სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნათია ლომიძე
    26.10.2017

     ლარის გაფასურების პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ გულგრილად აკვირდება. ფაქტია, რომ უწყების მხრიდან დევალვაციის შესაჩერებლად არანაირი ქმედითი ღონისძიება არ ტარდება, პირიქით, სებ-ის ინერტული პოზიცია ლარს უფრო მეტად ასუსტებს. ამასობაში ფასები მაღლა მიიწევს და ძალიან მალე ინფლაციის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ფინანსისტები თვლიან, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან ლარი 2.56-იან მაჩვენებელს გადასცდება, ხოლო ინფლაცია სამომხმარებლო პროდუქტებზე 12%-საც კი მიაღწევს.

    მოსალოდნელი ინფლაციური კოლაფსის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. სპეციალისტები ამ ფაქტს უარყოფითად აფასებენ და ლარის დევალვაციაზე ხელშეწყობად მიიჩნევენ. "ეფიქს ჯგუფის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ სებ-ი დღევანდელი განმარტებები დომინანტ ბანკებს ახალისებს და ხელ-ფეხს უხსნის, ლარის ე.წ. მცურავი კურსი გადაიყვანოს "მყვინთავ-მფრინავ" კურსად. შესაბამისად, 2-4 ნოემბრიდან ლარი უკან მოიტოვებს 2,56-იან ნიშნულს.

    "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიუხედავად მიზნობრივ და მიმდინარე ინფლაციას შორის 2-ჯერ მეტი სხვაობისა, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. სებ-ის ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, კერძოდ ის, რომ ეკონომიკის ზრდა დღეის მდგომარეობით 4,7%-ია, შემოსავლები ტურიზმიდან იმატებს, საქონლის ექსპორტი მომატებულია, უცხოეთიდან (ემიგრანტების მხრიდან) ჩამორიცხვებიც გაზრდილია. თუ ყველაფერ ამას დავამატებთ მთავრობის მხრიდან შესრულებულ ვალდებულებებს საბიუჯეტო შემოსავლების კუთხით, ამ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა გამოიწვიოს.

    ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ "ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნება", თუმცა კომენტარი ლარის ერთ დღეში ასეთ საგრძნობ გაუფასურებაზე არ გააკეთა.

    ჩვენთვის საფუძველს მოკლებული და უსუსურია განცხადება, რომ ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები იკვეთება საგადასახდელო ბალანსში და ეს ინფორმაცია დაგვიანებით ვლინდება, ამიტომ რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ მოსალოდნელი შოკი.

    ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების პროცენტის უცვლელად დატოვების თაობაზე და მისი დღევანდელი განმარტებები დომინანტ ბანკებს წაახალისებს და ხელ-ფეხს გაუხსნის, ლარის ე.წ. მცურავი კურსი გარდაქმნან "მყვინთავ-მფრინავ" კურსად. 2-4 ნოემბრიდან ლარი უკან მოიტოვებს 2,56-იან ნიშნულს", - განაცხადა შენგელიამ.

     სპეციალისტი მოახლოებულ ზამთარსა და პროდუქციის გაძვირებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოკლევადიანი რყევა იწვევს ფასების ზრდას პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებსა და მომსახურებაზე. დეკემბერში მინიმუმ 8%-იანი მატება გვექნება სახეზე, გაზაფხულისთვის ეს მაჩვნებელი 12%-მდე გაიზრდება. ზამთარსა და გაზაფხულზე სოფლის მოსახლეობა შიმშილისთვის, ხოლო ქალაქელები მაღალი ფასებისთვის არიან განწირული.

    "მინდა შევახსენო ბანკის მესვეურთ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია (როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს) გახლავთ დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნება. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ასეა მათი საქმე. სწორედ მოკლევადიანი რყევებია, რომ იწვევს ფასების ზრდას პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

    საბითუმო ფასები უკვე აწეულია. სავარაუდოდ, დეკემბერში მინიმუმ 8%-იანი მატება გვექნება პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ლარის გაცვლით კურსს კი, ამ პოლიტიკითა და მიდგომით, როგორიც ეროვნულ ბანკს აქვს, კარგი მომავალი არ ელის. ქვეყანას უმძიმესი ზამთრისა და შემდეგ უკვე გაზაფხულის გადატანა მოუწევს. ამბობენ, ჩვენი ექსპორტი იზრდებაო, რის საფუძველზე ხდება ეს, მიკვირს. თხილი გვქონდა დიდი რაოდენობით და ისეც აღარ გვაქვს, მისი წილი ძალიან მცირე იქნება.

    არ ვიცი, როგორ უნდა გაძლოს სოფლად მოსახლეობამ, როდესაც ფაროსანამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ფაქტობრივად, რეგიონის მოსახლეობა შიმშილისთვის, ხოლო ქალაქელები მაღალი ფასებისთვის არიან განწირული", - აღნიშნა შენგელიამ.

    ეროვნული ბანკის უმოქმედობაზე პასუხს საქართველოს პარლამენტს სთხოვს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. ფაქტია, რომ სებ-ის პოლიტიკას პარლამენტშიც არ ეწინააღმდეგებიან, რაც სამომავლოდ ბევრ პრობლემას წარმოშობს. ანალიტიკოსის თქმით, სებ-ი იმიტომ არ ამკაცრებს პოლიტიკას, რომ ეს ეკონომიკურ ზრდაზე მოახდენს ზეგავლენას, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი და ამ მიდგომით ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

    "ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის დაახლოებით ნიშნულს - რა უნდა იყოს წლის განმავლობაში. როგორც სხვა ქვეყნებშია, არც ზედა და ქვედა ზღვარს არ აქვეყნებს, უბრალოდ, განსაზღვრავს პროცენტს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ზღვარს ვერ იჭერს, დანაპირებს ვერ ასრულებს და მაინც არაფერი იცვლება. მას შემდეგ, რაც ინფლაციის თარგეთირებაზე გადავედით, ასეა და წელსაც იგივე გრძელდება. სებ-ს რომ გაექცა მიმდინარე წელს ინფლაცია და 7%-ზე მაღალიც იყო და მაინც არ ცვლის თავის პოლიტიკას, პირადად მე არ მესმის, რატომ არავინ სთხოვს პასუხს პარლამენტში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს.

    "თარგეთი" იმას ნიშნავს, რომ მასთან ახლოს უნდა იყოს ინფლაციური მაჩვენებელი წლის განმავლობაში. ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა. ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, მომავალი წლიდან შემცირდება ინფლაცია და 3%-მდე ჩამოვაო. შარშანაც იმავეს ამბობდნენ, თუმცა მიმდინარე წელს რაც ხდება სამომხმარებლო ბაზარზე, ყველა ვხედავთ.

    სებ-ი იმიტომ არ ამკაცრებს პოლიტიკას, რომ ეს ეკონომიკურ ზრდაზე მოახდენს გავლენას. როგორც იქნა, მშპ-ის ზრდამ დაგეგმილს მიაღწია, ალბათ, ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან კოორდინაციით ცდილობს, არ შეაფერხოს პროცესი ეკონომიკური ზრდა და ამას ინფლაციური პროცესები სდევს თან. კანონმდებლობით რომ მივუდგეთ, მისი მთავარი ფუნქცია ინფლაციის რეგულირებაა და ეკონომიკურ ზრდაზე პასუხისმგებელი არ არის. სამწუხაროდ, ამას ვერ ართმევს თავს, თუმცა არც პარლამენტი სთხოვს პასუხს. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია რამე დასკვნის გაკეთება და ამა თუ იმ საკითხის დაკონკრეტება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (26.10.2017)
    დარწმუნებული ვარ ეს მსხვილი ბანკების სავალუტო სპეკულაციაა/ ბევრი დახარჯესს ან დაახაჯინეს არჩევნებში, ახლა უნდა ამოიღონნ


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter