სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სავარაუდო მოგება, რასაც ბრენდირებული და არაბრენდირებული აგს-ები იღებენ, 1 ლიტრზე 14-18 თეთრია"
    მარი გოცირიძე
    07.11.2017

     არასტაბილური სავალუტო ვითარების გამო ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საგრძნობლად ზარალდებიან. გაზრდილი ფასნამატი, რაც ბოლო დრომდე საზოგადოებაში გარკვეული ჯგუფების მხრიდან აქტიურად განიხილებოდა, წარმოუდგენელია და ვინმეს მხოლოდ პოპულისტური განცხადებების საბაბად თუ გამოადგება. რეალურად მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან გაზრდილი ინფლაციის გავლენით ნავთობპროდუქტების ბიზნესი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის.

    როგორც საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით განმარტავს, სავარაუდო მოგება, რასაც ბრენდირებული და არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ოპერატორები ძირითადი საწვავების რეალიზაციიდან იღებენ, 1 ლიტრზე 14-18 თეთრის ფარგლებშია.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წელს საქართველოში სულ დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განხორციელდა. იმპორტის რაოდენობრივი განაწილება შემდეგია: ბენზინი - 576,200 ტონა; დიზელი - 653,400 ტონა; ბიტუმი - 102,200 ტონა; საავიაციო ნავთი - 70,700 ტონა.

    "საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არის ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი: შპს "გლობუსი" (თბილისში, სადგურ ველის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქარხანა), რომელიც ამ ეტაპზე არ საქმიანობს და შპს "ზდ ნავთობის კომპანია" (სოფელ მარტყოფში, ვაზიანის ტერიტორიაზე მდებარე ქარხანა), რომელიც მუშაობს. ორივე საწარმოზე ლიცენზიები გაიცა 2015 წელს 25 წლის ვადით. 2017 წლის ||| კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად წარმოებულია: ნაფტა - 1371.8 ტონა; ბენზინი - 1775 ტონა; დიზელი - 4426.8 ტონა; მაზუთი - 3717.9 ტონა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამონაწილეობა მთლიან იმპორტთან მიმართებით, საშუალოდ, 2%-ია. შესაბამისად, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი 98%-ით დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საწვავზე.

    ნავთობპროდუქტების შესყიდვის ფასების განსაზღვრის საფუძვლად კომპანიები იყენებენ თ$ზ პდწიფდ ზდფეეთ-ის მიერ ("პლატცი") გამოქვეყნებულ ყოველდღიურ პუბლიკაციებს. თ$ზ პდწიფდ-ის ნაწილი თ$ზ პდწიფდ ზდფეეთ-ის სათავო ოფისი ლონდონშია, რომლის დაფარვის არეალი 1000 თანამშრომლით 5 კონტინენტს მოიცავს", - განმარტავს ჯაბა თარიმანაშვილი.

    ანალიტიკოსი სპეციალური ცხრილის საშუალებით განიხილავს ნავთობის ფასის ცვლილების გავლენას "პლატცის" მიერ ნავთობპროდუქტების გამოქვეყნებულ ფასებზე. კერძოდ, ნავთობის ფასი განისაზღვრება ბარელში. ბარელი დაახლოებით 159 ლიტრია. ერთი ტონა ნავთობის ფასის მისაღებად ბარელი, საშუალოდ, მრავლდება 7,35-ზე, ხოლო ფაქტობრივი კოეფიციენტი გამოითვლება კონკრეტული ნავთობის ხვედრითი წონის მიხედვით. "ბლუმბერგის" პლატფორმის მონაცემებით, 2017 წლის 1-24 ოქტომბერს მინიმალური ღირებულება "ბრენტის" ტიპის ნავთობზე 55,62 დოლარია, ხოლო მაქსიმალური - 58,40 დოლარი. საშუალოდ, 5%-იანი ცვლილება შეინიშნება.

    2017 წლის 1-24 ოქტომბრის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ფასები შემდეგია. მინიმალური: დიზელზე 505 დოლარი/ტონაზე; ბენზინზე 541 დოლარი/ტონაზე; მაქსიმალური:  დიზელზე 540 დოლარი/ტონაზე; ბენზინზე - 565 დოლარი/ტონაზე. ეს ნიშნავს, რომ დიზელზე, საშუალოდ, 7%-იანი ცვლილებაა, ხოლო ბენზინზე, საშუალოდ - 4,5%-იანი.

    ზემოთ აღნიშნულ ფასწარმოქმნის ალგორითმში გამოყენებული საბაზისო ფასი აღებულია "პლატცის" ევროპული საწვავის ფასების, დიზელისა და ბენზინის, 24 ოქტომბრის პუბლიკაციის საფუძველზე.

    "ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში იმპორტის ძირითადი წილი მოდის "რეგულარის" ტიპის ბენზინსა და ევროდიზელზე. "პრემიუმისა" და "სუპერის" შემთხვევაში, დამატებითი განხილვისათვის 2 პუნქტში მოცემულ პრემიას უნდა დაემატოს 95 ოქტანობის "პრემიუმ" ბენზინზე 35-40 დოლარი/ტონაზე, ხოლო 98 ოქტანობის "სუპერ" ბენზინზე 70-75 დოლარი/ტონაზე.

    შესაბამისად, ალგორითმის მიხედვით, სავარაუდო მოგება, რომელსაც ბრენდირებული და არაბრენდირებული აგს-ის ოპერატორები ძირითადი საწვავების რეალიზაციიდან იღებენ, არის 14-18 თეთრი 1 ლიტრზე.

    აღნიშნული მარჟა (სავარაუდო მოგება დაბეგვრამდე) არ შეიცავს დანახარჯს და ფინანსურ ზარალს, რომელიც საწვავის ფასის ცვალებადობისგან არის გამოწვეული, ან რისკების დაზღვევა (ჰეჯირება) სჭირდება", - განმარტავს ჯაბა თარიმანაშვილი და დასძენს, რომ კომპანიებს საკმაოდ რთულ ვითარებას ვალუტის არასტაბილური გაცვლითი კურსი უქმნის.

    "ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და საცალო მოვაჭრეებს არა აქვთ 70-თეთრიანი ფასნამატი, რაც მართლაც წარმოუდგენელია და ხშირად პოპულისტური ან პროპაგანდისტული განცხადებების საბაბი ხდება. ის სავარაუდო მარჟა, რომელიც საბითუმო ან საცალო საწვავის რეალიზატორებს აქვთ დაბეგვრამდე მოგებისთვის გათვალისწინებული, ხშირად ვალუტის კურსის არასტაბილურობის გამო სრულად ან გაცილებით მეტად იკარგება. შესაბამისად, თუ მოკლე პერიოდში საბითუმო საწვავის რეალიზატორი იღებს მოგებას, გრძელვადიან პერიოდში ეს მოგება და შესაძლოა, უფრო მეტიც იკარგება ვალუტის კურსის არასტაბილურობისგან გამოწვეული ზარალის გამო.

    ასეთი არასტაბილური მდგომარეობა, უკვე სამი წელია, გრძელდება, როდესაც ვალუტის არაპროგნოზირებადი ცვალებადობის გამო იმპორტიორები სოლიდურ ზარალს იღებენ, მაგრამ რატომღაც აქტიურად არ განიხილება ეს საკითხი. აუცილებელია, წამოიჭრას პრობლემები და მოიძებნოს გადაჭრის გზები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს იმპორტიორების ფინანსური მდგომარეობა", - აცხადებს ანალიტიკოსი.

    არსებულ ვითარებაში, როგორც ჯაბა თარიმანაშვილი განმარტავს, საუბარი ესტონური საგადასახადო მოდელის ბიზნესის მხარდაჭერაზე არასწორია. მისი შეფასებით, შესაძლო რეინვესტირების განხორციელების მიზნით, მოგების გადასახადის მოხსნის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა ნულის ტოლია, თუ ბიზნესმა მოგება ვერ მიიღო.

    გარდა ამისა, როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნესსაც დიდ პრობლემას უქმნის ინფლაცია, რომლის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევა ვერაფრით ხერხდება. ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირების დღევანდელი მექანიზმი დრომოჭმულია. განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომელთათვის იმპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

    "ინფლაციური თარგეთირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი დონეა, რომელიც 4%-ით იყო განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, დღეს რეალურად გვაქვს 6,2%, ამიტომ თუ თარგეთირების დღევანდელი მექანიზმი არ მუშაობს, უნდა მოხდეს ცვლილება უფრო კომპლექსური მიდგომის გზით, ინფლაციური თარგეთირების კომპონენტების გაფართოებით და ასევე იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რომლებიც მნიშვნელოვანია შეჭირვებული ოჯახებისთვის", - განმარტავს პაპავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter