სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ავტოიმპორტიორებმა იპოვეს გზა რუსეთში ავტომობილების შესაყვანად, რომელიც სომხეთზე გადის
    თამარ მუკბანიანი
    29.05.2019

     შიგა ბაზარზე, ავტოიმპორტისა და გაყიდვის კლების ფონზე, ექსპორტი და რეექსპორტი ბოლო სამ წელიწადში 122%-ითაა გაზრდილი. მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყირგიზეთი, რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. რუსეთში, სადაც ავტომობილებზე ევრაზიის არაწევრი ქვეყნებისათვის მაღალი საბაჟო გადასახადია, ავტომობილები სომხეთის გავლით შედის. 

    ბოლო სამ წელში სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტ-რეექსპორტი 122%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-აპრილში სულ 14 285 ავტომობილის ექსპორტ-რეექსპორტი განხორციელდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 421 ერთეულს შეადგენდა. რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-აპრილს, ქვეყნიდან 13 532 სატრანსპორტო საშუალება გავიდა.

    ამავე მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ქვეყნიდან ჯამში, 58 341 სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდა, რაც 84,2%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წელს საქართველოდან 31 670 სატრანსპორტო საშუალების ექსპორტ-რეექსპორტი განხორციელდა.

    მთავარ ექსპორტიორ ქვეყანათა შორისაა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სადაც ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და უცნაურია, რაში უნდა სჭირებოდეთ საქართველოდან გასული მეორადი ავტომობილები, რომელთა უდიდესი ნაწილი 10 წელზე მეტისაა.

    კომპანია `იამოტოს~ წარმომადგენელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ რეექსპორტის ზრდა ნამდვილად შესამჩნევია. რადგანაც რუსეთში ევრაზიის საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის მაღალი გადასახადია, ავტომობილები ჩრდილოელ მეზობელთან სომხეთის გავლით ხვდება.

    `ექსპორტი ნამდვილად გაზრდილია ბოლო წლებში, მათ შორის რუსეთის მიმართულებითა აშკარა ზრდა. რადგანაც საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ავტომობილის იმპორტის გადასახადი ძალიან მაღალია, საქართველოდან რუსეთში მანქანები სომხეთიდან შედის. მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიცაა, იქ მანქანის შეყვანა არავითარ პრობელმას არ წამოადგენს და ასე ხვდება რუსულ ბაზარზე საქართველოდან გასული ავტომობილები.

    სომხეთში, ძირითადად შედის იაპონური `ნისან ტიდები~ და `ტოიოტას~ მინივენები, ოღონდ აუცილებლად საჭეგადატანილი. რაც შეეხება უკრაინას და შუა აზიას, იქ ამერიკიდან იმპორტირებული კორეული ავტომობილები - `ჰიუნდაი~ `კია~, `ტოიოტა~ და ა.შ. - მოსწონთ. მოკლედ, სხვადასხვა მოთხოვნაა.

    რაც შეეხება შიგა ბაზარს. ბოლო დროს აქ მხოლოდ ჰიბიდული ავტომობილებია მოთხოვნადი და რეალიზაციამაც იკლო. ასეთ დროს ნამდვილად მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის ეს ქვეყნები. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საემიროს, არ მქონია მსგავსი პრაქტიკა, რომ იქ ავტომობილი გაგვეგზავნა და პრინციპში არც მსმენია~, - აცხადებს მაისურაძე `რეზონანსთან~.

    რეალიზაციის არათუ გაზრდაზე, არამედ ძველ ნიშნულთან შედარებით კლებაზე საუბრობს კიდევ ერთი იმპორტიორი, `ჯეიეფაისის~ დირექტორი ზვიად ზიზიაშვილი.

    `მატება ნამვილად არ არის ბაზარზე, არც გაყიდვისა და არც რეექსპორტის კუთხით. ძირითადი პარტნიორი ამ ეტაპზე სომხეთია. აზერბაიჯანი, პრაქტიკულად, აღარც ითვლება. ზუსტი ინფორიმაცია არ მაქვს ნამდვილად რამდენი პროცენტითაა ზრდა და სხვა კომპნაიებს რა მონაცემები აქვთ, მაგრამ ძველ ნიშნულთან ახლოსაც კი არ არის დღევანდელი გაყიდვები.

    უნდა ითქვას ისიც, რომ რაღაც პერიოდი ძალიან იყო რეალიზაცია ჩავარდნილი, ახლა კი შედარებით შეიცვალა ვითარება და მეტ-ნაკლებად ვმუშაობთ. კონკრეტული ციფრები არ მაქვს, მაგრამ ბაზარზე დაკვირვებით ამგვარი შთაბეჭდილება მრჩება და ზოგადად ფონიც ასეთია~, - ამბობს `რეზონანსთან~ ზიზიაშვილი, რომელმაც ასევე არაფერი იცის, თუ რა ტიპის ავტომობილები გადის არაბთა გაერთიანებულ საემიროში საქართველოდან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×