სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ოფიციალურმა სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალო ხელფასის ზრდა მითია და მეტი არაფერი
    მარი ჩიტაია
    02.12.2017

     საქართველოს ყოველი მეორე ოჯახი მიზერული შემოსავლის ამარაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგმა საშუალო თვიური ხელფასის ამსახველი სტატისტიკა თავდაყირა დააყენა. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ოჯახების შემოსავლების სავალალო მაჩვენებელი ოფიციალური უწყების მეთოდოლოგიასთან აშკარა წინააღმდეგობაშია.

    "საქსტატის" მონაცემით, 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1106 ლარით განისაზღვრა. სპეციალისტების გაანგარიშებით კი, მეთოდოლოგიის შეცვლის შემთხვევაში ეს ნიშნული რეალობას მიუახლოვდება და რამდენიმე ასეული ლარით შემცირდება.

    ამ დროს დიამეტრულად განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს იგივე "საქსტატი" სხვა კვლევის საფუძველზე. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მასშტაბით ოჯახების 46,7%-ის საშუალო ყოველთვიური ფულადი შემოსავალი 101-დან 400 ლარამდეა. ასეთი შემოსავალი ქალაქში მცხოვრებთა - 35,9%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრებთა 61,6%-ს აქვს. შედარებით მაღალი, 401-800 ლარი ოჯახების 24,3%-ს აქვს. ქალაქში ამ ოდენობის შემოსავალი ოჯახების 26,9%-ს აქვს, ხოლო სოფლად - 20,8%-ს. ოჯახების შედარებით მცირე ნაწილის - 13,6% - შემოსავალი ყოველთვიურად 801-1500 ლარს შეადგენს, 1500 ლარზე მეტს კი ყოველთვიურად ოჯახების 5,9% იღებს.

    განსაკუთრებით საგანგაშოა ფაქტი, რომ ყოველთვიურად ყველაზე მცირე შემოსავალი - 100 ლარი და ნაკლები ოჯახების 4%-ს აქვს. ამ ოდენობის შემოსავალი ქალაქში მცხოვრები ოჯახების - 2,3%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 6,3%-ს აქვს.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით სპეციალისტებს უარყოფითი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობისა და დაბალშემოსავლიან პირთა ხელფასების ერთ კალათაში მოქცევა არასწორია.

    "მაღალი თანამდებობის პირების, ვთქვათ, საჯარო მოხელეების, ტოპმენეჯერებისა და სხვათა და დაბალშემოსავლიანთა ანაზღაურება უნდა გაიმიჯნოს. შედარებისთვის, ამერიკაში მეთოდოლოგიის მიღმაა მენეჯერების, მსახიობების, ცნობილი ადვოკატებისა და სხვათა ხელფასები, რაც საქართველოშიც გასათვალისწინებელია. ზოგს იმდენად მაღალი შემოსავალი აქვს, განსაკუთრებით კომერციულ სექტორში, რომ ერთი კაცი ვერც კი დახარჯავს. ამ კატეგორიის პირთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია.

    საერთო კალათაში მაღალშემოსავლიანთა ხელფასის გაუთვალისწინებლობა სტატისტიკას მნიშვნელოვნად შეცვლის. თანაც 20%-იან საშემოსავლო გადასახადის წილსაც თუ გამოვაკლებთ, მაშინ ეს 1106-ლარიანი თვიური საშუალო ხელფასი რამდენიმე ასეული ლარით შემცირდება", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

    რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, იგი რეალობასთან ძალიან ახლოსაა და იმავდროულად მძიმეც.

    "ხელფასების მიმღებთა კონტინგენტი არც ისე ბევრია საქართველოში. ყოველ 1000 კაცზე ხელფასს 2-ჯერ ნაკლები ადამიანი იღებს, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში. ამ ხნის განმავლობაში ხელფასების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა 3-ჯერ, როცა მოსახლეობა შეგვიმცირდა მხოლოდ 1/3-ით. ეს მანიშნებელია იმისა, თუ რატომ მოხდა მიგრაციის ზრდა. ამასთან, მაღალია დიფერენცირება მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით და ძალიან ბევრ ადამიანს არსებობის საშუალებაც კი არ აქვს მიზერული შემოსავლის გამო", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ და დასძინა, რომ შემოსავლების შემცირებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა დევალვაციამ, რის გამოც ხალხს შემოსავლიდან მიზერული თანხაც არ რჩება და მისი მდგომარეობა არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც კი გაუსაძლისია.

    "დამწვარზე მდუღარე დაასხესო, ასეა ჩვენი საქმე ლართან დაკავშირებითაც. დევალვაცია უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის შემოსავლებზე და ეს ბუნებრივია. ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით, საქართველო გაცილებით მეტად არის დამოკიდებული იმპორტზე, ვიდრე აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და სხვა. არაფერს ვამბობს ევროპის წამყვან ქვეყნებზე. ცხადია, ეს უარყოფითად მოქმედებს მოქალაქეების განწყობასა და მოლოდინზე.

    რამდენად ადეკვატურად ან სრულად იძლევიან ოჯახები შემოსავლებზე ინფორმაციას, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხელფასის წილი დაახლოებით 45-50%-ის ფარგლებში მერყეობს შინამეურნეობათა შემოსავლებში, რაც სხვა ქვეყნებში გაცილებით მაღალია", - დასძენს სტატისტიკოსი.

    ეკონომისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სტაგნაციაა, რაშიც ხალხი სავალუტო კრიზისის გამო აღმოჩნდა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხალხს დანაზოგის გადადების საშუალება არ აქვს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ გააჩნია, რომ ყოველდღიური ხარჯი გასწიოს.

    აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, საქართველოში ახლა ის მდგომარეობაა, როცა მოსახლეობა ხარჯავს მეტს და ყიდულობს ნაკლებს. ეს სიტუაცია ლარის დევალვაციამ გამოიწვია და აბსოლუტურ უმრავლესობას ამ პრობლემასთან გამკლავება უჭირს.

    "დევალვაციის შემთხვევაში მსყიდველუნარიანობა მცირდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ცხადია, თუ არ აქვს ადამიანს, ვერ დახარჯავს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხარჯავს იმავეს და ყიდულობს ნაკლებს. ეს არის ყველაზე ცუდი. ფულის გადანახვის ხარჯზე მცირეშემოსავლიანი ადამიანი ვერ იცხოვრებს.

    ვინც უცხოეთიდან იღებენ გზავნილებს, მხოლოდ ისინი არიან უკეთეს სიტუაციაში, რადგან დევალვაციის პერიოდში მეტი ლარის შესყიდვა შეუძლიათ, მაგრამ მეტ საქონელს ვერც ისინი ყიდულობენ. თუმცა მათი მდგომარეობა არსებითად არ არის გაუარესებული იმ კატეგორიასთან შედარებით, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს", - განმარტავს სილაგაძე.

    ლარის დევალვაციის გამო სერიოზული პრობლემა აქვთ შინამეურნეობებს, რომელთაც საბანკო ვალდებულებების გადახდა უწევთ.

    "ძალიან დიდი თანხა გადის ქვეყნიდან ამ ვალების მომსახურებაზე როგორც ძირითადი თანხის სახით, ასევე პროცენტებიც. თავისთავად ეს ფაქტორი შინამეურნეობების განვითარებას ხელს უშლის, რადგან დოლარს ყიდულობენ ლარის მეშვეობით და გაცილებით მეტი ფულის ხარჯვა უწევთ. ასეულ მილიონობით დოლარის ვალზეა საუბარი უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რაც ეკონომიკისთვის ძნელი ასაწევია.

    ბევრი შეკითხვა ისმის, რა უნდა ვქნათ. ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი ამ შეკითხვას, რადგან საზოგადოება უფლებამოსილია, იცოდეს, ვინ იღებს ამ სესხებს, რა შემოსდის სახელმწიფოს და რა მოიგო მსესხებელმა", - განუცხადა "რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter