"ერთ-ერთი საუკეთესო კანონი შემუშავდა, მაგრამ ქვეყანაში აღსრულების მექანიზმი არ არსებობს"
ქეთო გოგოხია
17.04.2024

ავტოსადგურებში მგზავრთა გადაყვანის საკითხს ვერც კანონმდებლობა არეგულირებს. კანონი უკვე თვენახევარია ძალაშია, თუმცა სექტორის წარმომადგენლები დაუფარავად აცხადებენ, რომ მდგომარეობა რთულია და ე.წ. ,,ხიშნიკობის" შემცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რაც მგზავრთა გადამყვანებს დიდ პრობლემას უქმნის. ანალოგიურ სიტუაციაში არიან როგორც მსხვილი ავტოსადგურების, ასევე შედარებით მცირე კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა ინფორმაციითაც, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და ზუსტად იმავე რეალობაში უწევთ საქმიანობა, როგორც კანონმდებლობის ამოქმედებამდე იყო.

დიდუბის ავტოსადგურის დამფუძნებლის, ნესტორ მიქატაძის თქმით, კანონის უმოქმედობის მიზეზი, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების არარსებობაა, რაზეც უწყებები ახლა მუშაობენ.

,,მართალია კანონი ძალაში შევიდა, მაგრამ მას კანონს უნდა მოჰყვეს კანონქვემდებარე აქტი, რაც გულისხმობს, ავტოსადგურის მოწყობისა და ფუნქციონირების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღებასა და დამტკიცებას და ასევე, მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადატვირთვის შესახებ რეგლამენტის მიღებასა და დამტკიცებას. ამ ორი რეგლამენტის გარეშე არ მოხდება არც კანონის ამოქმედება და შესაბამისად, არც იმ საკითხების დადებითად გადაწყვეტა, რის დასარეგულირებლადაც კანონი შემოვიდა.

დაახლოებით ვიცით, რომ ავტოსადგურებს მიეცემათ სერტიფიცირებისთვის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო მგზავრთგადამყვანებს, 2024 წლის სექტემბრამდე. ასეთია, სიტყვიერი ინფორმაცია რასაც ოფიციალური უწყებები გვაწვდიან", - განუცხადა "ბიზნეს მედიას" მიქატაძემ.

როგორც სექტორში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი აღსრულების მექანიზმის გამკაცრება, რომ არაკანონიერად მომუშავე მძღოლებმა ვერ გაბედონ კანონის დარღვევა და საბოლოოდ აიღონ ხელი მგზავრთა გადაყვანებზე, რაც კომპანიებს დიდ პრობლემას უქმნის.

ავტოსადგურ ,,ნავთლუღის" წარმომადგენელმა გია ქავთარაძემ ,,რეზონანსს" დაუდასტურა, რომ ე.წ. ხიშნიკლები ისევ აქტიურობენ და პირდაპირ ქუჩებიდან აჰყავთ მგზავრები. ამ დროს რეგულაცია არსებობს და მსგავსი ქმედება თითქოს დასჯადია.

,,შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანონი შემუშავდა, მაგრამ მას ვერასდროს ექნება ეფექტი, თუ აღსრულების მექანიზმი არ დაიხვეწება. მძღოლები კვლავ მოსახვევებსა და ქუჩებში უსაფრდებიან მგზავრებს და უნებართვოდ ემსახურებიან, არ არიან დარეგისტრირებულები და ჩვეულებრივ აგრძელებენ  მუშაობას, რაც ქაოსს ქმნის. ასე იყო წლების განმავლობაში და დღესაც იგივე მეორდება. რიგ შემთხვევაში ესენი არიან თვითორგანიზებული ავტოსადგურები, საიდანაც მგზავრები ისეთ მძღოლებს გადაყავთ, რომელთაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ.  "ბე" კატეგორიის მართვის მოწმობით (ჩვეულებრივი მართვის მოწმობა) გადაჰყავთ მგზავრები ისე, რომ მგზავრის გადაყვანის არანაირი უნარ-ჩვევას არ ფლობენ. კატასტროფულად მძიმე სიტუაციებს ქმნიან.

ამ დროს ჩვენ ფინანსურადაც ვზარალდებით, გარდა მოსაკრებლისა, მძღოლებს ყოველდღიური გეგმიური თანხაც აქვთ  კომპანიაში შესატანი. ე.წ. "ხიშნიკი" მძღოლების მომრავლება კი კომპანიაში დასაქმებულებ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის. კანონთან მიმართებაში სერიოზული დარღვევებია, რაც  შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს", - აღნიშნა ქავთარაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით არ აქვს, თუმცა ადასტურებენ, რომ აღსრულების კუთხით ჯერჯერობით პრობლემაა, რაც სავარაუდოდ, ეტაპობრივად დაიხვეწება და შესაბამისი ზომები გატარდება.

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტის დავით ალფაიძის თქმით, სანამ უკანონო ავტოსადგურები ჯერ კიდევ თვითნებურად  ახერხებენ საქმიანობის გაგრძელებას, სიტუაცია ვერ გაუმჯობესდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია მკაცრი აღსრულება.

,,დიდი დრო არ არის გასული, რაც კანონი მიღებულია და გარკვეული ზომები ეტაპობრივად უნდა გატარდეს. თუმცა კონტროლის კუთხით, ნაბიჯები უკვე უნდა გადადგმულიყო. არ მაქვს ინფორმაცია, რა კეთდება ჯერჯერობით აღსრულების მხრივ. რა განცხადებაც ავტოსადგურების მხრიდან კეთდება, სახარბიელო ნამდვილად არ არის.

პირველ რიგში, პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან  ბოლო წლების განმავლობაში ბევრი უკანონო სადგური გამოჩნდა ბაზარზე და ამის მონიტორინგი არ მიმდინარეობდა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ კანონიერების შემთხვევაშიც კი არ არის საკმარისი ზომები გატარებული. რაც ხდება, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და რეაგირებაც უნდა მოჰყვეს. ყველა ნორმალურ  ქვეყანაში სწორედ ასეა.

გარდა იმისა, რომ კანონის უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე, უსაფრთხოების დიდი რისკებია მგზავრთა გადაყვანის დროს. ეს უნდა აღმოიფხვრას, ეს კანონი  გვაძლევს ამის საშუალებას და უმკაცრესად უნდა გაეწიოს კონტროლი შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, სხვა გამოსავალი არ არის", - განუცხადა ალფაიძემ ,,რეზონანსს".

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას, დაწესებულია გარდამავალი პერიოდი და ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული მოთხოვნები ეტაპობრივად შევა ძალაში.

"საქართველოს მთავრობა განიხილავს და გამოსცემს კანონქვემდებარე აქტის პროექტს, რომლის თანახმადაც ფიზიკური და იურიდიული პირები ქვეყნის შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელების ნებართვის მისაღებად შეძლებენ განსაზღვრულ უწყებას პროექტით განსაზღვრულ ვადებში მიმართონ. აღსანიშნავია, რომ დაწესებულია გარდამავალი პერიოდი და ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული მოთხოვნები ეტაპობრივად შევა ძალაში. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არავინ დაჯარიმებულა", - აღნიშნავენ სამინისტროში.

პარლამენტმა 2023 წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება აქვთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდა საჭირო. ცვლილების თანახმად, ახალი წესები 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×