიტანოთ,აზერებს თურქეთის გზა გადავუკეტოთ,ტრუბებში ნავთობი ინდა გავუჩეროთ,აქაური აზერები ნელნელა მოვიშოროთ და ვნახოთ რა ბიჭები იქნებიან.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×