სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ენერგეტიკოსებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტარიფი უმნიშვნელოდ გაიზრდება
    ნათია ლომიძე
    23.12.2017

     ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს სემეკი 26 დეკემბერს დაამტკიცებს. როგორც ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, სატარიფო ცვლილება გარდაუვალი იქნება, თუმცა უმნიშვნელოდ გაზრდილ გადასახადს მოსახლეობა უმტკივნეულოდ გადაიტანს.

    ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ელოდებიან "ენერგო-პრო ჯორჯიაში". კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გივი ჯღარკავა ამბობს, რომ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით ხარჯი გაეზარდა, შესაბამისად, იგი უნდა დაკომპენსირდეს.

    "ჩვენ გვიძვირდება საინვესტიციო ვალებულებები, შესაბამისად, გარკვეულ ზრდასთან იქნება ეს დაკავშირებული, მაგრამ ბევრი კომპონენტისგან შედგება ტარიფი და რომელიმე მათგანში, შესაძლოა, ეკონომია მოხდეს. მცირედი ზრდა უნდა იყოს მოსალოდნელი, შეიძლება საგრძნობიც იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან ინვესტიციების ძირითადი ნაწილი უცხოეთში გაედინება, ვინაიდან ძირითადი კომპონენტები, რაც ყველაზე ძვირია, უცხოეთიდან შემოდის და ჩვენ გვიწევს მათი ევროკავშირის ქვეყნებში შესყიდვა.

    საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი შემოსავალი ლარშია, ინვესტირება კი ევროში ან დოლარში გვიწევს. შესაბამისად, გაცვლითი კურსი პირდაპირ გავლენას ახდენს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე", - აცხადებს ჯღარკავა.

    რაც შეეხება სემეკის სატარიფო მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, გარდა თბოელექტროსადგურებისა, ყველა კომპანიისთვის ტარიფები სამწლიანი ვადით დაანგარიშდება, ეს მეთოდი უფრო პროგნოზირებადს ხდის გარემოს, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა მაინც პრობლემებს ქმნის ინვესტორებისთვის.

    სემეკის გადაწყვეტილებამდე სატარიფო ცვლილებაზე კონკრეტულ კომენტარებს ერიდებიან ენერგეტიკოსები. პროფესორი ანზორ ჭითანავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რთულია გაძვირებაზე საუბარი, თუმცა არც იმას უნდა ველოდოთ, რომ ტარიფი ადრინდელ მაჩვენებელზე დარჩება. ნებისმიერი გაძვირება მტკივნეული გადასატანია, რადგან ამის პარალელურად მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება.

    "სანამ საბოლოო პასუხი არ იქნება, ძნელია, კონკრეტულად რომელიმე კითხვას ვუპასუხო. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ტარიფი მოიმატებს და არც იმისა, რომ ამ ნიშნულზე დარჩება. ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც მატებას უკავშირდება, მტკივნეულია. მოსახლეობის შემოსავალი არ იზრდება, შესაბამისად, ყოველგვარი გაძვირება მათთვის ძალიან რთულად გადასატანია. ადამიანების კეთილდღეობა რომ უმჯობესდებოდეს, არ იქნებოდა საგანგაშო ფასების ცვლილება.

    კარგად ვიცით, რომ დღეს პენსიაც კი არ გაიცემა იმ ოდენობით, რაც საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ. არც საშუალო ხელფასია ისეთი, რომ ოჯახმა დანაზოგის სახით რაიმე გადაინახოს. ეს პროპორცია ქვეყანაში დარღვეულია. ამიტომ რა გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს მიღებული თუნდაც მინიმალური მატების სახით, ყველფერი იქნება რეალური, მაგრამ უსამართლო და მტკივნეული", - განუცხადა "რეზონანსს" ჭითანავამ.

    მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდება ენერგეტიკოსი და პარლამენტის წევრი რეზო არველაძე. იგი მიიჩნევს, რომ გაძვირების საკითხი დაყენებულია, შესაბამისი ინვესტიციაც შემოსულია, ხოლო მისი ზრდის პარალელურად ტარიფის ნაბიჯ-ნაბიჯ მატება ნამდვილად მოსალოდნელია.

    "თუ გაძვირდება სამომხმარებლო ტარიფი, მარეგულირებელმა უნდა აგვიხსნას, რომელმა კომპონენტმა განაპირობა მატება. როგორც მათ თქვეს, გაძვირება არ იქნება სერიოზული და უმნიშვნელო მატებასთან გვექნება საქმე. ესე იგი არის ინვესტიციები შემოსული, რახან კომპანიებმა დააყენეს ეს საკითხი.

    რა თქმა უნდა, ლარის კურსის ცვლილების გამო არ უნდა მოხდეს გაძვირება, რადგან კურსი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელზეც დაითვალეს ტარიფი. რჩება ინვესტიციების კომპონენტი, რომელიც თავისთავად ცხადია, რომ ტარიფში ინაცვლებს და მისი ზრდა უნდა გამოიწვიოს. კაპიტალდაბანდება ხორციელდება იმიტომ, რომ მოხმარება იზრდება და საჭიროა ახალი ობიექტების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, რამდენად გაიზრდება ტარიფი, რთული სათქმელია, თუმცა პერსპექტივაში ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდას უნდა ველოდოთ.

    არ შეიძლება, რომ ნახტომისებური ზრდა მოხდეს, ხალხს უნდა გაეწიოს ანგარიში. მთავარი მაინც ის არის, რომ მოსახლეობა გახდეს გადახდისუნარიანი. თუ ეს გამოწვევა არ დაიძლევა, არაფერს აზრი არ ექნება. დასაქმებულ ხალხს შემოსავალიც ექნება და ტარიფების მცირე ზრდა მათზე გავლენას ვერ მოახდენს. თუკი ეს ვითარება არ შეიცვალა, თავისთავად ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" არველაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter