ვახტანგ იობაშვილის აზრით, ამჯერად ნავთობიმპორტიორები უფრო ყურადღებით და ფრთხილად იმოქმედებენ
ქეთო გოგოხია
27.11.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტი ოდნავ შემცირდა, თუმცა მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნებულია. როგორც ვიცით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რაც დაკავშირებულია რუსეთის გადაწყვეტილებასთან, რომლის საფუძველზეც ბენზინის ექსპორტი შეიზღუდა. შესაბამისად, საქართველოში რუსეთიდან ამ პროდუქტის იმპორტი გაჩერდა. მართალია, რამდენიმე დღის წინ აკრძალვა გაუქმდა, თუმცა ახლა ბიზნესისთვის მთავარია რამდენად მისაღები იქნება საფასო პოლიტიკა და ისარგებლებს თუ არა ქვეყანა შეღავათიანი, ე.წ. ,,პლატც მინუსის" ტარიფით, რაც თავის დროზე ნავთობპროდუქტების ბაზარზე რუსეთთან დამოკიდებულებას ამყარებდა.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ტენდენცია გარკვეულწილად შეიცვალა და მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 212.3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, საქართველოში 262.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

შემცირება განსაკუთრებით მასშტაბურია რუსეთისგან შეძენილი ნავთობპროდუქტების მიმართულებით. 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რასაც რიგი გამონაკლისები ერთვოდა. ამან, ცხადია, შეამცირა იმპორტი საქართველოში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 42.8%-ით ნაკლები ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. დეტალური სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:

2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველომ რუსეთისგან 157.8 მლნ აშშ დოლარის 163 705 ტონა ნავთობი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 67.6 მლნ აშშ დოლარის 81 608 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

მართალია, იმპორტის მაჩვენებლებში კლებაა, თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, ეს მარაგის ხარჯზე მოხდა.

,,რუსეთიდან იმპორტი შემცირდა იმიტომ, რომ ამ პროცესს პოლიტიკური ელფერი მიეცა. ეს ეხება  ყველანაირ მიმართულებას ეკონომიკაში - პოლიტიკური ენით გველაპარაკებიან.

რაც შეეხება საწვავის იმპორტის შემცირებას, კლება ფიქსირდება რუსეთიდან, მაგრამ მარაგი გვქონდა და ამან ავტომატურად იმოქმედა იმპორტის მაჩვენებლებზე, მოთხოვნა არ შემცირებულა. აქამდე რუსეთი საწვავს გვაძლევდა იაფად - ,,პლატც მინუსით", შესაბამისად, რუსეთიდან შემოსული საწვავი ბევრად იაფი გვიჯდებოდა.

რუსეთიდან შემოდის საგზაო ბიტუმი და თხევადი აირიც, რაზეც შეზღუდვა არ დაწესებულა. თუკი ქართული ბაზრისთვის რუსული საწვავის ფასი არ იქნება მისაღები, ეს პრივილეგია თუ არ შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნას აზრი არ ექნება. მოწოდების რეჟიმი არანაირად არ ახდენს გავლენას იმპორტზე, არც ტრანზიტი შემცირებულა რეალურად,  როდესაც ერთი ბაზრიდან მეორე ბაზარზე ხდება გადართვა, ეს, რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენს", - განაცხადა იობაშვილმა.

მისი შეფასებით,  რუსეთიდან შესასყიდი ფასი თუ არ დაიწევს, საწვავის იმპორტი აზრს დაკარგავს და უპირატესობა ისევ ევროპულ პროდუქტს მიენიჭება. თავის  დროზე, როცა ქართული კომპანიები შევიდნენ რუსულ ბაზარზე  და მომარაგება გააქტიურდა, ამ პროცესს სწორედ ფასმა შეუწყო ხელი.

,,რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დააწესა ჯერ შეზღუდვა და მერე საერთოდ  აკრძალა, რასაც წინ უძღოდა მათ  ტერიტორიაზე გადაზიდვების გაძვირება. ფასიანი გახადა ეს მომსახურება, რამაც თავდაპირველად მცირე ბიჯებით გააძვირა საწვავი.

ახლა აკრძალვა გაუქმებულია და შეგვიძლია რუსეთიდან მივიღოთ ,,რეგულარის“ ტიპის საწვავი იმ პირობით, თუ ტარიფი შეღავათიანი იქნება და ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე იაფი დაჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთიდან ბენზინის იმპორტს აზრი არ აქვს.

 ამ ეტაპზე დიდი უპირატესობით ევროპული საწვავის იმპორტს ვახორციელებთ. თუ არ იქნება უფრო იაფი, ვიდრე ევროპიდან, მაშინ კომპანიები რუსულ საწვავს არ შემოიტანენ; ანუ არსებული „პლატცის“ პოლიტიკით თუ მოგვაწოდებენ, ინტერესი გაქრება, რადგან არც ბიზნესისთვის, არც სახელმწიფოსა და მომხმარებლებისთვის მომგებიანი არ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ რეგულაციამდე რუსული ნავთობის წილი ქართულ ბაზარზე 62.3%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის სექტემბერ ოქტომბერში კი, ანუ მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდა, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი ქართულ ბაზარზე 31.8%-ია.

რუსეთის მთავრობამ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში აკრძალვა დიზელის საწვავის ექსპორტზეც გააუქმოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა ფედერაციის საბჭოში განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვითარება დასტაბილურდა, ბაზარი ამჟამად გაჯერებული, დაბალანსებულია და ამ გადაწყვეტილებებმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ამიტომ აკრძალვა ჯერ ბენზინის ექსპორტზე მოიხსნა, რაც უახლოეს მომავალში დიზელის საწვავზეც გაუქმდება.

მანამდე კი, 2023 წლის 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რასაც რიგი გამონაკლისები ერთვოდა. 6 ოქტომბერს შეზღუდვები მილსადენებით დიზელის საწვავის საზღვაო პორტებში ექსპორტზე გაუქმდა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც შიდა ბაზარს წარმოებული დიზელის, მინიმუმ, 50%-ს აწვდიდნენ. შემდეგ, 17 ნოემბრიდან მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვაც გააუქმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×