ექიმები და კლინიკები იმდენად გათავხედეულნი არიან, რომ ნებისმიერ რისკზე მიდიან
ქეთო გოგოხია
01.04.2024

სამედიცინო დაწესებულებებში დიდი კორუფციაა. ფაქტობრივად, ყველა რგოლში სერიოზული დარღვევებია, რაც სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი ზომების გატარებას მოითხოვს. არის არაერთი დარღვევა, რაც პირდაპირ უკავშირდება პაციენტების ჯანმრთელობას და მატერიალურ ყოფას, ვინაიდან უკვე ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. გარდაცვლილი პაციენტები პირდაპირ ადანაშაულებენ მედპეროსნალს ფატალური შედეგების გამო, რაც დადასტურდა კიდეც, მაგრამ გამოსწორების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

ამ ეტაპზე კი ცნობილი გახდა, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში კორუფცია გამოვლინდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რეანიმობილების მართვის ცენტრში არსებობდა სქემა, რომლის შედეგადაც პაციენტების გადამისამართება ხელოვნურად არა ყველაზე ახლო კლინიკაში, არამედ ჰოსპიტლების ქსელ "ვიანში" ხდებოდა, რისთვისაც ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დიდი მოცულობის ქრთამს იღებდნენ. აღნიშნული პიროვნებები დაკავებული არიან.

სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემა 2020 წლიდან 2023 წლებში მუშაობდა და მის ფარგლებში მოსყიდული საჯარო მოხელეები რეანომობილებს ამისამართებდნენ კლინიკების ქსელ "ვიანის" კლინიკებში. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, კლინიკებისაგან რამდენიმე ადამიანმა ქრთამის სახით მიიღო, ჯამში, 532,126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო ერთ-ერთმა პირმა 76 771 ლარის შემოსავალი.

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

სამდიცინო დარგის ექსპერტის ვატო სურგულაძის შეფასებით, კორუფცია მაშინ არის, როცა სახელმწიფო ჩინოვნიკი ბოროტად იყენებს თავის თანამდებობას. 

"სამედიცინო სფეროს რეფორმას აქვს რიგი ხარვეზი. რა თქმა უნდა, მაგალითად ,,დიარჯი" სისტემა კარგია,  მაგრამ არასწორად გაკეთდა და ამან კლინიკებს გარკვეული პრობლემა შეუქმნა. იგივე  ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღების საკითხსაც. ამასთან, ონკოპაციენტეს გამოუცხადეს, რომ არ ექნებოდათ პრობლემა მედიკამენტებთან დაკავშირებით, მაგრამ სინამდვილეში  გარკვეუილი დაბრკოლებები აქაცაა, ვერ გავიგეთ, სად მიდის და როგორ ვითარდება სისტემა.

ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ექიმები არიან დამნაშავეები. თუკი ამდენი ხნის განმავლობაში კორუფციული გარიგებები იყო, რატომ არ მოწმდებოდა,  სად იყო კონტროლის სისტემა ან რატომ არ ამოწმებდა 112-ის ხელმძღვანელობა, სად იყო ეს ხალხი. ამიტომაც, როცა დაიჭირეს  ეს ხალხი პაუსხისმგებლობა ყოფილი მინისტრის მიმართაც უნდა დადგეს და 112-ის მესვეურებსაც შეეხოს", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

მისი თქმით, როგორც კი ფასები ხდება არასტაბილური, კორუფციული ნიშნმები იკვეთება და დარღვევების მასშტაბი მატულობს.

,,ის ფასები, რასაც სახელმწიფო  საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში უხდის სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს, რეალურ ღირებულებას არ შეესაბამება. რეანიმაცია როიმ ავიღოთ, აქაც წარმოუდგენლად  დაბალი ტარიფია განაზღვრული, რაც ხარისხიანი სერვისის მიწოდების შესაძლებლობას ზღუდავს.  ამასთან, პრობლემაა კადრების საკითხიც, ჩვენ ექთნების დიდი დეფიციტი გვაქვს.

,,არ არის ფული, არ არის ჯანმრთელობა", ამ გამოთქმას აბსოლუტურად ვეთანხმები. მოტივაცია უნდა არსებობდეს, რომ ახალგაზრდებს სამედიცინო სფეროში დასაქმების მორტივაცია არ აქვთ. საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგად, რომ ,,დიარჯის" სისტემა ჩავარდა,  შავი ბაზარი გაჩნდა მედიკამენტების სეგმენტში და ეს არ უნდა გვიკვირდეს. ექიმების ჯიბეში ფულის ჩადების მომენტიც გაცოცხლდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ შეიმჩნეოდა", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

სამედიცინო სფეროში დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომები გატარდება და მოხდება ამ საკითხის ძირეული შესწავლა, რაც პრევენციის მხრივაც აუცილებელი ღონისძიებაა.

აქედან გამომდინარე, როგორც ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ საკითხებზე, პირველ რიგში, უნდა გამახვილდეს ყურადღება და სისტემა დაიხვეწოს.

,,ადრეც იყო მსგავი  ფაქტები. როდესაც კომერციული ინტერესები აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რთულია დარღვევების აღკვეთა. მსგავსი რამ  ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ევროპული ქვეყნების შემთხვევაშიც რამნდენიმე ისეთი ფაქტია, რაც გაოცებას იწვევს. ცხადია, ეს არ ამართლებს არანაირ დანაშაულს, თუმცა გასაგებია ისიც, რომ 100%-ით კორუფციას ყველა სფეროში ვერ აღკვეათავ, ეს წარმოუდგენელია. 

უნდა გვესმოდეს კლინიკების ინტერესები პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით. მსგავსი საკითხები შესასწავლია, დასახვეწია სისტემა და  პრობლემა გამოსასწორებელი. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ზომებს მიიღებს. ფაქტებზე ვერ ვისაუბრებ, დარღვევები შეიძლება იყოს ქვედა რგოლების დონეზე, კონკრეტული პირების მიერ, რომ მოხდეს პაციენტების გადამისამართება და სხვა,  ეს და მრავალი სხვა საკითხი შესასწავლია.

ბევრი დარღვევა შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერ კლინიკას აქვს კომერციული ინტერესი, ისიც უნდა მუშაობდეს მოგებაზე. როცა ეს არ ხდება, მაშინ აქვს ადგილი ზედმეტი წამლების გამოწერას და სხვა ტიპის დარღვევებს. მთლიანად და საფუძვლიანად არის ეს სფერო შესასწავლი, ჯანდაცვის ახალ მინისტრს  ვიცნობ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი კეთილსინდისიერი ჩინოვნიკია. ვფიქრობ, სამედიცინო დარგის დარღვევებზე განსაკუთრებით გაამახვილებს  ყურადღებას. კონკრეტული ფაქტების სქემა არ ვიცი, ამიტომ დეტალურად ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისი მოსაზრებით, კანონმდებლობის გამკაცრება შედეგს ნაკლებად მოიტანს, მთავარია ბაზრის მოკვლევა და ხელშეწყობა სისტემის გამართულად მუშაობისთის, რაც თავის მხრივ, კონტროლსაც გულისხმობს.

,,კანონმდებლობის გამკაცრებაზე მეტად საინტერესოა საქმის შესწავლა. ციხეების გავსება არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანია, მექანიზმის დახვეწა მოხდეს. სწორი პროცედირები ჩატარდეს და სადაც ჩავარდნაა, დროულად დაიწყოს გამოსწორება. საყოველთაო დაზღვევამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, დიდი რესურსი იხარჯება და საფრთხეების გამორიცხვა შეუძლებელია, ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ ამ პრობლემის გამოსწორებაში სახელმწიფოს დახმარებას, თუ მხილებაა საჭირო, ვამხილოთ, ხოლო სადაც რეკომენდაციების აუცილებლობაა, რჩევები არ დავიშუროთ.

უნდა არსებობდეს სახელმწიფო კლინიკები. კარგია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია იწყება, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, რათა სახელმწიფოს გააჩნდეს თავისი სივრცე, ფული თავის სისტემაშივე დახარჯოს. რაც შეეხება კომერციულ კლინიკებს, ინტერესი ჰქონდეთ, რომ სახელმწიფომ არ თქვას უარი მათ მომსახურებაზე. გაცილებიით დაზიანდებიან, ამიტომ თვითონვე უნდა  გადადგან შემხვედრი ნაბიჯები ხელისუფლებისკენ და იზრუნონ დარღვევების გამოსწორებისა და რისკების შემცირებისთვის. კორუფციას ორივე  მხარე აქვს: მიმღები და გამცემი, ორივე თანაბარი სიმძიმის დანაშაულია, ამიტომ მარტო სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე არ უნდა ვისაუბროთ", - აღნიშნა სალუქვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×