სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რაღაც ცვლილება ტარიფში იქნება, თუმცა არა ისეთი, რომ მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედოს"
    ნათია ლომიძე
    16.12.2017

     სემეკი სამომხმარებლო ტარფის გაზრდის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს, თუმცა, "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ფასნამატი 1 თეთრზე ნაკლები იქნება. ამჟამად მარეგულირებელ კომისიაში დიდი ვაჭრობაა გაჩაღებული. ენერგოკომპანიები უფრო მეტს ითხოვენ, მაგრამ მათი მადის სრულად დაკმაყოფილება ვერ მოხდება. 1 თეთრი ის მაქსიმუმია, რომელიც შეიძლება ამჟამად მოქმედ ტარიფს დაემატოს.

    ენერგოკომპანიები ამტკიცებენ, რომ ტარიფი უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, რადგან ისინი სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებენ. მარეგულირებლის პოზიცა კი ასეთია: იზრდება დანახარჯი - იზრდება მოხმარებაც, შესაბამისად, კომპანიები მეტ ელექტროენერგიას ყიდიან და უფრო მეტ მოგებასაც იღებენ. ასე რომ, ახლანდელი ფასის პირობებშიც კი არ დაზარალდება ბიზნესი.

    სამომხმარებლო ტარიფის ზრდის აუცილებლობას ვერ ხედავენ ვერც ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები. მათი თქმით, შესაძლოა, ტარიფი გაიზარდოს, თუმცა იმდენად უმნიშვნელოდ, რომ მოსახლეობაზე მტკივნეულად არ აისახება.

    ამ დღეებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომპანიების განაცხადს სწავლობს. 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე საინვესტიციო გეგმები განიხილა და დაადგინა:

    შპს "ენგურჰესის" 2017-19 წლების კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 94 304 000 ლარით განისაზღვრა; შპს "ვარდნილჰესების კასკადის" 2017-19 წლების ინვესტიციები - 37 581 700 ლარით; "გუმათჰესების კასკადის" - 11 150 000 ლარით; "ლაჯანურჰესის" - 4 738 759 ლარით; "რიონჰესის" - 13 729 085 ლარით; "შაორჰესის" - 7 040 730 ლარით; "ძევრულაჰესის" - 6 920 000 ლარით.

    სს "თელასის" მიერ 2017-20 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 66 241 526 ლარს შეადგენს. შპს "ენერგოტრანსის" 3 წლის საინვესტიციო მოცულობა 2 061 000 ლარით განისაზღვრა, სს "საქრუსენერგოს" მიერ ამავე პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა - 6 609 000 ლარით. სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ 2016-20 წლების ინვესტიციები 587 945 172 ლარს შეადგენს.

    გარდა ამისა, სემეკმა 14 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს "ენერგო პრო ჯორჯიასა" და ჰიდროელექტროსადგურ "ჟინვალჰესის" საინვესტიციო გეგმებიც შეათანხმა. შესაბამისად, "ენერგო პრო ჯორჯიას" 2017-20 წლების საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 278 405 491 ლარს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურ "ჟინვალჰესის" 2017-19 წლების საინვესტიციო მოცულობა - 16 317 066 ლარს.

    გუშინ კი სემეკს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები უნდა დაედგინათ თუმცა კომისიამ ეს ვერ მოახერხა. საუბარია, რომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესებისთვის ტარიფი გაიზარდოს, მიზეზად კი სახელდება ის ფაქტი, რომ აფხაზეთს დენი უსასყიდლოდ მიაქვს და ამიტომ გიგანტური ჰესი ფინანსურ ზარალს განიცდის. გამოდის, რომ სეპარატისტების თავგასულობის გამო საქართველოს მოსახლეობა უნდა დაზარალდეს.

    სემეკის წევრი გიორგი ფანგანი ჯერჯერობით ამტკიცებს, რომ "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის" ტარიფის გაზრდა სამომხმარებლო გადასახადს პირდაპირ ვერ გაზრდის.

    "დღეს მოვისმინეთ სრული ინფორმაცია კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. ერთადერთი, რაც არ გვქონდა, ეს იყო ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსი, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი სამინისტრო და ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო. ეს ბალანსი აუცილებელია ჩვენთვის, რომ ტარიფები საბოლოოდ დავიანგარიშოთ, რადგანაც ელექტროენერგიის გამომუშავების რაოდენობა ზუსტად ბალანსითაა გათვალისწინებული. როგორც კი მივიღებთ სამინისტროსგან ბალანსს (ეს იქნება მომავალი კვირის დასაწყისში), დავამტკიცებთ ამ ორი ჰესის ტარიფებს. გვქონდა ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია, თუმცა საჭირო გახდა მისი კიდევ ერთხელ დაზუსტება. "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების" კასკადის ტარიფები დღეის მდგომარეობით საქართველოში ყველაზე დაბალია, შესაბამისად, მათი გაძვირება პირდაპირ და ცალსახად ვერ გაზრდის სამომხმარებლო ტარიფს", - აცხადებს ფანგანი.

    სამომხმარებლო ტარიფის მატებას მართებულად არ მიიჩნევს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ნამდვილად არ არის აუცილებელი გადასახადის გაზრდა. მთავრობამ და სემეკმა უნდა მოსთხოვონ კომპანიებს ხელშეკრულების პირობების შესრულება და ყველაფერი ეტაპობრივად დალაგდება.

    "ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და ახლაც გავიმეორებ, რომ ტარიფის გაზრდა ამ მომენტისთვის მართებული არ არის. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ, მოყოლებული 2007 წლიდან, არც ერთი შესრულებული არ არის. ეს ეხება როგორც ჰესების მშენებლობას, ასევე ბევრ სხვა საკითხს, რომელიც ხელშეკრულებებითა და მემორანდუმებით იყო ნაგულისხმევი.

    მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა და ეს მთლიანად მარეგულირებლის პრეროგატივაა, ვფიქრობ, უნდა მოითხოვონ ხელშეკრულების შესრულება და ყველაფერი ეტაპობრივად დალაგდება. რაც შეეხება ჰესებს, ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ტარიფის გაზრდა, როდესაც საქმე ენგურჰესს და, ზოგადად, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ჰესებს ეხება. მას ნამდვილად მიზერული აქვს ტარიფი და უფრო მეტი უნდა ჰქონდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭინაძემ.

    სამომხმარებლო ფასების ზრდას არ გამორიცხავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ფასნამატი დიდი არ იქნება და ამას მოსახლეობა უმტკივნეულოდ გადაიტანს. დოლარისა და ლარის "ურთიერთობა" მოწესრიგდა, შესაბამისად, ეს კომპონენტი ვეღარ იქონიებს გავლენას ტარიფზე. რჩება ინვესტიციები, თუმცა ამ კომპონენტში მდგომარეობა არ გართულდება.

    "ვფიქრობ, რაღაც ცვლილება ტარიფში იქნება, თუმცა არა ისეთი, რომ მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ენგურჰესის გენერაციის ტარიფი უნდა გაზარდონ. უნდა აღინიშნოს, რომ დოლარისა და ლარის "ურთიერთობა" მოწესრიგდა, შესაბამისად, ეს კომპონენტი ვეღარ იქონიებს გავლენას დენის გადასახადზე. რჩება ინვესტიციების კომპონენტი. ამ კუთხით მე მაქვს ინფორმაცია, რომ მთელ რიგ ენერგოკომპანიებს განუცხადეს, თანხები ინვესტიციიდან ამოეღოთ და გადაეტანათ მიმდინარე, საოპერაციო და სხვა ხარჯებში.

    ასე რომ, რამე კატასტროფული ზრდა ტარიფზე არ იქნება. ციფრი, რომელიც ინვესტიციების მიმართულებით შეათანხმა სემეკმა, მართლაც დიდია, მაგრამ ეს არის გაწერილი 3 წელზე და ტარიფიც დგინდება 3 წლით. შესაბამისად, კომუნალურ გადასახადზე ინვესტიციის წილი არ იქნება გარდამტეხი.

    რაც შეეხება ლიცენზიანტებს, მათ ტარიფის გაზრდის მოთხოვნით არ მიუმართავთ სემეკისთვის. რომც მიემართათ, მაინც გადაიხედებოდა საკითხი, რადგან ეს არის ყოველწლიური პროცესი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არაბიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter