დემოგრაფიისთვის პრობლემაა ისიც, რომ დაქორწინების ასაკმა გადაიწია, თუ ადრე იყო, 25-27 წელი, ახლა 30 წელს ზემოთაა
გვანცა წულაია
11.01.2024

საქართველოსთვის მიგრაცია კვლავ დიდი პრობლემაა. ქვეყნიდან ქართველები ისევ მიდიან და მათ სამუშაო ადგილს თანდათან უცხოელები იკავებენ. ასეთი მოცემულობა გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ მოცემულობა არ შეიცვალა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმას, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, საქართველოში ეროვნებით ქართველები უმცირესობაში მოექცნენ.

მიგრაციასთან ერთად, დემოგრაფია საქართველოსთვის კარგა ხანია პრობლემას წარმოადგენს. მძიმე სურათი კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსის პანდემიამ. 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოში იმაზე ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2022 წელს ქვეყანაში 46 520 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 50 537 ადამიანი. 2021 წელს შობადობის მაჩვენებელმა 45 946 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა ოდენობამ 59 906. რაც შეეხება 2022 წელს, მაშინ ქვეყანაში 42 319 ბავშვი დაიბადა, ხოლო დაიღუპა 49 118 ადამიანი.

გამოდის, რომ დასახელებულ სამ წელში ქვეყანაში უარყოფითი სალდო დაფიქსირდა, ანუ იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. დადებითი სადლო იყო წინა წლებში, თუმცა მაჩვენებელი არ აღემატებულა 3-4 ათასს.

გარდა ამისა, ბევრი ოჯახი დაინგრა, რაც დემოგრაფიისთვის პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში 16 359 ოჯახი შეიქმნა, თუმცა დაინგრა - 7 643. 2021 წელს დაქორწინებულთა მაჩვენებელს 23 155 ოჯახი შეემატა, თუმცა ამავე პერიოდში განქორწინებამ 10 654 ათასი შეადგინა, 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 26 048 ათასი ოჯახი შეიქმნა, ხოლო დაიგრნა 14 098 ათასი.

რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებელს, რაც დიდ გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, მართალია, პანდემიის წლებში, საქართველოს ბევრი ქართველი დაუბრუნდა, მაგრამ მაინც მაღალი მიგრაცია დაფიქსირდა. 2020 ქვეყნიდან 74 264 ადამიანი წავიდა, 2021 წელს - 99 974, ხოლო 2023 წელს - 125 269.

პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ქართველების მიერ დატოვებული სამუშაო ადგილი ცარიელი არც რჩება და მას ნელ-ნელა უცხოელები ითვისებენ.

`ფაქტია, რომ სამუშაო ადგილები ცარიელი არ რჩება და ქართველების ადგილას უცხოელები საქმდებიან. ამ დროს, საქართველოდან უცხოეთში მიდის სამუშაო ძალიას ის ნაწილი, რომელიც აქტიურ ასაკში არიან გენერირების თვალსაზრისით. აქ იგულისხმება 25-წლიდან სადღაც 45-წლამდე მოსახლეობა, ანუ, ისინი, ვისზეც ერის გამრავლებაა დამოკიდებული.

როდესაც უცხოეთში მიდის ადამიანი, ხშირად იქ ქორწინდება და ემიგრაციაში აჩენს შვილებს. შესაბამისად, ეწერებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებად და ბავშვები იზრდებიან იმ ქვეყნის კულტურაში, რომელიც დაბადებიდანვე გააჩნიათ, რის გამოც ძალიან უჭირთ ქართულ კულტურაზე გადმოსვლა.

საერთოდ, საქართველოში უცხოელებს წინააღმდეგობა არ ხვდებათ, ისინი სარგებლობენ ჩვენი ტოლერანტობით, ამიტომ იმ მინი საზოგადოებას ჰქმნიან, საიდანაც არიან. მაგალითად, ბათუმში არის თურქების ოჯახი, რომელსაც ჰყავს 19 შვილი, ხელოვნური განაყოფიერებით და სხვადასხვა გზებით”, - განუცხადა პაატა აროშიძემ `რეზონანსს” და დასძინა, რომ რამდენიმე ათწლეულში ეროვნებით ქართველების საქართველოში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

`დემოგრაფიულად ცუდი სიტუაციაა, რადგან რეალობა არ არის ქართველი ერის მატების მხარეს. ეროვნებით ქართველები, ალბათ, რამდენიმე ათეულ წელში უმცირესობაში მოვექცევით. ამას გაეროს სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებს.

სახელმწიფო საქართველოში ეროვნებით ქართველისთვისაც არის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. ეკლესიამ კი ძალიან დიდი როლი ითამაშა, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ოჯახების მესამე შვილის ნათლია იქნებოდა. ამან ბევრი სამშვილიანი ოჯახი გააჩინა ქვეყანაში. რაღაც ასეთი მიგნებაა საჭირო, რადგან მიგრაციის ნაკადი ჩაიხშოს და თან შობადობა ამაღლდეს, პირველ რიგში, ეროვნებით ქართველებში”, - უთხრა `რეზონანსს” პაატა აროშიძემ და როგორც ბოლოს განაცხადა, დემოგრაფიისთვის პრობლემაა ისიც, რომ დაქორწინების ასაკმა გადაიწია. თუ ადრე იყო, 25-27 წელი, ახლა 30 წელს ზემოთაა.

სპეციალისთა ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან დაახლოება, მიგრაციას ნაკადს უფრო მეტად გაზრდის. სწორედ ამაზე ისაუბრა

როგორც `პიემსიჯის” გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოს რაც უფრო მეტად უახლოვდება დიდ ეკონომიკურ სივრცეს (ევროკავშირს), მით უფრო მეტად გაიხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და ბუნებრივია, დადგება გამოწვევები, მათ შორის, მიგრაციის კუთხით.

„ანალოგი შეგვიძლია მოვიყვანოთ. გვქონდა ბალტიის ქვეყნების, ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის სახით მაგალითები, თუ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ, რა შედეგები დადგა. ამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ ორი რამ: რა პოზიტიური შედეგები მოჰყვა ამას და ასევე, რა გამოწვევები. არც ერთ ქვეყანას არ აქვს მხოლოდ პოზიტიური, ან მხოლოდ ნეგატიური შედეგი.

ჩვენ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ამ დიდ ეკონომიკურ სივრცეს, მით უფრო მეტად გაგვეხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და ბუნებრივია დადგება გამოწვევები. ერთ-ერთი ასეთია მიგრაცია. ამას ვერ გავექცევით, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, ეს მოცემულობაა. ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთიც თავის დროზე წუწუნებდა, რომ როდესაც ის მიუახლოვდა ევროპას, მიგრაციული პროცესები დაიწყო, მაგრამ როგორც კი ამ ქვეყნებში ეკონომიკური სიძლიერე წამოიწია, პროცესებს პირიქით ჰქონდა ადგილი.

ეს პროცესი გვინდა თუ არ გვინდა დაგვიდგება და ამას უნდა შევხედოთ ჯანსაღად და ვეცადოთ, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ფორმირებული იქნება უპასუხოს ამ გამოწვევებს და მოთხოვნებს“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×