სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ცუდი საქმე გაკეთდა და იოლად დავთმეთ ის, რასაც აქამდე დიდი ძალისხმევით მივაღწიეთ"
    მარი ჩიტაია
    (12.01.2017)

     "გაზპრომთან" ჭიდილში საქართველომ პოზიციები საბოლოოდ დათმო. რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმა იქნება ისეთი, როგორიც რუსულ მხარეს აწყობს. საქართველო მიიღებს ფულს, მაგრამ რამდენად ეყოფა იგი დამატებით ბუნებრივი აირის შესაძენად, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

    "გაზპრომ-ექსპორტის" საბოლოო წინადადება მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობებით გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტის საზღაურს - მთლიანი მოცულობის 10%-ს - საქართველო ბუნებრივი აირის სახით ვეღარ მიიღებს.

    მინისტრის მტკიცებით, გადასახდელი ტრანზიტის საფასური იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის.

    "ახალი ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარად", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

    "ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

    რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, მინისტრმა კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, საქართველო მიიღებს დაახლოებით იმავე შედეგს, რასაც ნედლეულით ანგარიშსწორებისას.

    ფაქტია, რომ ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით საქართველომ თავისი პოზიცია ამჯერად ვერ დაიცვა. ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით რუსეთთან ყოველწლიურად "ვჭიდაობდით". შარშან ლამის გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ "სოკართან" დადებული ხელშეკრულებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ალტერნატიული გზაც გამოიძებნა. ქვეყანამაც არსებულ გამოწვევას თავი გაართვა.

    ექსპერტების ნაწილის შეფასებებით, მთავრობის გადაწყვეტილება კაპიტულაციაა, რადგან შეიძლებოდა, 2017 წელს გვქონოდა იგივე პირობები, რაც 2016-ში და წინა წლებში. სპეციალისტების მეორე ჯგუფის აზრით კი, საქართველომ გააკეთა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

    ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე არ მალავს, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ის წუხს, რომ საქართველომ მყარი პოზიცია ვერ შეინარჩუნა და რუსეთთან ჭიდილში დათმო.

    "თავის დროზე დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, როცა მივაღწიეთ შედეგს, რომლის შესაბამისადაც ნატურით უნდა მოეხდინათ ტრანზიტის ანაზღაურება. დღევანდელი პოზიცია აუცილებლად წამგებიანია, რადგან ბუნებრივი აირის ფასი ხშირად იცვლება. შეიძლება გაზის ტრანზიტის ამჟამინდელი 10%, მის ნაცვლად მიღებული ფულით მომავალში ვეღარ შევიძინოთ და ბიუჯეტიდან თანხის დამატება დაგვჭირდეს. წამგებიან წინადადებაზე დავთანხმდით, ამას უფრო სერიოზული მიდგომა სჭირდებოდა. პირველ რიგში, სერიოზული დელეგაცია უნდა მოგვევლინა, რომელიც თავისი პოზიციის დაცვას შეძლებდა", - განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭინაძემ.

    იგი ანაზღაურებასთან დაკავშირებით "გაზპრომის" პირობას არ ენდობა. გაურკვეველია ისიც, რის გამო უნდა დათანხმებულიყო საქართველო რუსული მხარის შემოთავაზებას.

    "რუსეთის პოლიტიკა ვიცით. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ რატომ დათანხმდა მისთვის მიუღებელ პირობას საქართველო, ეს მაინც უცნობია. არასდროს ვყოფილვარ ჩასაფრებულის პოზიციაში, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც ენერგოსისტემაში ტარდება, ბევრ კითხვას აჩენს. ფაქტია, რომ ცუდი საქმე გაკეთდა და იოლად დავთმეთ ის, რასაც აქამდე დიდი ძალისხმევით მივაღწიეთ. ალბათ, ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის ელაპარაკება. არ შეიძლება, ზემძიმე წონის მოჭიდავეს მსუბუქი წონისა ეჭიდაოს. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით", - აცხადებს ჭიჭინაძე.

    სპეციალისტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თუ გადახდილი საფასური აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესაძენად საკმარისი არ იქნება, ქვეყანა დაზარალდება. საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გელა ვასაძე ამბობს, რომ ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით გადახდა ქვეყნისთვის ნაკლებად მომგებიანია.

    "ყველანაირად აჯობებდა, ნედლეულის სახით მიგვეღო საფასური. რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ვერ გეტყვით იქიდან გამოდინარე, რომ დეტალები და ტრანზიტის ფულადი საფასური უცნობია. თუკი ტარიფი ისეთი იქნება, რომ ამ თანხით ჩვენ აზერბაიჯანიდან გაზს უპრობლემოდ შევისყიდით, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ნორმალური შედეგია. საპირისპირო შემთხვევაში ქვეყანა დაზარალდება. აქედან გამომდინარე, დათმობებზე წასვლა არ შეიძლებოდა", - აცხადებს ვასაძე.

    საქართველოს მხრიდან პოზიციის დათმობამ ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი იმდენად შეაშფოთა, რომ ქართული მხარის თანხმობა კაპიტულაციად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრს "ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და რატომღაც დღეს აღარ ახსენებს იმ არგუმენტებს, რომლითაც 2016 წელს დაიყოლია "გაზპრომი" იმ პირობებზე, რომელიც მისაღები და წლების განმავლობაში უცვლელი იყო". ცისკარიშვილის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება არის კაპიტულაცია, რადგან შეიძლებოდა 2017 წელს გვქონოდა იგივე პირობები, რაც წინა წლებში.

    "ჩვენ ჯერ ორივე ფეხზე ვერ დავაყენეთ ეკონომიკა და ახალ პირობებზე დათანხმება ჩვენთვის უფრო მეტად საფრთხის შემცველი იქნება. არგუმენტები იყო უამრავი, რის გამოც 2016 წელს არ დავთანხმდით "გაზპრომის" წინადადებას. ამისთანა რა მოხდა ერთ წელიწადში, რომ უცებ დავნებდით? აი, ეს აგვიხსნას ბატონმა კალაძემ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

    არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ენერგეტიკოსი გია არაბიძე თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოში ენერგობალანსი არ დაირღვევა.

    "მესამე რაუნდიც რომ ჩატარებულიყო ისე, როგორც წინა ორი და ქართულ მხარეს ნატურით გაზის ანაზღაურებისთვის მიეღწია, რასაკვირველია, მოგებული დარჩებოდა. ეს ვერ მოხერხდა და ამიტომ რუსეთის პირობას დათანხმდა. ჩემი აზრით, ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. სჯობდა, ძველი პირობა შენარჩუნებულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა და ახალ პირობაზე გადავედით.

    ეს ნიშნავს, რომ თუ წელს, მაგალითად, 100 000 კბ/მ გაზი დაგვრჩება სომხეთში გატარებული გაზიდან, წლის მეორე ნახევარში მივიღებთ თანხას ნატურის ნაცვლად. ცხადია, ეს არ არის ისეთი თანხა და გაზის რაოდენობა, რომ საქართველოში ამით ბუნებრივი აირის ბალანსი დაირღვეს", - აცხადებს ენერგეტიკოსი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter