„ქვეყანაში ისეთი მოცემულობა არ არის, როგორ სურათსაც ხატავენ, არსად საქმე ისე მძიმედ არ არის, რომ ბავშვები შიმშილისაგან იღუპებოდნენ”
გვანცა წულაია
20.02.2024

საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიღარიბეა, თუმცა ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს. განსაკუთრებით კი ბავშვების „შიმშილობის" კუთხით. საქართველოში დაახლოებით 233 ათასი არასრულწლოვანია სოციალურად დაუცველი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, ისინი დღე და ღამ „შიმშილობენ”. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი განცხადება, უბრალოდ, პოპულიზმია, რაც საარჩევნოდ ქულების დაწერას ემსახურება.

ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით "საქსტატმა" ჩაატარა, დადგინდა, რომ საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა ჯანდაცვის, განათლებას, სოციალური დახმარებებს, სკოლაში კვებას, მატერიალური და სოციალურ დანაკლისებს, აღზრდის მეთოდებსა და ფუნქციურ სირთულეებს მოიცავს. კვლევაში წერია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, თუმცა „საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს“.

ოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში 233 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველის სტატუსტით სარგებლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შიმშილობენ, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს.

„ხალხის ძალის" წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, თუმცა ამ თემაზე ხელისუფლება მუშაობს და შედეგებიც ხელშესახებია.

„ბევრჯერ მოგისმენიათ ალბათ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი - რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? - არც ერთი.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ „იუნისეფისა" და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. „ნაციონალური მოძრაობის” დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვნად იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრებულია, ანუ დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება და ამას სჭირდება შრომა და არა სპეკულაცია“, - განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოში ყოველწლიურად ჯანდაცვის ხარჯების გათვალისწინების გარეშე, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად 0.5 მლრდ ლარი იხარჯება.

ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ საქართველოში ბავშვებს იმდენად უჭირთ, საჯარო სკოლებში კვება უფასო უნდა გახდეს, რასაც განათლების ექსპერტები ეწინააღმდეგებიან.

ზემოთ ნახსენებ კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ბავშვების მხოლოდ 27% იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში და 34.9% არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისთანაც არ აღინიშნება მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი არის ფინანსური პრობლემა. ასევე მნიშვნელოვანი ბარიერია სკოლის სიახლოვეს კვების ობიექტის არარსებობა და ეს მიზეზი შეადგენს შემთხვევების 36.4%-ს.

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი კი აცხადებს, რომ სკოლაში ბავშვების გამოკვების მიზეზად სხვა გარემოების დასახელება უფრო რეალურია, ვიდრე ფინანსური საკითხი.

„სკოლებში უფასო კვების შეტანის საკითხის მომხრე არ ვარ. ამას, ძირითადად, „ნაციონალები” ითხოვენ და თვითონ 9 წელი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ რატომ შეიტანეს სკოლებში უფასო საკვები? საარჩევნო წელია და ეს არის ოპოზიციის პოპულიზმი, რომ ქულები დაიწერონ. სჯობს, ეს ფული განათლების სისტემას მოხმარდეს.

ვინ კვდება შიმშილით, გამაგებინეთ. რა სიტუაციასაც ხატავენ, ასეთი მოსწავლეები სკოლებში, პრაქტიკულად, არ არიან. არავის არ შია და არც უნდა შიოდეს.

საერთოდ, უფასო კვება კი არა, სხვა რამის მოწესრიგება უნდა მოვითხოვოთ. მაგალითად, დილის 8 საათზე დაიწყოს სწავლა. ევროპისკენ ხომ მივდივართ, ასე იწყება იქ სწავლა. ყველა სკოლაში სასადილო უნდა იყოს, სადაც ცხელი კერძები მომზადდება. აქ სწავლა იწყება 9 საათზე და ნაშუადღევის 4 საათზე ბავშვები ისევ სკოლაში არიან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს 7, 8 და 9 გაკვეთილი. თუ ეროვნული სასწავლო გეგმა ვერ ეტევა 5 დღეში, მაშინ შაბათი აღადგინონ.

საერთოდ, ბავშვებს ვკითხოთ, ჭამენ იმ საჭმელს, რომელიც ბუფეტში მზადდება? ბევრი - არა. ორგანიზაციებს კვლევები არაკვალიფიციურად აქვთ ჩატარებული, რადგან სკოლებში მისვლისას უყურებდნენ იმას, თუ რამდენი ბავშვი დადის ბუფეტში. ამ დროს კი ბევრი მოზარდი არ დადის ბუფეტში და ეს ხდება არა იმიტომ, რომ მათ ფული არ აქვთ, არამედ იმის გამო, რომ ზოგს არ მოსწონს იქ დამზადებული საკვები, ზოგი სკოლის გარეთ ყიდულობს საჭმელს, ზოგს სახლიდან მოაქვს და ა.შ. უამრავი მიზეზია, რის გამო ბავშვი ბუფეტში არ დადის, ამიტომ ასეთი კვლევის მეთოდი არასწორია.

მასწავლებელი ვარ და ასეთი შემთხვევაც ვიცი, რომ ერთი ბავშვი ყიდულობს სხვა კლასელებისთვის საკვებს, შეიძლება მერე სხვამ იყიდოს. არასამთავრობო ორგანიზაცია რომ ხარ, ბუფეტში შედიხარ, რა თქმა უნდა, იქ ბევრ ბავშვს ვერ ნახავ, ჯერ მე მარტო რამდენი მიზეზი დაგისახელეთ და ამ დროს ამბობენ, რომ ბავშვები შიმშილით კვდებიან. არავინ არ კვდება შიმშილით”, - განუცხადა „რეზონანსს” მანანა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სოციალურად დაუცველი ბავშვების გამოკვება შეიძლება იყოს და არა ყველასი. 

„ამას უდიდესი თანხის მობილიზება დასჭირდება, რასაც ვერ გაუძლებს ვერანაირი ბიუჯეტი. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და მდიდარიც რომ ვიყოთ, რატომ უნდა აჭამოს ყველას სახელმწიფო ბიუჯეტმა, არ მესმის. ეს ფუჭი ხარჯია. თქვენ წარმოგიდგენიათ, 650 ათას ბავშვი ყოველ დღე 10 თვის განმავლობაში გამოკვებო? 200 მილიონი სჭირდებაო, 200 მილიონი მხოლოდ ჩაის და ფუნთუშას სჭირდება. ასე რომ, ოპოზიციის ეს განცხადება არის პოპულიზმი და ქულების დაწერა.

კი ბატონო, ვისაც სჭირდება მათთვის შემოიღონ ტალონი. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, 200 ლარის გარდა, ტალონული სისტემა შემოიღონ სკოლაში, მაგრამ სად გამოკვებონ ასეთი ბავშვები? არ არის სასადილოები. ბუფეტებში ბევრი ადგილიც არ არის. სად უნდა ჭამოს ბავშვზე? ფეხზე იდგეს და ისე? ეს არის საჩქაროდ გასაკეთებელი, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს”, - დასძინა „რეზონანსთან” მანანა ნიკოლაიშვილმა.

ქვეყანაში არსებულ რეალობაზე ისაუბრა პროფესორმა პაატა აროშიძემაც და როგორც განაცხადა, საქმე ისე არ არის, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილისაგან იღუპებოდნენ.

„გარკვეული დიფერენცირება შეიძლება მოვახდინოთ, მაგალითად, სოფლად და ქალაქად მცხოვრები ბავშვები. არასრულწლოვანებისათვის მთავარია ხელმისაწვდომობა პირველადი მოთხოვნილების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციაზე. სოფელში საკვების პოვნა უფრო იოლია, თუ დავუშვებთ იმას, რომ ოჯახი მიწაზე მუშაობს. სამაგიეროდ, სოფელში ბავშვის ტანსაცმლით უზრუნველყოფა უფრო რთულია, ვიდრე ქალაქში.

განცხადებები იმის შესახებ, რომ შიმშილისგან რამდენიმე ასეული ბავშვი იღუპება, გადაჭარბებულია. პრევენციის ზომები არსებობს სოფელშიც და ქალაქშიც. არ ვთვლი იმას, რომ სიღარიბე ისეთ მაღალ დონზეა საქართველოში როგორსაც წარმოაჩენენ. ქვეყანაში ისეთი მოცემულობა არ არის, როგორი სურათის დახატვაც სურთ. არსად საქმე ისე მძიმედ არ არის, რომ ბავშვები შიმშილისაგან იღუპებოდნენ”, - განუცხადა „რეზონანსს” პაატა აროშიძემ.

ზოგად სტატისტიკას თუ ჩავხედავთ. ვნახავთ, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვანად შემცირდა. 2012 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 30% იყო, 2013 წელს - 26.2%, 2014 წელს - 23.5%, 2015 წელს - 21.6%, 2016 წელს - 22%, 2017 წელს - 21.9%, 2018 წელს - 21.1%, 2019 წელს 19.5%, 2020 წელს - 21.3%, 2021 წელს - 17.5% იყო, 2022 წელს - 15.6%. გამოდის, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 14.4%-ით შეამცირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×