სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ოპეკმა შეთანხმება 9 თვით გააგრძელა, საწვავის გაიაფება, პრაქტიკულად, გამოირიცხა
    ნათია ლომიძე
    02.12.2017

     ოპეკის ქვეყნების შეთანხმება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების წინაპირობაა. 2018 წელი შეიძლება მომხმარებელს საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდეს. საქართველოს საცალო ქსელში ამ დროისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. გაძვირების მორიგი ტალღა საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება მომხმარებლისთვისაც და ბიზნესისთვისაც.

    შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის ბოლომდე ძალაში დარჩება, შესაძლოა, ნავთობი ბოლო წლების უპრეცედენტო მაჩვენებლამდე გააძვიროს. 30 ნოემბერს ვენაში გაიმართა ოპეკი პლუსის მორიგი შეხვედრა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ქვეყნები უცვლელს დატოვებენ ნავთობის მოპოვებას 2016 წლის ოქტომბრის თვის დონეზე.

    ნავთობის მოპოვების შეზღუდვა მოუწევთ ასევე ლიბიასა და ნიგერიას, რომლებიც აქამდე გათავისუფლებულები იყვნენ ამ ვალდებულებისაგან რთული პოლიტიკური ვითარების გამო. ორგანიზაციამ მათგან მიიღო დაპირება, რომ არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას შეთანხმების მოქმედების ბოლომდე. შეხვედრაში მონაწილეობდა რამდენიმე სხვა ქვეყანაც (ეგვიპტე, თურქმენეთი, რამდენიმე აფრიკული სახელმწიფო), რომელთა წარმომადგენლებმაც სოლიდარობა გამოხატეს შეთანხმების მონაწილეებისადმი.

    ოპეკის ქვეყნების შეთანხმების შემდეგ ნავთობზე ფასის ზრდას არ გამორიცხავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მომპოვებელი ქვეყნების მთავარი ამოცანაა, არა მარტო ფასი გაზარდონ, არამედ შემდგომში მომატებული ფასი შეინარჩუნონ.

    "ოპეკის ქვეყნების შეთანხმებამ გამოიღო შედეგი და ნავთობის ფასმა მოიმატა, მიზეზი სწორედ ეს შეთანხმებაა. რა თქმა უნდა, ძირითადი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები მაღალი ფასის პირობებში იღებენ სერიოზულ შემოსავლებს, ცდილობენ, ეს პოლიტიკა არა მარტო გაგრძელდეს, არამედ მიიღოს სტაბილური ხასიათი.

    არის პროგნოზები, რომელთა ავტორები არიან სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ სხვადასხვა საინვესტიციო კორპორაცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ნავთობის ფასი 1 ბარელზე 50-55 დოლარი უნდა იყოს, თუმცა ყველა ხედავს, რომ გაცილებით მაღალია.

    დღეს არსებული ტარიფები ოპეკის წევრი ქვეყნებისთვის საკმაოდ მისაღებია. რა მოხდება მომავალში, ძალიან რთულია პროგნოზი. ფასი დგინდება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, ასევე დამოკიდებულია ფუნდამენტურ ფაქტორებზეც", - განუცხადა "რეზონანსს" მთვრალაშვილმა.

    ნავთობზე ფასის მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანიშვილი. ოპეკის შეთანხმების ფონზე ფასის შემცირება გამორიცხულია, თუმცა 2018 წლის განმავლობაში შავი ოქრო 10 დოლარით გაიზრდება თუ 20-ით, ამას დრო გვიჩვენებს.

    "რუსეთი არ არის ოპეკის წევრი ქვეყანა და ანალიტიკოსთა ნაწილი ელოდებოდა, რომ ის ამ შეთანხმებას არ გააგრძელებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ოპეკისა და რუსეთის აქტი მნიშვნელოვანი სიგნალია ბაზრისთვის, რადგან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი მომპოვებელი ქვეყნის (საუდის არაბეთი და რუსეთი) საკმაოდ მსხვილი ალიანსი გამოჩნდა. ამ შეთანხმებას შეუერთდნენ ნიგერია და ლიბიაც, რომლებიც აქამდე მოპოვების შემცირებას არ თანხმდებოდნენ. ახლა ისინიც ერთვებიან გლობალურ პროცესებში და ამიტომ, შესაძლოა, ნავთობის ფასის კიდევ უფრო ზრდა მივიღოთ. ერთი სიტყვით, ფასის შემცირებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა მომდევნო წლის განმავლობაში შავი ოქრო 10 დოლარით გაიზრდება თუ 20-ით, ამას დრო გვიჩვენებს.

    ყურადღებაა გასამახვილებელი იმ მოსაზრებაზე, თუ რატომ მიჰყვებიან საქართველოს ნავთობკომპანიები საერთაშორისო დინამიკას შეხმატკბილებულად. საქართველო 98%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ყველა იმპორტიორი კომპანია ავტომატურად მიბმულია გლობალურ ტენდენციებზე. მათ ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ", - განუცხადა "რეზონანსს" თარიმანიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter