სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მცირე მეწარმეები, ფაქტობრივად, განდევნილი არიან ბაზრიდან"
    ნათია ლომიძე
    28.11.2017

     მიუხედავად ბევრი პროგრამისა, რომელიც თითქოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი უნდა იყოს, ქვეყანაში მეწარმეთა უდიდეს ნაწილს წარმოებას მაინც არ უფინანსებენ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ელიან, თუმცა უშედეგოდ. მეწარმეები ამბობენ, რომ საქართველოში უცხოელებს მეტი ხელშეწყობა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე ადგილობრივებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლება არ სურს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპეციალისტები, თუმცა უარყოფენ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში.

    იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება სურდა მცირე მეწარმე მაია კაცაძეს, რომელმაც ჩანთების სამკერვალო გახსნა, თუმცა "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შემდეგ მისი საწარმო განადგურდა. დიდი ზარალის შემდეგ მან მოახერხა და წარმოება ხელახლა წიმოიწყო, პარალელურად კი დახმარების სათხოვნელად სახელმწიფოს მიმართა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დახმარება ვერავისგან მიიღო და ახლა უკვე დასაქმებული 15 ადამიანისა და საწარმოს შენახვა ძალიან უჭირს.

    "გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ჩანთების შემოტანაზე და შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ეს პროდუქცია თავად მეწარმოებინა. წინადადებით მივმართე "აწარმოე საქართველოს" პროგრამას, სადაც მითხრეს, რომ 75 000 დოლარი შემეძლო მიმეღო, ნაკლები თანხით ვერ დამაფინანსებდნენ. ამხელა თანხა არ მჭირდებოდა, რადგან დიდი პასუხისმგებლობის აღება პირველ ეტაპზე არ მინდოდა და უარი ვთქვი. შემდეგ მივმართე "ბავშვთა სამყაროს" გენერალურ დირექტორს და ის დამეხმარა 10 000 დოლარით (მას სურდა, "ბავშვთა სამყაროს" მალე თავისი ნაწარმი გაეყიდა და არ ყოფილიყო იმპორტზე დამოკიდებული). დავიწყე წარმოება, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. საწარმოში დასაქმებული მყავდა 15 ადამიანი.

    შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა და განადგურდა სავაჭრო ცენტრი, ოღონდ ჩემი საწარმო დაიწვა მესამე დღეს მეხანძრეთა უპასუხისმგებლობის გამო. თავად არ აქრობდნენ და არც მე მომცეს ამის საშუალება (საწარმოში მქონდა 4 ცეცხლმაქრი). თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, ამხელა საწარმო რატომ არ დააზღვიეო, ვეტყვი, რომ არ დამიზღვიეს, "ბავშვთა სამყარო" მაინც დაზღვეულიაო, - მითხრეს. ერთი სიტყვით, დამრჩა ბიზნესსესხი "კრედო ბანკში" (მათ 6 თვით შემიჩერეს გადასახადი, თუმცა შემდეგ ამ 6 თვის ოდენობა მეშვიდე თვეს ერთიანად გადამახდევინეს).

    ამ ყველაფრის შემდეგ მივმართე სახელმწიფოს დასახმარებლად, რადგან ხალხი მყავდა დასაქმებული, მეგონა, დამეხმარებოდნენ. მივედი ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მეწარმეთათვის სპეციალური განყოფილებაა და იძლევიან გრანტებს. მათ ასეთი პასუხი გამცეს, დავბრუნებულიყავი იქ, საიდანაც ვარ, სამტრედიაში, მომცემდნენ 15 000 ლარს და ერთი საკერავი მანქანით თავიდან დამეწყო ბიზნესი. იმდენად არაკვალიფიციური კადრები არიან სამინისტროში, ისიც არ იციან, ერთი საკერავი მანქანით ამხელა საწარმოს რომ ვერ ამუშავებ.

    ახლა მთავრობასთან მაქვს კითხვები: თუ არ აფინანსებენ ადამიანს, რომელსაც ბიზნესი კარგად ჰქონდა აწყობილი, დასაქმებული ჰყავდა ხალხი და იყო კარგი გადამხდელი, როგორ აფინანსებენ და ენდობიან ცარიელ ფურცელზე დაწერილი პროექტით მისულ ხალხს? თან ეს ყველაფერი ხდება იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ჩემი, როგორც გადამხდელის, ფულითაა შევსებული", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კაცაძემ.

    მის წინადადებას, საკუთარ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა სამკერვალო სალონი და იჯარისგან გათავისუფლებულიყო, არ დათანხმდნენ შესაბამის ორგანოებში.

    "მითხრეს, რომ მჭირდებოდა მეზობლების თანხმობა ზონის შეცვლაზე. როგორც გავარკვიე, ეს ნაკვეთები შეძენილი აქვს ხალხს, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში და კიდევ დიდხანს არ აპირებენ დაბრუნებას, თუმცა ვერ ვუკავშირდები და ფიზიკურად არ მიმიწვდება არც ერთზე ხელი, რომ ვთხოვო დახმარება. მაშინ ააშენე ისეთი საწარმო, თითქოს ფერმა იყოსო. კი, მაგრამ ვის შევთავაზო, წამოდით და საღორეში კერეთ ჩანთები-მეთქი. აი, ასეთი ცინიკოსი ხალხი გვყავს ქვეყნის სათავეში.

    იმ დროს, როდესაც უცხოელებს ყველანაირად უწყობენ ხელს, ოღონდ რაიმე ინვესტიცია დააბანდონ, ქართველს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ჩემი საქმეც ინვესტიციაა, აქედანაც შემოდის სარგებელი, თუმცა მათ არ აინტერესებთ ჩემი დახმარება. პარალელურად მივმართე დახმარებისთვის ბიზნესომბუდსმენს, ვიყავი მასთან შეხვედრაზე, თუმცა მაინც ვერ შეძლეს ჩემი დახმარება.

    მინდა, ის ხალხი, ვინც დასაქმებული მყავდა, ისევ დავასაქმო და ის ვალები, რაც ხანძრის შემდეგ დამრჩა, გავისტუმრო. მე თუ რამე დამემართა ამ ნერვიულობის ფონზე, ჩემს შვილს მაინც აღარ დარჩეს გასასტუმრებლად", - განაცხადა კაცაძემ.

    მეწარმის უკმაყოფილების მიზეზს ვერ ხედავს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესი ფინანსდება. არსებობს დახმარების სწორედ ისეთი მოდელი, რომელიც ექსპორტით იმპორტის ჩანაცვლებას ემსახურება.

    "ძალიან ცუდია ეს კონკრეტული შემთხვევა, რომ არ დაეხმარნენ, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესი ფინანსდება. ამ ადამიანმა მიმართოს მათ, ვინც გამოაცხადებს პატარა გრანტებით დაფინანსებას დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ამ კონკრეტული ფაქტით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან უამრავი რაღაც კეთდება და კეთდებოდა როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების პერიოდში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭელიძემ.

    მეწარმეთა უკამყოფილებაზე ამახვილებს ყურადღებას თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი არ ეწყობა. იგი მიხეილ ჭელიძის განცხადებებს ყოვლად უსაფუძვლოს უწოდებს.

    "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არაფერი კეთდება ქვეყანაში. აბსოლუტურად არ ეწყობა ხელი მათ, რომ გააფართოონ საკუთარი საქმე. რასაც სულ ვამბობ, იმას გავიმეორებ ახლაც, რომ არ არსებობს მცირე მეწარმეობის კანონი და მისი აღდგენისთვის უშედეგოდ ვიბრძვით 11 წელია. დღეს მცირე და მსხვილი ბიზნესი ერთნაირად იბეგრება, ეს არის ეკონომიკური ნონსენსი. ამ გადაწყვეტილებით მცირე მეწარმეები, ფაქტობრივად, განდევნილი არიან ბაზრიდან.

    შედარებით ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფო სუბსიდიებს აძლევს მცირე საწარმოებს, საქართველოში კი მსგავსი არაფერი ხდება. არ ვეთანხმები მიხეილ ჭელიძეს და პირდაპირ ვაცხადებ, რომ მათი მიდგომა არ არის წარმატებული. შეიძლება სახელმწიფოს უნდა, რომ ასე იყოს, თუმცა არ გამოსდის. როდესაც ქვეყანაში არანაირი ძვრა არ შეინიშნება, როდესაც არ არსებობს მცირე საწარმოები, რის საფუძველზე აცხადებს ჭელიძე, რომ სახელმწიფოს მიდგომა გამართლებულია? დაამტკიცონ, რომ ეს ასეა, თუ არადა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ეთერის საშუალებით ვიწვევ ტელედებატში და არა მგონია, თავის გამართლება ვინმემ შეძლოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ საკანდელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter