სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იმპორტიორი: უკვე აღარ არის შემდგომი ცვლილების აუცილებლობა
    მარი ჩიტაია
    08.12.2017

     უახლოეს პერიოდში საქართველოში საწვავი არ გაძვირდება. მართალია, იმპორტიორების ნაწილს ფასის პროგნოზირება უჭირს, მაგრამ ნავთობპროდუქტების ბაზრებზე მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებული ფასი შენარჩუნდება. ამ ეტაპზე საწვავის ღირებულებაზე გავლენა ერთდროულად ორმა ფაქტორმა მოახდინა, როგორიცაა ფასების საერთაშორისო დინამიკა და ლარის კურსი.

    ზუსტად ერთი კვირაა, რაც უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასი კლებისკენ აღებულ კურსს აგრძელებს. მიმდინარე წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს წამყვან - ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასი 61 დოლარის ფარგლებშია, როცა ჯერ კიდევ 1-ელ დეკემბერს ეს მაჩვენებელი 64 დოლარს შეადგენდა.

    საგარეო ფაქტორი ადგილობრივი ბაზრისთვის პოზიტიურია, ლარიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას. როგორც ქართველი იმპორტიორები ვარაუდობენ, ეს ორივე ფაქტორი ფასზე სასიკეთოდ მოქმედებს და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს საწვავი არ გაუძვირდება.

    კომპანია "სენტას" დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია.

    "ვფიქრობ, ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე შეჩერდა ფასების ზრდა, გაძვირებას ნამდვილად არ ველოდები, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც. დადებითად მოქმედებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენციაა და ეს პროცესი უკვე თითქმის 1 კვირა გაგრძელდა. ბოლო დღეებში კომპანიებმა საწვავი ცოტათი გააძვირეს, მაგრამ უკვე აღარ არის შემდგომი ცვლილების აუცილებლობა. მეტსაც გეტყვით, სავარაუდოდ, ცოტათი შემცირდება ფასი აქაც, თუკი უცხოურ ბაზრებზე აღებული ტრენდი შენარჩუნდება. საერთაშორისო ფასი ჩვენთან ყოველთვის პოულობს ასახვას, ზოგჯერ ეს პროცესი მყისიერია, ხანაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ცხადია, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც ფასზე მოქმედებს.

    თუკი ლარის კურსმაც ხელი არ შეგვიწყო, ფასს ვერ შევინარჩუნებთ. გააჩნია, როგორ იმუშავებს ეს ფაქტორი და როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით. მართალია, მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ლარი ცოტათი სტაბილურია. ეს გვაფიქრებინებს, რომ მოკლე პერიოდში საქართველოში საფასო პოლიტიკა არ გადაიხედება, თუმცა საკმარისია, კურსი გაუფასურდეს, რომ ფასების კორექტირება კვლავ მოგვიწევს, ამისგან არ ვართ დაზღვეული", - აცხადებს იაკობიძე.

    მისი პოზიციის მიუხედავად, ფასთან დაკავშირებით პროგნოზირება ქართულ კომპანიებში უჭირთ. იმპორტიორების მეორე ნაწილი არ მალავს, რომ ლარის სტაბილურობის იმედი არ აქვს და ყოველდღიურად ცვლილების მოლოდინშია. კომპანია "ლუკოილში" ამბობენ, რომ ფასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რადგან სიტუაციის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია.

    "სავალუტო კურსის დინამიკა და საერთაშორისო ბაზრის ფასი არანაირ პროგნოზს არ ექვემდებარება. ვერ ვივარაუდებთ, რა იქნება 1 კვირაში ან თუნდაც უახლოეს 2-3 დღეშიც, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. მიმდინარე ტენდენცია ნამდვილად არ იძლევა საბაბს, რომ ფასებზე თავდაჯერებით ვისაუბროთ როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. ასე ვამბობ იმიტომ, რომ არ მაქვს არანაირი საბაბი, მიმდინარე ტენდენციით ვიხელმძღვანელო, რომელიც, ზუსტად ვიცი, ვერ შენარჩუნდება. ერთი და იგივე კურსი და ერთი და იგივე "პლატცი" ხვალ ან ზეგ ნამდვილად არ გვექნება. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია იქნება იმ რეალობის ადეკვატური, რაც კონკრეტულ პერიოდში დადგება. ჯერჯერობით კი სამწუხარო რეალობა გვაქვს, როცა ფასების ზრდა გვიწევს", - ამბობს მიშველაძე.

    პროგნოზირება უჭირთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშიც, სადაც განმარტავენ, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ტრენდი უცხოურ ბაზრებზე შენარჩუნებული ან გადამწყვეტ მომენტში რა ნიშნულს დაიჭერს ლარი.

    "მოლოდინზე ჯერ ადრეა საუბარი, საერთაშორისო ფასი ერთი მხრივ და, ასევე, ლარის გაცვლითი კურსი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ჯერჯერობით ლარი მნიშვნელოვნადაა გაძვირებული დოლარის მიმართ, თუმცა რაღაც დოზით ინარჩუნებს სტაბილურობას მაღალ ნიშნულზე. კურსზე იმედს ვერ დავამყარებთ, აშკარაა, რომ ბაზარზე პერსპექტივა ბუნდოვანია.

    საერთაშორისო ფასი მომატებულია და ჩვენ არ ვიცით, "ოპეკის" წევრი ქვეყნების შეთანხმების შემდეგ როგორ შეიცვლება ვითარება ნავთობის მოპოვების კვოტების გაგრძელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნაადრევია თქმა, თუ საით წავა ფასი. ყოველ შემთხვევაში, ეს შეთანხმება ემსახურება იმას, რომ ფასები სტაბილურად მაღალი იყოს.

    გარდა ამისა, რაც უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს უკიდურესად გაუფასურებული ლარი. საწვავის კომპანიებში წინა დღეებში მოხდა ფასების კორექტირება, არ ვიცით, ხვალ, ზეგ და უახლოეს პერიოდში რა იქნება. რამდენადაც ვიცი, ზოგიერთმა კომპანიამ ფასები გაზარდა გუშინაც. სხვას ხვალ ან ზეგ რა აზრიც მოუვა, იმის ადეკვატურად მოიქცევა. უცხოელმა ანალიტიკოსებმაც კი არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენ ხანს შენარჩუნდება კლებისკენ მიმართული დინამიკა", - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ "ოპეკის" წევრი ქვეყნების შეთანხმების მიხედვით, რომელიც ნავთობის ფასის ზრდას და ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, დღიური წარმოება 2018 წლის მარტამდე 1,8 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter