სხვათა შორის, კრედიტების ნაწილი უკვე მიბმულია კიდეც ახალ მოდელზე, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა
გვანცა წულაია
25.01.2024

საბანკო სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად `ტიბრ” (თIBღ) ინდექსს მიებმება. შეიძლება ითქვას, რომ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ინფლაციის მოსათაოკად გამოიყენება, სხვაგვარად შემუშავდება. იმ მსესხებლებისთვის კი, რომელთაც საკუთარი კრედიტი, ცვლადგანაკვეთზე აქვთ მიბმული, საშუალო ვადიან პერიოდში არაფერი არ შეიცვლება.

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. სებ-ში შესაბამისი განხილვა უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (ტიბრ ინდექსს) მიებას.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ტიბრ ინდექსი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია, ის უფრო სწორი მექანიზმია, მობილურია და ზუსტად ასახავს ბაზრის დინამიკას. ახალ ინდექსზე გადასვლის პროცესი 2023 წლიდან დაიწყო და ის 2024 წელსაც გაგრძელდება.

არსებული მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%, ტიბრ-ის განაკვეთიც შეადგენს ასევე 9.5%-ს, ერთთვიანი ტიბრი 9.54%-ია, 3-თვიანი ტიბრი - 9.94%-ია, 6-თვიანი ტიბრი კი 10.24%-ია. როგორც წესი ტიბრის ერთთვიანი განაკვეთი რამდენიმე მეასედი პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთზე.

რას წარმოადგენს ტიბრ ინდექსი და როგორ ითვლიან მას:

კომერციული ბანკები მუდმივად ვაჭრობენ მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდობით, შესაბამისად ეს ბანკთაშორის სადეპოზიტო/საკრედიტო ბაზარს წარმოადგენს. აღნიშნულ ბაზარს გადამწყვეტი როლი აქვს მონეტარული გადაცემის მექანიზმის (რეფინანსირების განაკვეთის) ფუნქციონირებაში.

ფულადი ბაზრის ინდექსები გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის ფასწარმოქმნისას, როგორიცაა მცურავგანაკვეთიანი ობლიგაციები და საბანკო სესხები, ასევე დერივატივები. ფულადი ბაზრის ინდექსები უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას, ბაზრის მონაწილეთა შორის რისკების გადანაწილებას და საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვას.

ტიბრ განაკვეთის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება:

ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.

ტიბრ განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს ტიბრ განაკვეთის გაანგარიშებას შემდეგნაირად: ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით; ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ტიბრ განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე; გ) ტიბრ განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით; დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება ფორმულით. ე) გაანგარიშებული ტიბრ განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.

ტიბრ ინდექსების გამოქვეყნება ყოველდღიურად ხდება.

როგორ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, ტიბრ-ის ინდექსზე გადასვლა არ გააძვირებს კრედიტებს მსესხებლისთვის.

"ტიბრის ინდექსი სიახლე არ არის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იგი 2022 წელს დაამტკიცა და მასზე გადასვლა 2023 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. მსესხებლების დიდი ნაწილი უკვე გადასულია აღნიშნულ ინდექსზე.

გასული წლის განმავლობაში უკვე ერთ მილიარდი ლარის სესხი გაიცა, რომელიც ტიბრზეა მიბმული. უნდა ითქვას, რომ პროცესი კარგად მიდის და როგორც უკვე ავღნიშნე, სესხების დიდი ნაწილი გადავიდა ამ ინდექსზე, თუმცა პარალელურად გაიცემოდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც. ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტიბრის ინდექსზე გადასვლა არ აძვირებს სესხს მსესხებლებისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ტიბრი არ ეხება ძველ სესხებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა გადასულია ტიბრის მსგავს ინდექსზე, მხოლოდ საქართველო დარჩენილია და ახლა სწორდება ეს ხარვეზი.

"მსოფლიოში კი, ზოგადად, უცხოურ ვალუტაში, დოლარში ან ევროში ცვალებადგანაკვეთიანი სესხების მიბმა ლიბორზე ხდებოდა და არა ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ქვეყნებმა ლიბორის ჩანაცვლება დაიწყეს უფრო გამჭვირვალე და საიმედო ინდექსებით.

ჩვენც სწორად ამ პროცესის პარალელურად, დავნერგეთ ტიბრის ინდექსი, რომელიც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ტიბრის ინდექსი არის მეტად ცივილური ფორმა. იგი ზუსტად ასახავს ბაზრის დინამიკას და სამართლიანი ინსტრუმენტია. გარდა ამისა, ტიბრი უკეთესად ასახავს ბაზარზე საპროცენტი განაკვეთების რეალურ მაჩვენებელს, ამიტომ მისი გამოყენება სესხების ინდექსირებისთვის უფრო მიზანშეწონილია”, - დასძინა "რეზონანსთან” ალექსანდრე ძნელაძემ.

რეფინანსირების განაკვეთი გახლავთ ინსტრუმენტი რისი მეშვეობითაც, ინფლაციის მოთოკვაა შესაძლებელი. ცნობისთვის, ცვლადგანაკვეთზე მიბმული კრედიტი 186,416 ადამიანს აქვს, რაც საერთო მოცეულობის თითქმის 48%-ია და მატთვის ბოლო დადგენილების იხედვით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-ით განისაზღვრა.

საბანკო სფეროს სპეციალისტის მიხეილ თოქმაზიშვილის ვარაუდით, რეფინანსირების განაკვეთიდან გადახვევა და ახალ მოდელზე გადასვა საჭირო გახდა იმისთვის, რომ შესაძლოა, ამ გზით მონაცემები უფრო დაზუსტდეს.

`ჩემი ვარაუდით, ახალ მოდელზე გადასვლა საჭირო გახდა იმიტომ, რომ შესაძლებელია ამით მონაცემები უფრო დაზუსტდეს, თუ რა ფორმით, რა პროცენტით გასცენ კრედიტი, იმისათვის, რომ ხელმისაწვდომიც იყოს და ადვილად რეალიზებადიც. გარდა ამისა, ლიკვიდობაც მაღალი ჰქონდეთ ბანკებს. ყოველთველ შემთხვევაში, ეს, ალბათ, დაკავშირებულია სვხდასხვა ზომის სესხების გაცემასთან. კონკრეტულად მსესხებლებისთვის კი ფაქტობრივად არაფერი შეიცვლება და მათ განაკვეთებიც იგივე იქნება, რაც ამ ინდექსის ამოქმედებამდე იყო”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×