"რას უშვრებიან ამ ფულს, ამაზე რეალურად არ არის ინფორმაცია. ასეთი მიშვებული საპენსიო ფონდი არც ერთ ქვეყანას არ აქვს"
ქეთო გოგოხია
14.12.2023

საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის, რაც აშკარად მეტყველებს, რომ ამ თანხების მართვაში რეალურად პრობლემაა. სპეციალისტების განცხადებით, ეს ფული სინამდვილეში უცხოურ ბაზრებს კვებავს და ქვეყანა მოგებას, ფაქტობრივად, ვერ იღებს.

რისკები რომ არსებობს, ფინანსური ბაზრის მკვლევარები ცალსახად ადასტურებენ და ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად იზიარებენ საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის მოსაზრებას, რომელიც საპენსიო ფონდის აუდიტს ითხოვს.

„სანამ ფონდი საბანკო პროდუქტებში იყო, 12-13% წლიურს წერდა სტაბილურად. როგორც კი დაიწყეს ე.წ. საინვესტიციო საქმიანობა, გააქანეს და დოლარი იყიდეს ყველაზე ძვირი რომ ღირდა მაშინ, მერე, როცა ყველა ცენტრალური ბანკი აცხადებდა რომ ინფლაცია მოდის და განაკვეთებს ავწევთო (ამ დროს აქციების ფასები მკვეთრად ეცემა) - გააქანეს და ამ ძვირად ნაყიდი დოლარით აქციების ინდექსი იყიდეს ყველაზე ძვირი რომ იყო მაშინ. ახლა რაღაც თვალთმაქცურ პოსტებს დებენ... რომ ვკითხე დაწერეთ რა ფასად იყიდეთ და ახლა რა ღირს-თქო - პასუხის მაგივრად თავისივე პოსტიც და ჩემი კომენტარებიც წაშალეს. თავმოყვარე ორგანიზაცია ასე არ იქცევა. ამხელა ფული აქვთ მიბარებული 4.2 მილიარდი - ამათ როგორ ვენდო?

რისკების არც დათვლა იციან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის შექმნას - ლამის ჯვარს მაცვეს ამ თემაზე... რაც არ უნდა წამგებიანი ტრანზაქციები აკეთონ, კაციშვილი არ არის განმკითხავი. არადა 4.2 მილიარდზეა საუბარი, რომელიც სულ იზრდება და რამდენიმე წელიწადში ეროვნული ბანკის რეზერვებსაც გადააჭარბებს. ამხელა თანხებში უკონტროლოდ ოპერირება და რამოდენიმე ასეული მილიონის ან მეტის დაკარგვასაც ვერავინ შეამჩნევს....“, - წერს ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში.

ის რომ აუდიტი აუცილებელია, ,,რეზონანსთან" საუბრისას ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, საუბრობს რისკზე, რაც საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხებთან დაკავშირებით რეალურად არსებობს.

,,თანხების დაბანდებასთან დაკავშირებით პრობლემა თავიდანვე იყო. ეს რისკები არსებობდა და არის, არსად წასულა. სახელმწიფოს აქვს ამ თანხების დაბანდების რამდენიმე გზა: ერთია, რომ საბანკო დეპოზიტებზე განათავსოს ან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. სხვა  გზაა აშშ-ს (ევროპის ნაკლებად) სახაზინო ვალდებულებებში დაბანდება, სადაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია. რეალურად საპენსიო დანაზოგებში, რომელიც აკუმულირებულია ლარში და  შემდგომში აბანდებს საპენსიო ფონდი, რა თქმა უნდა, ინფლაცია მეტია, ვიდრე ის შემოსავალი, რომელსაც იღებს  ფონდი დაბანდებების შედეგად. აქედან გამომდინარე, რეალურად ეს წამგებიანია", - განაცხადა ხომიზურაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემაა განსაკუთრებით იმ მხრივაც, რომ საპენსიო ფონდს არ აქვს საშუალება, რომ ფული დააბანდოს საქართველოს ეკონომიკაში.

,,რეალურად გამოდის, რომ დეპოზიტებზე ათავსებენ ამ თანხებს. ბანკები ამ ფულით იკვებებიან, პენსიონერებს და სხვა კატეგორიის მოქალაქეებს თავიანთი ფულიდან აძლევენ სესხებს, ხოლო უცხოეთში თუ აბანდებენ, სხვა ქვეყნის ეკონომიკას კვებავენ. აქედან გამომდინარე, პრობლემა ყოველთვის იყო. ახლა ვარდისფერი სათვალეები მოიხსნეს და ნახეს, რომ საქმე მთლად კარგად  არ არის. ჩვენთან საინვესტიციო ბაზარი არ მუშაობს ისე, რომ საპენსიო ფონდს შეეძლოს  ამ თანხის დაბანდება  ქვეყნის ეკონომიკაში და თან ისე მომგებიანად, რომ გაუფასურებამ ამ დანაზოგებზე არ იმოქმედოს", - დასძინა ,,რეზონანსთან" ხომიზურაშვილმა.

სპეციალისტები სავსებით იზიარებენ საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პოზიციას. ნამდვილად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფონდში აკუმულირებული თანხის სწორი განკარგვა ვერ მოხერხდეს, რაც გრძელვადიან პერიოდში სერიოზულ საფრთხეს შექმნის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვი გაუმძაფრდა საბანკო სფეროს სპეციალისტს, პროფესორ ლია ელიავას, რომლის შეფასებითაც, საქართველოში საპენსიო ფონდი მიშვებულია და არ ხდება რისკების პრევენცია, რაც დიდ პრობლემას შექმნის მომავალში.

,,ეს შეგროვილი თანხა არის ძალიან გემრიელი ლუკმა ყველასთვის, დაწყებული კომერციული ბანკებიდან, მთავრობით დამთავრებული. რას უშვრებიან ამ ფულს, ამაზე რეალურად არ მოგვდის ინფორმაცია. არსებობს კანონმდებლობა, მაგრამ ფული სად არის, უცნობია. ასეთი მიშვებული საპენსიო ფონდი არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ფონდის პრობლემა გააჩნია ყველა პოსტსაბჭოთა სოციალურ რესპუბლიკას, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოს.

მიუხედავად კანონმდებლობის არაერთხელ შეცვლისა და შელამაზებისა, კერძო საპენსიო სქემების დაშვებისა, რეალურად ერთი საპენსიო სქემა მუშაობს. თავდაპირველად არ იცოდნენ სად წაეღოთ და ათავსებდნენ ბანკების ანგარიშზე, ახლა გადაწყვიტეს, რომ რაღაც ინვესტიციები განახორციელონ და გაიტანონ ქვეყნის გარეთ. ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ თანხა შეიჭმევა, ის პირები, რომლებიც მიაღწევენ საპენსიო ასაკს, ფაქტობრივად ვერაფერს მიიღებენ. ასე უკონტროლოდ ამ თანხის ხარჯვა არ არის მიზანშეწონილი და გონივრული. ჯერჯერობით არ არსებობს  მკაცრი ჩამოყალიბებული მექანიზმი, რათა გაკონტროლდეს, სად მიდის ეს ფული, რომელ ფასიან ქაღალდებსა და რომელ ქვეყნებში", - აღნიშნა ლია ელიავამ და დასძინა, რომ გარკვეული ეჭვი არსებობს ასევე იმ ადამაინების მიმართ, რომლებიც ფონდს განკარგავენ, ამიტომ მიზანშეწონილია მკაცრი კონტროლი დაუწესდეთ.

,,გასარკვევია, ადამიანები, რომლებიც მართავენ საპენსიო ფონდს, გააჩნიათ თუ არა ამის გამოცდილება, რამდენად საიმედოდ განკარგავენ ისინი ამ რეზერვს. საკითხი უნდა იყოს კონტროლირებადი მთავრობის მხრიდან. მის დაბანდებაზე პასუხისმგებელ პირებს ფართო ასპარეზი აქვთ იმისთვის, რომ განახორციელონ ისეთი საქმე, რაც არ წაადგება საქართველოს  პენსიონერებს.

ის, რაც რისკინ პაკეტებთან მიმართებაში ითქვა, სრულიად გაუმართლებელია.  ეს გადაწყვეტიულება შეჯერებული და უარყოფილია, მაგრამ წარმოაჩენს უმართავ სიტუაციას, როდესაც  ჩინოვნიკებს შეუძლიათ გადაწყვიტონ დიდი თანხის ბედი საქართველოში - სად წაიღონ, ვისთან განახორციელონ გარიგება უცხოეთში, სად დააბანდონ და სხვა, ასეთი გადაწყვეტილებები სამთავრობო დონეზე უნდა წყდებოდეს, რადგან მასში საბიუჯეტო ფულის ნაწილიც შედის.

დიდი განუკითხაობაა იქ. კანონი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, როცა კომერციული ბანკები ილესავდნენ კბილებს, ემზადებოდნენ და გეგმებს ალაგებდნენ, რას უზამდნენ ამ თანხებს, ყველას თავისი ინტერესი აქვს", - განაცხადა ლია ელიავამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×